რამდენიმე თვის წინ ჩეჩენი ბლოგერის, ლიმდა იბრაგიმოვას სახელი ინტერნეტში ერთმა უცნაურმა ვიდეომ აქცია ყველაზე სკანდალურ თემად. კადრებში ქალი საკუთარი ქმრის, იმრან ჟულაგოვის, მეორე ქორწილში ცეკვავდა - იღიმოდა, სტუმრებისგან ფულს იღებდა და გარედან ჩანდა, თითქოს ქმრის სხვა ქალზე ქორწინება მას საერთოდ არ ეხებოდა.
თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ღიმილის მიღმა სრულიად სხვა ისტორია იმალებოდა - იმავე ღამეს ლიმდა მანქანაში ტიროდა, დილით კი მაკიაჟი გაიკეთა და ქმრის ქორწილში წავიდა.
რამდენიმე წუთიანმა ვიდეომ ლიმდას ცხოვრება შეცვალა - ინსტაგრამზე მისი გამომწერების რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა, მისი პირადი ცხოვრება კი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ისტორიად იქცა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
2026 წლის თებერვალში ლიმდამ განაცხადა, რომ იმრანს საბოლოოდ დაშორდა. იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კაცს მეორე ცოლთან, ელინა ხატუევასთანაც, ურთიერთობა აღარ ჰქონდა. თითქოს ყველაფერი დასრულდა - პირველი ცოლი წავიდა, მეორე ცოლიც წავიდა, იმრანი კი ორი ქალის გარეშე დარჩა.
"ეს არ იყო ბედნიერების ცეკვა“
ლიმდასთვის იმ ღამის გახსენება მარტივი არ აღმოჩნდა. როდესაც მისი ცეკვის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, ბევრი ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ქალს საკუთარი ქმრის მეორე ქორწილში ასე მშვიდად ყოფნა. თავად ლიმდამ კი მოგვიანებით განმარტა, რომ სინამდვილეში იმ ღამეს საერთოდ არ იყო ბედნიერი. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მანქანაში ტირის და დაწერა, რომ ეს კადრები 2025 წლის 23 ოქტომბრის ღამეს იყო გადაღებული - იმ დროს, როდესაც საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ის, რასაც თავს არიდებდა, რეალობა იყო.

"ეს ვიდეო მათთვისაა, ვინც ამბობდა, რომ ბედნიერი ვცეკვავდი საკუთარი ქმრის ქორწილში. კადრები 2025 წლის 23 ოქტომბრის ღამესაა გადაღებული - მაშინ, როცა მივხვდი, რომ ეს სიზმარი არაა, რეალობაა. მთელი ღამე ვიტირე, დილით კი ავდექი, მაკიაჟი გავიკეთე და ქორწილში წავედი. არა იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი“, - ამბობდა ლიმდა.
ქალის თქმით, ის იმ მომენტში თითქოს არჩევანის წინაშე არც იდგა - უკვე მომხდარი ფაქტის მიღება და საკუთარი შვილებისთვის ოჯახის შენარჩუნების მცდელობა დარჩენოდა.
ლიმდას მონაყოლმა სწორედ ის კადრები შეცვალა, რომლებიც მანამდე ინტერნეტში სრულიად სხვა მნიშვნელობით ვრცელდებოდა. ქალი, რომელიც ათასობით მომხმარებელს ძლიერი და თავდაჯერებული ეჩვენებოდა, სინამდვილეში იმავე დროს საკუთარ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ღამეს გადიოდა.
ერთი ცეკვა და მილიონობით გამომწერი
ლიმდასთვის ეს ყველაფერი პირადი ტრაგედიით არ დასრულებულა. მისი ცეკვის ვიდეომ სოციალური ქსელები მოიარა და ქალი, რომელსაც მანამდე არც ისე ბევრი გამომწერი ჰყავდა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩეჩენ ბლოგერად აქცია.
ჩრდილოეთ კავკასიური გამოცემა Fortanga წერდა, რომ მისი Instagram-ის აუდიტორია რამდენიმე ასეული გამომწერიდან დაახლოებით მილიონამდე გაიზარდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ლიმდას ისტორიას ყოველდღიურად ადევნებდნენ თვალს. ზოგი მხარს უჭერდა, ზოგი კი აკრიტიკებდა, თუმცა ერთი რამ ცხადი იყო - იმ ღამის ვიდეომ ლიმდას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
სწორედ მაშინ გამოჩნდა კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც თითქოს მთელი ისტორია თავდაყირა დააყენა. ქმრის მეორე ქორწილიდან რამდენიმე დღეში იმრანი ისევ ლიმდასთან იყო. როდესაც ყველას ეგონა, რომ იმრანისა და ლიმდას ისტორია დასრულებული იყო, ცნობილი გახდა, რომ მეორე ქორწილიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კაცი პირველ ცოლთან ერთად გაემგზავრა სამოგზაუროდ.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერდა და აღნიშნავდა, რომ იმრანისა და ელინა ხატუევას ურთიერთობაც მალე დასრულდა.

ლიმდამ თქვა, რომ წავიდა
2026 წლის თებერვალში ლიმდამ საჯაროდ განაცხადა, რომ იმრანს დაშორდა. თითქოს ეს საბოლოო გადაწყვეტილებას ჰგავდა. ქალი, რომელიც თვეების განმავლობაში ცდილობდა, ოჯახური კრიზისი გარეთ არ გაეტანა, უკვე აღარ მალავდა, რომ მეუღლესთან ურთიერთობის გაგრძელება მისთვის ძალიან რთული იყო. ლიმდას იმ პერიოდში ორი შვილი ჰყავდა და ამბობდა, რომ სწორედ შვილებისთვის ცდილობდა საკუთარ თავში ძალის პოვნას.

მალე ცნობილი გახდა, რომ იმრანთან ურთიერთობა ელინა ხატუევამაც დაასრულა. ქალმა, რომლის ქორწილშიც ლიმდა რამდენიმე თვით ადრე ცეკვავდა, სოციალურ ქსელში სიმბოლური ტექსტიც გამოაქვეყნა:
„ერთხელ ფინჯანი გამიტეხეს, შემდეგ მისი დაწებება სცადეს. მაგრამ ახლა ამ ფინჯნის ხელში დაჭერის მეშინია... საქმე ფინჯანში კი არა, ნდობაშია“. ელინას ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, რა ხდებოდა სინამდვილეში ამ ურთიერთობებში.
იმრანმა ბოდიში მოიხადა
რამდენიმე თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმრანმა ლიმდას პატიება სთხოვა. ლიმდამ მას აპატია. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მას ოფიციალურად განქორწინებისთვის არ მიუმართავს. უფრო მეტიც, როდესაც მას ეკითხებოდნენ, რატომ არ შორდებოდა ქმარს საბოლოოდ, ლიმდას პასუხი საკმაოდ საინტერესო იყო: „მე სადმე მითქვამს, რომ გავეყრები?“
ლიმდა აღარ ამბობდა, რომ აუცილებლად მიდიოდა. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე სოციალურ ქსელებში მათი ახალი კადრები ვრცელდება.
ისევ ერთად არიან?
ლიმდას ბოლო პერიოდის ვიდეოებში იმრანი ისევ გამოჩნდა. ისინი ერთად არიან კადრებში, დროს ერთად ატარებენ. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებსაც ერთი კითხვა აქვთ - შერიგდნენ თუ არა?
სექტემბრის დასაწყისში მის ერთ-ერთ პოსტზე კომენტარებში მომხმარებლები კვლავ განიხილავდნენ იმრანის დაბრუნებას, დაშორებასა და პატიებას. ამჯერად ლიმდა გამომწერების კითხვებს აღარ პასუხობს.
ქალი, რომელიც მილიონობით ადამიანმა მხოლოდ ერთი მიზეზით გაიცნო, ცდილობს ახლა სერიოზულ ბიზნეს ლედიდ იქცეს და მის დანახვაზე გამომწერებს მხოლოდ ცეკვა აღარ ახსენდებოდეთ.

ზაფხულში მან საკუთარი შოკოლადის ბრენდი NOX შექმნა. ახალი პროექტის წარდგენისას ლიმდა წერდა საკუთარ გეგმებზე, იდეებსა და სურვილზე, რომ რაღაც მისი შეექმნა. თუმცა პროექტი წარმატებული არ აღმოჩნდა. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ბრენდის ბოლო 500 შოკოლადი იყიდებოდა და NOX-ის დახურვა გადაწყვიტა. მისი თქმით, პროექტს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა და სხვა მიმართულებებზე სურდა გადართვა.
სად არის მეორე ცოლი?

ელინა ხატუევამ იმრანთან ურთიერთობა დაასრულა და მაისში უარყო ინფორმაცია, თითქოს ხელახლა გათხოვდა. მისი თქმით, ახალი ურთიერთობა ამ ეტაპზე საერთოდ არ იყო მისი პრიორიტეტი - მას საკუთარი თავისთვის დრო სჭირდებოდა და იმ რთული პერიოდის შემდეგ ცხოვრების თავიდან აწყობა სურდა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული ისტორიის სამი მთავარი პერსონაჟი დღეს უკვე სრულიად განსხვავებულ გზაზე დგას. ელინა იმრანის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ლიმდა ისევ ქმნის კონტენტს და ცდილობს, საკუთარი ისტორია თავიდან დაწეროს. იმრანი კი კვლავ ჩნდება ლიმდას გვერდით.
წაიკითხეთ ასევე: