"მოსახლეობამ უნდა იცოდეს!" - რა შეიძლება გამხდარიყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი: ექიმ გიორგი კამკამიძის მოსაზრება

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს!" - რა შეიძლება გამხდარიყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი: ექიმ გიორგი კამკამიძის მოსაზრება

თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის სავარაუდო გამომწვევის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"დღეისთვის არსებულ მონაცემებს თუ შევაჯამებთ: ცხელება, ღებინება და დიარეა, რომელიც ერთიდაიგივე დღეს გამოვლინდა რამდენიმე ბაგა-ბაღის ბავშვებში; სავარაუდო წყაროდ დასახელებულია როგორც რძის, ასევე ხორცის პროდუქტები.

  • გამოვთქვამ ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს საკვების ბაქტერიულ დაბინძურებასთან და არა ქიმიურ დაბინძურებასთან ან საკვების ე.წ. „გაფუჭებასთან“. ყველაზე მეტად „ეჭვმიტანილ“ ბაქტერიად კი არატიფოიდური სალმონელა მესახება ამ ეპიდაფეთქების მახასიათებლების გათვალისწინებით. მას შეუძლია რამდენიმე საკვების სახეობით გავრცელება, როდესაც ინფექციის წყარო საერთო სამზარეულო ან მიმწოდებელია; ხოლო მისი ტიპური ინკუბაციური პერიოდი და სიმპტომები შეესაბამება დღეისათვის დაფიქსირებულ სურათს.

სანამ ლაბორატორიული კვლევის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეს ჩემი სამუშო ჰიპოთეზაა, თუმცა არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში ბაქტერიოლოგიური ან/და მოლეკულური კვლევები დაადასტურებენ Salmonella-ს, როგორც გამომწვევს.

კვლევები საჭიროა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სხვა პათოგენები: Staphylococcus aureus-ის ტოქსინი, ნოროვირუსი, შიგა-ტოქსინის მწარმოებელი ნაწლავის ჩხირი (E. Coli), რომელთაც ასევე ახასიათებს მსგავსი კლინიკური სურათის გამოწვევა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ჩემი ვარაუდი, როგორც ექიმები ვამბობთ, „სამუშო დიაგნოზია“. რასაკვირველია, საბოლოო პასუხს ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვცემს.

თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი იარაღი მსგავს ინფექციასთან ბრძოლისა არის ორგანიზმის საკმარისი სითხით უზრუნველყოფა" - წერს გიორგი კამკამიძე.

  • ცნობისთვის, ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

„კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: