იტალია სკოლებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვასა და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
"მალე მინისტრთა კაბინეტს წარედგინება ზომა, რომელიც ლეგალურად განსაზღვრავს კლასში უცხოელი სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობას. ის ასევე მოითხოვს, რომ იმ უცხოელი სტუდენტების მშობლებმა, რომლებსაც სერიოზული სირთულეები აქვთ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის კუთხით, იტალიური ენა ისწავლონ და კრძალავს სკოლებში ბურქასა და ნიქაბს“, - განაცხადა მელონიმ თავისი პარტიის “იტალიის ძმების” ახალგაზრდული ფრთის ყოველწლიურ შეკრებაზე.
„სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ; იტალიაში კი ვერავინ, რაიმე რეალური თუ შესაძლო ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დამალოს“, - განაცხადა მელონიმ.
ცნობისთვის, კვლევითი ორგანიზაცია Fondazione ISMU-ს მონაცემებით, მოსწავლეები, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არ არიან, იტალიურ სკოლებში ჩარიცხულთა 11.6%-ს შეადგენენ.