თურქეთში მდიდრული ქორწილით დაწყებულ ისტორიას ახალი დეტალები დაემატა. საქმე, რომელიც თავიდან მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ოქროებით მორთული პატარძლის კადრებს უკავშირდებოდა, სულ უფრო უცნაურ სახეს იღებს.
აღმოჩნდა, რომ პატარძალი სიძეს წლების წინ, მაშინ, როცა თავად ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ძალადობაში ადანაშაულებდა. დღეს კი მისი მეუღლეა.
მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანი, რომელსაც თურქეთში „ვანელი კარა ჰაიდარის“ სახელით იცნობენ და ჩაღლა ოზი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. მათი ქორწილი სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა - განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი პატარძლის მიერ გაკეთებულმა ძვირფასეულობამ მიიპყრო.

ახლა, როცა ქორწილის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს, თურქულმა მედიამ დაახლოებით 10 წლის წინანდელი კადრები იპოვა. ამ კადრებში დღევანდელი პატარძალი სრულიად სხვა ისტორიას ჰყვება.
"თავზე იარაღი დამადო"
2016 წლის სატელევიზიო სიუჟეტში ჩაღლა ოზი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი იყო, მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანზე საუბრობდა. მისი მონაყოლის მიხედვით, მამაკაცს თავდაპირველად მამინაცვალს ეძახდა, რადგან კაცს, დედამისთან ჰქონდა ურთიერთობა და პარალელურად ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა. თუმცა მოგვიანებით მან გოგონას უთხრა, რომ უყვარდა და მასთან ურთიერთობა სურდა.
ჩაღლა ოზი ამბობდა, რომ მამაკაცი მასზე ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ეპიზოდი კი განსაკუთრებით მძიმე იყო - გოგონას თქმით, თანჩალანი სკოლაში მივიდა და მას იარაღი დაადო. იმავე პერიოდში ჩაღლა ოზის დედამ, ნილგიუნ ოზმა, პოლიციას მიმართა და შვილის დაცვა მოითხოვა. საქმე სასამართლომდე მივიდა.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება 2015 წელს მომხდარ მოვლენებს ეხებოდა. ჩაღლა ოზი საქმეში დაზარალებულად იყო წარმოდგენილი, მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანი კი - ბრალდებულად. გოგონა სასამართლოშიც საუბრობდა მის მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე, მათ შორის იარაღის გამოყენებაზე. თანჩალანი კი ბრალდებებს უარყოფდა. მისი თქმით, ისინი შეყვარებულები იყვნენ.

2018 წლის 14 თებერვალს სასამართლომ მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე სააპელაციო სასამართლოშიც გაგრძელდა და განაჩენი 2020 წლის 8 დეკემბერს საბოლოოდ ძალაში შევიდა.
2026 წლის მაისში ჩაღლა ოზმა და მეჰმეთ ფათიჰ თანჩალანმა ნიშნობა აღნიშნეს, მოგვიანებით კი ვანის პროვინციაში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილიდან გავრცელებულ კადრებში ჩაღლა ოზს ოქროსა და ძვირფასი სამკაულების უზარმაზარი რაოდენობა ამშვენებდა. თავიდან ეს ერთი შეხედვით მდიდრული ქორწილად ჩანდა, მაგრამ მალე კი გამოძიება დაიწყო.
97 ნივთიდან 76 ოქრო არ აღმოჩნდა
ქორწილში წარმოდგენილი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება დაახლოებით 43 მილიონ ლირად იყო შეფასებული. გამოძიების ფარგლებში ამოღებული სამკაულების ექსპერტიზა ჩატარდა. შედეგი კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. შემოწმებული 97 ნივთიდან 76 ოქრო საერთოდ არ იყო. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი ოქრო მხოლოდ 19 ნივთში აღმოჩნდა.
ქორწილის კადრებისა და გამოძიების მასალების ფონზე კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ის სიმდიდრე, რომლის დემონსტრირებაც წყვილმა ქორწილში სცადა?
„შოუსთვის იყო გაკეთებული“
თურქული მედიის ცნობით, ჩაღლა ოზმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავადაც ისაუბრა იმაზე, რომ ქორწილში ზოგიერთი თანხისა და საჩუქრის შესახებ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა მხოლოდ სანახაობისთვის ყოფილიყო. მისი თქმით, მეუღლეს უყვარდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს გაცილებით მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე რეალურად.
რაც უფრო მეტ დეტალს არკვევს გამოძიება, მით უფრო ნაკლებად ჰგავს ეს ყველაფერი უბრალოდ მდიდრულ ქორწილს. გამოძიება სწავლობს წყვილის ფინანსურ საქმიანობას, მათი ქონების წარმომავლობასა და იმ ფინანსურ ოპერაციებს, რომლებიც შესაძლოა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებთან იყოს დაკავშირებული.
თუმცა ამ ისტორიის ყველაზე უცნაური ნაწილი მაინც ის რჩება, რაც ჟურნალისტებმა ძველ არქივებში აღმოაჩინეს. ქალი, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ, არასრულწლოვან ასაკში, კაცისგან დაცვას ითხოვდა, ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა, წლების შემდეგ სწორედ ამ კაცის მეუღლე გახდა.
დღეს კი ორივე დაკავებულია და მათი ქორწილის გარშემო დაწყებული გამოძიება გრძელდება.