ქართული ჩაის ინდუსტრიას თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს ქართული ჩაი ხელახლა ეძებს თავის იდენტობას… მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰავა და ნიადაგი უნიკალურ გემოვნურ თვისებებს (ბუნებრივი სიტკბო და ნაკლები სიმწარე) სძენს ჩაის, დარგში რამდენიმე სერიოზული გამოწვევაა… ახლა სწორედ ამას შევეხებით და არა მხოლოდ ამას... ambebi.ge-ს შეკითხვებს პასუხობს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე.
- თითქოს მარტივი, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური შეკითხვით: რას ნიშნავს და რას აერთიანებს ეს ორი სიტყვა - “ქართული ჩაი“?
- ეს ორი სიტყვა არც ისე მარტივია, თუმცა გააჩნია, ვისთვის. პირადად ჩემთვის და ჩვენი მეჩაიეებისთვის ეს არის, პრაქტიკულად, მთელი შეგნებული ცხოვრება, რომელიც ამ საქმეს მივუძღვენით. ამ ორ სიტყვას რომ გაიგონებ, თვალწინ მაშინვე დაგიდგება საქართველოს ეკონომიკა და ის დიდი სარგებელი, რაც ქართულმა ჩაიმ ქვეყანას მოუტანა.
დასავლეთ საქართველოში, მეჩაიეობის რაიონებში, ასეთი ფრაზაც კი არსებობდა: “მთელი დასავლეთ საქართველო ქართული ჩაის აშენებულია“. ამ სიტყვებში გადაჭარბებული არაფერია. ჩაიმ ძალიან ბევრი ადამიანისა და ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმოქმედა დადებითად - ხალხმა კარგი სახლები აიშენა, ცხოვრება მოიწყო. ამასთან, ეს მხოლოდ პირად კეთილდღეობას არ ნიშნავდა, მართლაც დიდ და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ. 90-იან წლებამდე ქართულ ჩაის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცესა და ევროპის გარკვეულ ნაწილშიც კარგად იცნობდნენ.
- კონკრეტულად რომელი რეგიონები იყო ჩართული ჩაის წარმოებაში?
- მეჩაიეობის რეგიონებად ითვლებოდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო: ამჟამად დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა და იმერეთი... იმერეთშიც თითქმის ყველა რაიონი იყო ჩართული - სამტრედია, ხონი, თერჯოლა, ტყიბული, ჭიათურა...
- კლიმატური პირობები ხომ განსხვავებულია, მაგალითად, ზღვისპირეთსა და იმერეთს შორის. როგორ იყოფოდა ხარისხი და რომელი რეგიონის ჩაი ითვლებოდა საუკეთესოდ?
- თუ გადამუშავებას ტექნოლოგიის სრული დაცვით მივუდგებით, პირობები თანაბარია, უკეთესი ხარისხის ჩაი გამოდიოდა იქ, სადაც პლანტაცია ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარეობდა - მაღალმთიან ზონებში - მაგალითად, ტყიბულსა და ჭიათურაში. რაც უფრო მაღალზეა პლანტაცია, მით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა.
- საბჭოთა პერიოდში, კოლმეურნეობების დროს, გეგმის გადაჭარბებით შესრულებაზე იყო აქცენტი. გავრცელებული მოსაზრებით, გეგმის შესასრულებლად სამ დუყს კი არა, უხეშ ფოთლებსა და ტოტებსაც კრეფდნენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- დაახლოებით 1970-იან წლებამდე პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანი იყო. წარმოიდგინეთ, ერთი პატარა ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოთხოვნის 95%-ზე მეტს ამარაგებდა! 70-იანი წლებიდან კი რა მოხდა: საქართველოს ხელმძღვანელობას მოუნდა გარდამავალი წითელი დროშები, ედუარდ შევარდნაძეს - პოლიტბიუროს წევრობა და სოციალისტური შრომის გმირის წოდება. როგორც ღვინოში, ისე ჩაიში - ეს ორი დარგი მაშინ შიდა პროდუქტის 10-12%-ს შეადგენდა - ხარისხის ხარჯზე დაიწყო რაოდენობის გაზრდა.
ნორმალური, მაღალი ხარისხის ჩაისთვის უნდა მოიკრიფოს 2-3-ფოთლიანი დუყები (მაქსიმუმ 4-5-ბუდიანი - შედარებით დაბალი ხარისხისთვის). 70-იანებიდან კი პლანტაციების გაზრდა დაიწყეს: გაზაფხულზე კრეფას არ იწყებდნენ, ელოდნენ ფოთლის გაზრდას და მერე დანით, ნამგლითა თუ ბამბუკის ჯოხებით პირდაპირ ჭრიდნენ მასას.
წესით, 1 ჰექტარი პლანტაციიდან ნორმალური ჩაის მისაღებად 3, მაქსიმუმ 4 ტონა ფოთოლი უნდა მოიკრიფოს. 70-იანი წლებიდან 90-იანების დასაწყისამდე კი 1 ჰექტარზე მოსავლიანობა 10-12 ტონამდე აიყვანეს! ანუ ოთხჯერ მეტს კრეფდნენ, ვიდრე უნდა მოკრეფილიყო. მთელი “ხე-ტყე“ იკრიფებოდა.
ამან გამოიწვია ხარისხის კატასტროფული დაცემა. გარდა ამისა, მწყობრიდან გამოვიდა ფაბრიკების დანადგარებიც, რადგან ისინი ნაზი ფოთლისთვის იყო განკუთვნილი და “ჯოხებს“ ვერ ამუშავებდა. მერე იძულებულნი გახდნენ, ტექნიკური რეორგანიზაცია ჩაეტარებინათ და მანქანები ამ უხეშ ფოთოლზე მოერგოთ, რამაც ხარისხი კიდევ უფრო დაწია. ის უკვე ჩაი კი არა, უბრალოდ ბოროტმოქმედება იყო.
ინდუსტრია და პლანტაციები მორგებული იყო მაქსიმუმ 200 000 ტონა ფოთლის დამუშავებაზე და 600 000 ტონაზე აიყვანეს - სამჯერ მეტზე! შედეგად, ქართულ ჩაის სახელი სრულიად გაუტყდა და ის უხარისხო პროდუქტთან ასოცირდა.
- შემდეგ მოვიდა 90-იანი წლები და ყველაფერი გაჩერდა...
- დიახ, 20-წლიანი ასეთი პოლიტიკის შემდეგ, 90-იანებში მოხდა სრული კოლაფსი. ომი, ეკონომიკური დაღმავლობა - ფაბრიკები გაიყიდა, დაიშალა, განადგურდა. ყველაზე მძიმე და ძნელად აღსადგენი კი ბაზრების დაკარგვა აღმოჩნდა. ქართული ჩაის ტრადიციული ბაზრები მთლიანად დაიკავეს სხვა მოთამაშეებმა - ინდოეთმა, ჩინეთმა, ვიეტნამმა, კენიამ...
- როდიდან დაიწყო დარგის აღდგენის პირველი მცდელობები?
- 2000-იანი წლების დასაწყისიდან, როცა დაინახეს, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იყო და შემოსავლის წყაროებს ეძებდნენ, ისევ ჩაის მიუბრუნდნენ. 2001 წლიდან დაიწყო მცირე სუბსიდირება - წელიწადში 1-2 მილიონი გამოყოფილიყო რეაბილიტაციისთვის, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო. იმპერიისდროინდელი კორუფციის გამო ეს თანხებიც გზაში იკარგებოდა, თუმცა დადებითი ის იყო, რომ ჩაის თემა საერთოდ არ მივიწყებულა.
- კარგი ის არის, რომ ჩაის ბუჩქს, როგორც ცნობილია, გაახალგაზრდავებისა და თვითაღდგენის უნიკალური უნარი აქვს...
- საბედნიეროდ, ჩაის ფესვთა სისტემა ისეთია, რომ მძიმე გასხვლის შემთხვევაშიც კი - ანუ მიწის ზედაპირიდან 10 სანტიმეტრზე რომ გადაჭრა - მცენარე 3 წელიწადში იძლევა პირველ მოსავალს, ხუთ წელიწადში კი სრულად აღდგება.
- აქტიური რეაბილიტაცია როდიდან დაიწყო?
- აქტიური ეტაპი 2015-2016 წლებიდან დაიწყო. მანამდე რთული პერიოდი იყო. გარკვეულ ეტაპზე თხილის აქტიური გაშენება დაიწყეს, შემდეგ - მოცვის. ეკონომისტებმა დაითვალეს, რომ თხილი და მოცვი უფრო რენტაბელური იყო. ამ მიზნით ბევრმა ფერმერმა მოჭრა ჩაი და თხილი დარგო. წლებმა კი აჩვენა, რომ თხილიც და მოცვიც არასტაბილური კულტურებია. თხილის ფასი თურქეთის მოსავალზეა დამოკიდებული - ერთ წელს თუ კარგი ფასი აქვს, მეორე წელს შეიძლება 1 ლარამდე ჩამოვიდეს. მოცვიც 1-2 კვირა იყიდება ძვირად, მერე ფასი კატასტროფულად ეცემა. ვინც ჩაის პლანტაცია გაანადგურა და თხილით ჩაანაცვლა, 80%-ზე მეტმა იზარალა...
- ფაქტობრივად, “ოქრო“ ამოიღეს მიწიდან და გადაყარეს.
- ჩაი შეიძლება მომენტალური რენტაბელობით ჩამოუვარდებოდეს ამ კულტურებს, მაგრამ სტაბილურობით გაცილებით ძლიერია. პროდუქცია მალფუჭებადი არ არის და შეუძლია მყიდველს დაელოდოს... მოკლედ, გავაცნობიერეთ, რომ იმხელა ინდუსტრიასა და საბჭოთა კავშირის მასშტაბებზე ორიენტაციას ვერ და არც გავაკეთებდით და ჩვენი კონცეფცია ასეთი იყო: უნდა ვაწარმოოთ ზუსტად იმ მოცულობისა და იმ ხარისხის ჩაი, რისი გადამუშავებისა და რეალიზაციის საშუალებაც რეალურად გვაქვს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ინსტიტუტთან და დარგის სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა.
პროგრამა ითვალისწინებდა დიფერენცირებულ დახმარებას:
ამ პროგრამით 1600-2000 ჰექტრამდე პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდა.
- დღეს რა ეტაპზე ვართ და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დარგი?
- რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა - დისბალანსი წარმოებასა და რეალიზაციას შორის... თავიდან პირობაში იდო, რომ ბენეფიციარს 3 წლის თავზე მცირე გადამამუშავებელი საწარმოც უნდა აეშენებინა. ამან ბევრი შეაშინა, რადგან საწარმოს მოწყობა 300-400 ათას ლარს მოითხოვდა. მოგვიანებით ეს მოთხოვნა ამოვიღეთ, მაგრამ წამოვიდა მეორე პრობლემა - გასაღების ბაზრები.
თუ რეაბილიტირებულ პლანტაციაზე ფოთოლი ყოველწლიურად არ მოიკრიფა და ექსპლუატაცია არ გაეწია, 1-2 წელიწადში ისევ გაველურდება.
ამიტომ, ასოციაციამ სახელმწიფოს მივმართეთ: დროებით შევაჩეროთ პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსება და ეს რესურსი მივმართოთ მარკეტინგზე, პიარზე, ექსპორტის წახალისებაზე, გამოფენებში მონაწილეობასა და ბაზრების მოპოვებაზე. ამჟამად რეაბილიტაციის პროგრამა შეჩერებულია.
- რა არის შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი?
- ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას:
თურქეთი და აზერბაიჯანი უზარმაზარ სუბსიდიებს აძლევენ თავიანთ ექსპორტიორებს, რის გამოც შიდა ბაზარზეც კი დემპინგურ ფასებში შემოაქვთ ჩაი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სწორი პოზიციონირება.
- რით არის ქართული ჩაი უპირატესი უცხოურ ანალოგებთან (ინდურ, თურქულ, კენიურ) შედარებით?
- მოდით, გულწრფელნი ვიყოთ: შავ ჩაიში ჩვენ ინდოეთის, შრი-ლანკისა თუ სხვა ჩაის კონკურენციას ვერ გავუწევთ. მათთან მთელი წლის განმავლობაში მზეა, ფოთოლი იმდენ ნივთიერებას აგროვებს, რომ ასეთი ნედლეული ჩვენ ბუნებრივად ვერ გვექნება. ინდური ჩაი მაღალტანინიანია, მძაფრია და მწკლარტე. ქართული შავი ჩაი კი უფრო მსუბუქია, ჰაეროვანი და რბილი გემო აქვს. რაც შეეხება მთავარ უპირატესობას:
- ბოლოს, გვესაუბრეთ საერთაშორისო პროექტებსა და “ჩაის რესპუბლიკის“ ინიციატივაზე...
- ფინანსების ნაკლებობის გამო ასოციაციას ბევრი რამის გაკეთება უჭირდა. ბოლო პერიოდში გამოჩნდა დონორი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ორგანიზაცია “ჰელვეტასი“. მათ გურიაში დაიწყეს მუშაობა, შემდეგ კი მასშტაბი გაფართოვდა. მათი მხარდაჭერით შეიქმნა ახალი პლატფორმა - “ჩაის რესპუბლიკა,“ რომელშიც დამფუძნებელ პარტნიორად ჩვენი ასოციაციაც შევიდა.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ჩატარდა ქართული ჩაის კონგრესი გერმანიაში. ევროპელმა იმპორტიორებმა ხელახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის ჩაი არსებობს. წლის ბოლომდე თბილისშიც იგეგმება პიარ-ღონისძიებები, დეგუსტაციები და ლექციები, მომავალი წლიდან კი უფრო მასშტაბური მხარდაჭერის ფაზა იწყება, რაც დიდ იმედს გვაძლევს, რომ ქართული ჩაი ღირსეულ ადგილს დაიკავებს.