ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , - ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა.
ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს.
ამასთან, ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, გურამ დადიანიძის საქმეში გამოჩნდა რამდენიმე ისეთი პირი, რომლებიც აქამდე არ გამოკითხულან. ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა და გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.