ავტორი:

დედამიწის ცენტრი სეზონების მიხედვით გადაადგილდება - იქონიებს თუ არა ეს გავლენას ნავიგაციებზე?

დედამიწის ცენტრი სეზონების მიხედვით გადაადგილდება - იქონიებს თუ არა ეს გავლენას ნავიგაციებზე?

დედამიწა ერთი შეხედვით უძრავი და სტაბილური პლანეტაა, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მასის ცენტრი სეზონების ცვლილებასთან ერთად მუდმივად გადაადგილდება. ამის მიზეზი დედამიწაზე წყლის, ყინულისა და ჰაერის მასის გადანაწილებაა.

  • NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მკვლევართა ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის მასის ცენტრი, ანუ წერტილი, რომლის გარშემოც თანამგზავრები ორბიტაზე მოძრაობენ, პლანეტის გეომეტრიული ცენტრის მიმართ ყოველწლიურად რამდენიმე მილიმეტრით იცვლის მდებარეობას.

ეს ცვლილება ძალიან მცირეა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის მნიშვნელოვანია. თანამგზავრული ნავიგაცია, რუკების შედგენა და დედამიწის ზედაპირზე მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა მილიმეტრიან სიზუსტეს ეყრდნობა.

რატომ მოძრაობს დედამიწის მასის ცენტრი?

მთავარი მიზეზი წყლისა და ჰაერის სეზონური გადაადგილებაა. ზამთარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დიდი რაოდენობით თოვლი გროვდება, გაზაფხულზე კი თოვლის დნობისა და წვიმების შედეგად წყალი ხმელეთიდან ოკეანეებში გადაადგილდება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში თოვლის რაოდენობა მაქსიმუმს მარტში აღწევს. შედეგად, დედამიწის მასის ცენტრი დაახლოებით 3 მილიმეტრით ჩრდილოეთ პოლუსისკენ ინაცვლებს.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მუსონური სეზონიც. რეგიონში წყლის მასა ნოემბერში მაქსიმუმს აღწევს და დედამიწის მასის ცენტრის წლიურ რყევაზე დამატებით გავლენას ახდენს.

  • კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ დედამიწის მასის ცენტრის წლიური გადაადგილება წარსულ შეფასებებთან შედარებით ნაკლებია.

ამის დასადგენად მკვლევრებმა, დონალდ არგუსის ხელმძღვანელობით, სატელიტების მოძრაობის უაღრესად ზუსტი მონაცემები გამოიყენეს. მათ GPS-ის მონაცემები, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების ინფორმაცია და სატელიტური ლაზერული გაზომვები გააერთიანეს.

დედამიწის მასის ცენტრის სეზონურ მოძრაობასთან ერთად, მეცნიერები ასევე სწავლობენ ე.წ. პოლარულ მოძრაობას — დედამიწის ბრუნვის ღერძის მდებარეობის ცვლილებას.

2025 წელს გამოქვეყნებული ცალკე კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ყინულის მასის დნობამ და წყლის გლობალურმა გადანაწილებამ შესაძლოა საუკუნის ბოლომდე დედამიწის ბრუნვის პოლუსის მნიშვნელოვანი გადაადგილება გამოიწვიოს.

წყარო