შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ნაკრების ორი წევრის - 22 წლის შალვა ხაჩიძისა და 33 წლის კახა ამბროლავას ეძებს. ორივე მამაკაცი გაუპატიურებაშია ბრალდებული. ისინი კილმარნოკის სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ, თუმცა სხდომაზე არც ერთი არ მოვიდა. ამის შემდეგ მათი დაკავების ორდერები გაიცა. აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია წერს.
ხაჩიძესა და ამბროლავას ღამის კლუბის ქალთა საპირფარეშოში ქალზე თავდასხმა და სექსუალური ძალადობა ედებათ ბრალად. ბრალდების თანახმად, მათ ქალი საპირფარეშოს კაბინაში შეიყვანეს და გააუპატიურეს, რა დროსაც პირზე ხელებს აფარებდნენ.
საქმეში კიდევ რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი. მათ შორისაა ქალების თვალთვალი. როგორც გამოცემა The Sun წერს, საქმის მასალების მიხედვით, ისინი ქალებს საპირფარეშოებში მიჰყვებოდნენ, ხოლო მობილური ტელეფონით უღებდნენ.
ორივე მამაკაცს ასევე ედავებიან დუმფრისის ერთ-ერთ პაბში მომხდარ ინციდენტს.
ბრალდების მიხედვით, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, პაბის თანამშრომლებს ეკამათებოდნენ და მას შემდეგ, რაც დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, იქ დაბრუნებას ცდილობდნენ.
საქმის მასალებში ასევე ფიგურირებს ქალების გაყოლის შესახებ ბრალდებები. კერძოდ, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ისინი ქალებს დუმფრისის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის High Street-ზე, Queensferry Street-სა და Munches Street-ზე, გაჰყვნენ.
ყველა ეს ეპიზოდი 2024 წლის აპრილით თარიღდება.
სასამართლოს დოკუმენტებში შალვა ხაჩიძისა და კახა ამბროლავას მისამართად საქართველოში, ბორჯომის რაიონში, ბაკურიანია მითითებული.
ორივე მამაკაცი მანამდე გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული და სასამართლოში გამოცხადება ევალებოდა, თუმცა დანიშნულ სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა.
მოსამართლემ მათი დაკავების ორდერების გაცემა მოითხოვა.
Police Scotland-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორდერები გაცემულია და პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
როგორც ირკვევა, ხაჩიძე და ამბროლავა საქართველოს კერლინგის ნაკრების წევრები იყვნენ. გუნდი ტურნირში მონაწილეობისთვის შოტლანდიაში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ შეჯიბრება დატოვა.
World Curling-ის წარმომადგენელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ ორივე მამაკაცი საქართველოს კერლინგის ნაკრების წევრი იყო. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავებთან ითანამშრომლებენ.
ამ დროისთვის შალვა ხაჩიძისა და კახა ამბროლავას ადგილსამყოფელი უცნობია. "ორივე მამაკაცი გაუპატიურებაშია ბრალდებული, მათ წინააღმდეგ კი სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც არის წარდგენილი ბრალდებები. თუმცა მათი ბრალეულობა სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია", - წერს The Sun.
"იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ინციდენტი კერლინგის ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ მოხდა 2024 წელს, მას საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციის რეპუტაციაზე მსოფლიო კერლინგის ფედერაციაში უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევისთანავე ჩამოშორდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მას შემდეგ მათ არც საქართველოს კერლინგის ეროვნულ ნაკრებთან და არც საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციასთან რაიმე სახის კავშირი აღარ აქვთ.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ეროვნული გუნდი სრულიად ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. განახლებულმა შემადგენლობამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას მიაღწია და საქართველოს კერლინგის ისტორიაში პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში.გარდა ამისა, საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციისადმი საერთაშორისო ნდობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ მსოფლიო კერლინგის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ოლიმპიური პროგრამის ნაწილია, საქართველოში, კერძოდ ქალაქ ბათუმში გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 25 ქვეყნის 400–500 სპორტსმენი და ოფიციალური პირი", - აცხადებენ საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციაში.