ავტორი:

რატომ მღერიან ვეშაპები და როგორ გადაეცემა თაობებს მათი “კულტურა“?

რატომ მღერიან ვეშაპები და როგორ გადაეცემა თაობებს მათი “კულტურა“?

1970 წელს გამოვიდა ბუნების ბგერების ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომი, რომელმაც მსოფლიოს ვეშაპების სიმღერა გააცნო და ამ გიგანტური ცხოველებისადმი კაცობრიობის დამოკიდებულება სამუდამოდ შეცვალა. ცივი ომის პერიოდში წყალქვეშა ნავების მოსასმენად დამონტაჟებული აპარატურით დაფიქსირებული საოცარი ბგერები მოგვიანებით გარემოსდაცვითი მოძრაობის მთავარ ჰიმნად და ვეშაპების გადარჩენის მიზეზად იქცა.

1952 წელს, ცივი ომის პიკზე, ამერიკელი სონარის ინჟინერი ფრენკ უოტლინგტონი ბერმუდის სანაპიროსთან იმყოფებოდა, რათა ოკეანის სიღრმეში საბჭოთა წყალქვეშა ნავები და სეისმური აქტივობა დაეფიქსირებინა. უოტლინგტონი ადრეული ტიპის ჰიდროფონებს იყენებდა - გრძელ კაბელებს, რომელთა ბოლოშიც მიკროფონი იყო დამაგრებული და ოკეანეში ეშვებოდა.

სამხედრო ოპერაციების გარდა, მან ოკეანის სიღრმეში სრულიად უჩვეულო, სევდიანი და შემაშფოთებელი ბგერები ჩაწერა, რომლებიც ხანდახან საათობით გრძელდებოდა. ინჟინერი მიხვდა, რომ ეს ხმები, დიდი სავარაუდოდ, კუზიან ვეშაპებს ეკუთვნოდათ.

1967 წელს უოტლინგტონმა თავისი ჩანაწერები აკუსტიკურ ბიოლოგებს, კეტი და როჯერ პეინებს გაუზიარა, რომლებიც ბერმუდაზე იყვნენ ჩასულნი. როჯერ პეინის თქმით, ეს იყო ყველაზე საოცარი აკუსტიკური წარმოდგენა, რაც კი ოდესმე რომელიმე ცხოველისგან სმენოდა. მკვლევრები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ ეს რთული და მრავალფეროვანი ბგერები მხოლოდ ერთი ცხოველის მიერ იყო გამოცემული.

მკვლევართა ჯგუფმა (როჯერ და კეტი პეინები, სკოტ მაკვეი, ჰელა მაკვეი და ელეანორა დ'არმსი) ჩანაწერების გაშიფვრა დაიწყო. მათ აღმოაჩინეს, რომ ბგერები გრძელ, პროგნოზირებად და რიტმულ ნიმუშებად მეორდებოდა, რაც ზუსტად შეესაბამებოდა სიმღერის განმარტებას. ხშირად ეს სიმღერები ნახევარ საათამდე გრძელდებოდა და კვლავ მეორდებოდა.

საინტერესოა, რომ მოგვიანებით 1949 წელს ბერმუდასთან გაკეთებული კიდევ უფრო ძველი ჩანაწერიც აღმოაჩინეს, თუმცა მაშინ მეცნიერებმა ვერ გააცნობიერეს, რა იყო ეს და ჩანაწერს უბრალოდ “თევზის ხმაური“ უწოდეს.

  • 1970 წელს როჯერმა, კეტიმ და უოტლინგტონმა გამოუშვეს ალბომი “Songs of the Humpback Whale“ (“კუზიანი ვეშაპის სიმღერები“), რომელიც სპეციალურად შერჩეულ 5 ჩანაწერს შეიცავდა.

ალბომმა უდიდესი წარმატება მოიპოვა. გაიყიდა 125 000-ზე მეტი ეგზემპლარი, რამაც იგი ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ბუნების ალბომად აქცია, ხოლო მისი ფრაგმენტი National Geographic-ის 10.5 მილიონ ხელმომწერს გაეგზავნა.

მანამდე ვეშაპები აღიქმებოდნენ როგორც საშიში არსებები (მაგალითად, “მობი დიკში“) ან უბრალოდ ნედლეულის წყარო - ნათების ზეთი, საპონი თუ პარფიუმერიაში გამოყენებული ამბრი. XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისთვის, საუკუნოვანი ნადირობის გამო, ვეშაპების მრავალი სახეობა გადაშენების პირას იყო. კუზიანი ვეშაპების პირვანდელი პოპულაციიდან 5%-ზე ნაკლებიღა იყო დარჩენილი.

  • ვეშაპების სიმღერამ და Greenpeace-ის მიერ გადაღებულმა ჰარპუნით დაჭრილი ვეშაპების ფოტოებმა მასშტაბური საზოგადოებრივი მოძრაობა “Save the Whales“ (“გადაარჩინე ვეშაპები“) გამოიწვია.

1972 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო საზღვაო ძუძუმწოვართა დაცვის აქტი, ხოლო 1982 წელს მიღებულ გლობალურ მორატორიუმს 1985-1986 წლებში კომერციული ნადირობის სრული აკრძალვა მოჰყვა. შედეგად, კუზიანი ვეშაპების პოპულაციამ აღდგენა დაიწყო და დღეს ზოგ ადგილას ისინი ასობით ინდივიდისგან შემდგარ “სუპერ-ჯგუფებადაც“ კი იკრიბებიან.

დღემდე ზუსტად უცნობია, რატომ მღერიან ვეშაპები. ვინაიდან ძირითადად მამლები მღერიან, მიიჩნევენ, რომ ეს დაწყვილებას, მდედრების მიზიდვას ან კონკურენტი მამრების დაფრთხობას უკავშირდება, თუმცა შესაძლოა ეს შორ მანძილზე კომუნიკაციისა და ექოლოკაციის ფორმაც იყოს.

კეტი პეინმა აღმოაჩინა, რომ ერთ რეგიონში მცხოვრები ყველა მამალი დაახლოებით ერთსა და იმავე სიმღერას მღერის, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და ოკეანის ერთი პოპულაციიდან მეორეს გადაეცემა.

გარდა კუზიანი ვეშაპებისა, ცნობილია, რომ ვეშაპები მორზეს ანბანის მსგავსი ტკაცუნით (“კოდებით“) ეკონტაქტებიან ერთმანეთს და რეგიონული დიალექტებიც გააჩნიათ, ხოლო ლურჯი ვეშაპების დაბალსიხშირული ხმა 1 600 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება.

წყარო