ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია ქუჩაში, ნაგვის ურნასთან ნაპოვნ ტილოზე წერს, რომელიც ერთ-ერთმა ქალბატონმა ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
“ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა გუშინ თბილისში გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და მკვლევრის, ქალბატონ ნანა ქარდავას მიერ ნაგავსაყრელზე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის პორტრეტის პოვნას... მეცნიერისა და პატრიოტისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებით ქალბატონმა ნანამ ნახატი დღეს მუზეუმში მოიტანა და ხელოვნების სასახლეს გადასცა. გვინდა მისი მისამართით განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ!
გარდა იმისა რომ ტილო ისტორიულია და მასზე მართლმადიდებლური სამყაროს წმინდანია გამოსახული - ვიტყვით, რომ ნამუშევარს გამორჩეული მხატვრული ღირებულება აქვს. პორტრეტის კომპოზიციური ტიპი აშკარა სიახლოვეს ავლენს დიდი რუსი მხატვრის ილია რეპინის მიერ 1895–1896 წლებში შექმნილ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტებთან. რეპინმა ახალგაზრდა იმპერატორის რამდენიმე ოფიციალური პორტრეტი შექმნა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ნიკოლოზ II-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარადული იკონოგრაფიული ტიპი.
ჩვენს ტილოზე რეპინისეულ ნიმუშებთან განსაკუთრებით საინტერესო პარალელებს ქმნის იმპერატორის პოზა და თავის მობრუნება, მზერის მიმართულება, მუქი სამხედრო მუნდირი წითელი საყელოთი, ოქროს აქსელბანტი, დიაგონალურად დაშვებული პორტუპეა და მარჯვენა ხელის დამახასიათებელი ჟესტი. ეს მსგავსებები გვაძლევს საფუძველს, ამ ეტაპზე ნამუშევარი ილია რეპინის მიერ შექმნილ ნიკოლოზ II-ის პორტრეტულ ტიპს დავუკავშიროთ. უშუალოდ ავტორის დასახელება კი შემდგომ კვლევას მოითხოვს - საჭიროა ტილოს ტექნოლოგიური შესწავლა, ზურგის და შესაძლო წარწერების გამოკვლევა და რეპინის ცნობილი ვარიანტებისა და მათი ასლების დეტალური შედარება.
თავად ის გარემოება, რომ ასეთი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ტილო სრულიად შემთხვევით, განადგურების ზღვარზე, პატრიოტმა მეცნიერმა აღმოაჩინა და დღეს უკვე მუზეუმის კოლექციაშია დაცული, ამ ამბავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალბატონ ნანა ქარდავას ყურადღებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წყალობით კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში სამუდამო განადგურებას გადაურჩა,“ - წერს გიორგი კალანდია.
რეპინი ცნობილია თავისი განსაკუთრებული ოსტატობით ადამიანის ემოციების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სოციალური რეალობის გადმოცემაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა დინამიკით, ფერების სიმდიდრითა და სოციალური სიღრმით. მან შექმნა ეპოქის მრავალი ცნობილი მოღვაწის პორტრეტი, მათ შორის იყვნენ ლევ ტოლსტოი, კომპოზიტორი მოდესტ მუსორგსკი, პაველ ტრეტიაკოვი და სხვა.
სიცოცხლის ბოლო წლები რეპინმა გაატარა თავის კარ-მიდამო “პენატებში“ (კოკალაში, ფინეთი), სადაც გარდაიცვალა 1930 წელს, 86 წლის ასაკში.