ავტორი:

"ჩემმა შვილმა რუს ოლიგარქს თანხა დაუბრუნა... ასეთი საქორწილო საჩუქრები ჩემთვის უჩვეულო არ არის" - ტრამპი

"ჩემმა შვილმა რუს ოლიგარქს თანხა დაუბრუნა... ასეთი საქორწილო საჩუქრები ჩემთვის უჩვეულო არ არის" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, მისმა უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, რუს ოლიგარქ უმარ კრემლევს თანხა დაუბრუნა. კრემლევმა ამ წლის მაისში ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილის შემდგომი სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი დააფინანსა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

  • ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კრემლევის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება თავად მისმა ვაჟმა გადაწყვიტა.

კრემლევის მიერ გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა საჯაროდ არ სახელდება. ProPublica-ს ინფორმაციით, რუსმა ბიზნესმენმა ქორწილის შემდგომი ღონისძიებებისთვის ასობით ათასი დოლარი დახარჯა. ]

თავად დონალდ ტრამპ უმცროსმა და მისმა მეუღლემ კრემლევის მონაწილეობა დაადასტურეს. ბეტინა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კრემლევმა მათ ქორწილის შემდეგ ორი საღამოს ღონისძიებას უმასპინძლა და ეს წყვილისთვის მეგობრისგან მიღებული საქორწილო საჩუქარი იყო.

ამასთან, ბეტინამ განმარტა, რომ თავად ქორწინების ცერემონია 22 მაისს, ოჯახის წევრების მცირე წრეში გაიმართა. კრემლევის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები კი ქორწილის შემდეგ ჩატარდა.

კრემლევი საერთაშორისო კრივის ასოციაციის (IBA) პრეზიდენტია და რუსეთში გავლენიან პირად ითვლება. მას ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვს, ხოლო უკრაინამ მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მიმდინარე წლის აპრილში პუტინმა კრემლევი „მეგობრობის ორდენითაც“ დააჯილდოვა.

დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ვაჟის ქორწილს არ დასწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტრამპის სხვა შვილები — ერიკი, ივანკა და ტიფანი.

კრემლევის მიერ ქორწილის ხარჯების დაფინანსებამ აშშ-ში დამატებითი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ProPublica-მ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა რობერტ გარსიამ საკითხზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ტრამპმა კი კრემლევის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება პრობლემურ საკითხად არ მიიჩნია და თქვა, რომ ასეთი საქორწილო საჩუქრები მისთვის უჩვეულო არ არის.

წყარო