Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
თამარი:
- თამუნა, მოგესალმებით. პატივს გცემთ... მაინტერესებს, როგორი ბავშვი იყავით - გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა?
- ვიყავი ძალიან კარგი ბავშვი. ვფიქრობ, მშობლების გადმოსახედიდან ძალიან მშვიდი, დამჯერი, წყნარი და არა რთულად აღსაზრდელი - პრობლემური. გარდატეხის ასაკშიც კი ძალიან დამჯერი ვიყავი. ეს, დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად კარგია ბავშვისთვის, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მშობლებისთვის კარგი შვილი ვიყავი.
აღზრდის ცოტა მკაცრი მეთოდი ჰქონდათ, თუმცა ჩემი მშობლები თამაშობდნენ "ცუდ პოლიციელსა“ და "კარგ პოლიციელს“ - ალბათ ისევე, როგორც ყველა ოჯახში. მამა იყო ყოველთვის დამთმობი და ყველაფერზე მეუბნებოდა: "თამუნა, არა უშავს“, დედაჩემი კი მიკრძალავდა რაღაცებს. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ იცოდა, დედაჩემის აზრს ვერ გადავიდოდა და ჩემთვის რაღაცნაირად გული რომ გაეხარებინა.

თინათინი:
- დედა ექიმი იყო და ხომ არ ჰქონდა სურვილი, რომ მის გზას გაჰყოლოდით?
- დედა ექიმი იყო და დედაჩემის უდიდესი სურვილი იყო, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. მისი ყველა მეგობარი ექიმი გახლდათ და მეუბნებოდა: "ძალიან ხელს შეგიწყობ ამ კუთხით, თუ წახვალ“. თან, მით უმეტეს, 90-იან წლებში დიდი ჩაწყობები იყო ყველაფერში, თუნდაც სამსახურებთან დაკავშირებით, და მეუბნებოდა: "გაგიხსნი შენს კლინიკას, იმუშავებ ისე, რომ პრობლემები არ შეგექმნება და არ მოგიწევს გზის თავიდან გავლა“. მაგრამ, მის კვალს არ დავადექი და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ზურაბი:
- ხომ არ განაწყენებული თქვენს მშობლებზე იმის გამო, რომ სანამ ცოცხლები იყვნენ, არ გითხრეს, რომ მათი ბიოლოგიური შვილი არ იყავით?
- ჩემს მშობლებს არაფრის გამო არ ვემდური. ეჭვი არასდროს მქონია, რომ მათი შვილი არ ვიყავი იმიტომ, რომ ისე და ისეთ სიყვარულში გამზარდეს, არ მგონია, თუ აყვანილი შვილი შეიძლება ასეთ სიყვარულში გაიზარდოს.
ნიკა:
- რა მოლოდინი გქონდათ, როდესაც ბიოლოგიური დედის ძებნა დაიწყეთ, როგორი წარმოგედგინათ ის?
- როდესაც ბიოლოგიური მშობლის ძებნა დავიწყე, რა მოლოდინიც მქონდა, ზუსტად ის მოლოდინი გამართლდა. არ მეგონა, რომ ხელგაშლილი შემხვდებოდა, ჩამეხუტებოდა და მეტყოდა: "ვაიმე, შვილო, ეს რა დაგემართაო“. ვგრძნობდი, ალბათ, შინაგანად.
ყველაზე დიდი უცნაურობა ჩემი ბიოლოგიური ოჯახის ძებნისას აღმოჩნდა ის, რაზეც დღეს საერთაშორისო ყურადღებაა მიპყრობილი - საუბარი მაქვს ბავშვების მოპარვის სქემაზე, რომელიც დადასტურებული ფაქტებით 1950 წლიდან ხდებოდა.

თეა:
- ბიოლოგიური მამის პოვნის შემდეგ გააცნობიერეთ და აღიქვით ის, რომ მართლაც თქვენი რეალური მამაა?
- მამა, რომელიც ვიპოვე, კარგ ურთიერთობაშია ჩემს ამყვან ოჯახთან - ვგულისხმობ ნათესავებს (მშობლები გარდაცვლილი მყავს). ნათესავები კარგად არიან განწყობილნი მამის მიმართ, დიდ პატივს სცემენ, ძალიან მოსწონთ და უყვართ.
იმის გაცნობიერება, რომ ის ადამიანი არის ჩემი დედა და ეს ადამიანი არის ჩემი მამა, ცოტა მიჭირს... ანუ დღემდე ვერ ვაცნობიერებ ამას, რადგან 40 წლის ასაკში რომ ხვდები მშობელს, როდესაც ნახევარი ცხოვრება უკვე გავლილი გაქვს, ცოტა რთულია.
ბესო:
- ბევრია ცოცხალი იმ სამედიცინო პერსონალიდან, ვინც ამ გაშვილებების ბნელ ამბებში მონაწილეობდა?
- ძალიან ბევრი ექიმია ცოცხალი და ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე მკვეთრი ფიგურა ბავშვების მოპარვისა და გაყიდვის სქემაში, ცოცხალია. ის ხალხიც, ვინც მფარველობდა ამ საქმეს, ცოცხლები არიან. ექიმებთან შეხება მქონია და არიან ძალიან დიდი აგრესიით ჩემ მიმართ განწყობილნი. რაც შეეხება მფარველებს, მათთან შეხება არ მქონია.

უცნობი:
- რომელი ქეისი მიგაჩნიათ წლების მანძილზე ყველაზე მძიმე იმ აღმოჩენილი ამბებიდან?
- ყველაზე მძიმე ქეისი ჩემთვის მაინც არის აიშადის ისტორია - დაღესტნელი ქალის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში დაბმული და ჩაკეტილი ჰყავდათ წნორში, აუპატიურებდნენ, ბავშვებს აჩენინებდნენ და ამ შვილებს ყიდდნენ... ახლა ვინმე თუ იტყვის, რომ ეს არის ტყუილი - არაერთი დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტია არაერთი არხისა და არაერთი სოციალური გვერდის მიერ გაკეთებული, გადაღებული და დადებული; გამოძიებაც დაიწყო ამ საქმეზე, თუმცა დამნაშავეები ვერ დაიჭირეს, რადგან ეს ქალი დაბრმავებულია ამდენი უბედურებისგან, მეტყველებაც უჭირს და, შესაბამისად, ვერ ხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უბედურება ხდებოდა საქართველოში. ზოგადად ვერ დავუშვებდი იმას, რომ მსგავსი რამ შეიძლება მსოფლიოს რომელიმე მხარეში მომხდარიყო, მაგრამ საქართველოზე მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი.
ვინი:
- მუქარა თუ მიგიღიათ ამ თქვენი საქმიანობის გამო და თუ შეგშინებიათ?
- მუქარა მივიღე ცოტა ხნის წინ და არ მინდა ამ თემაზე დეტალურად საუბარი... თუმცა გადმოცემით იყო ასე ვთქვათ, მუქარები: "აი, გაჩერდეს, თორემ ვესვრით, ამას უზამთ, იმას ვუზამთ“, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვამს - უშუალოდ, პირადად და პირდაპირ არავინ შემხებია... შიში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ სამი ბავშვი მყავს გასაზრდელი და ფეხზე დასაყენებელი. თორემ იმის შიში, რომ ეს სისტემა, რომელიც მე და ჩემი ჯგუფის გოგოებმა შევქმენით, ჩამოიშალოს - ამის შიში არ მაქვს, იმიტომ რომ დედები უჩემოდაც ეძებენ უკვე შვილებს. მათ უკვე გახსნილი აქვთ გზა და იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. შესაბამისად, ჩემი გაჩერებით ეს ტალღა და ეს ხალხი არ გაჩერდება... ჯგუფში არის 340.000-ზე ცოტა მეტი ადამიანი. ძებნისა და მოლოდინის რეჟიმში - დაახლოებით ამის ნახევარი. 1700-ზე მეტი ოჯახი გვყავს დაკავშირებული და ეს - პირადად ჩვენ ვინც ვიპოვეთ და ვინც დავაკავშირეთ. თუმცა, ამის მიღმა, ჩვენ გარეშეც პოულობენ იმიტომ, რომ ჯგუფი უკვე იმდენად გვაქვს აწყობილი, ვიღაც რომ წერს: "აი, ვეძებ ამა და ამ ადამიანს“, ვიღაცები ეხმიანებიან და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ერთმანეთის პოვნა.
ლიკა:
- როგორი იყო თამუნა მუსერიძე "ვეძებამდე“ და "ვეძების“ შემდეგ?
- თამუნა "ვეძებამდე“ იყო ძალიან მხიარული, ძალიან ენერგიული, ძალიან აქტიური. თამუნას ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას მიჰყავდა კონცერტები, ყოველ სადღესასწაულო დღეს მიჰყავდა კონცერტები, იყო წამყვანი, ცხოვრობდა აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით. "ვეძების“ გაჩენის შემდეგ, გარკვეულ კონცერტებზე მე თვითონ ვთქვი უარი. მერე უკვე საახალწლო კონცერტები რომ მოდიოდა, ორგანიზატორებმა, ვინც მირეკავდნენ ყოველ წელს საახალწლო კონცერტებზე, რომ შევეხმიანე, მითხრეს: "თამუნა, არ გეწყინოს, მაგრამ იმდენად მძიმე საქმით ხარ დაკავებული, რომ ახლა კონცერტის წამყვანად ვეღარ წარმოგვიდგენიხარო“. მანდ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ამ სფეროში დამთავრდა.
ხალხის დამოკიდებულებაც რაღაცნაირად არის ჩემ მიმართ ისე, რომ აი, მე არ მეკადრება სადღაც კლუბში წასვლა, ცეკვა, სიმღერა, დალევა, გართობა და დროის ტარება. ახლა ნელ-ნელა ვაცნობ ჩემს თავს ამ კუთხით, იმიტომ რომ დავიღალე იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებაც ჩემდა უნებურად შემექმნა. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც ადრე. აქ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ რაღაც არაადეკვატურად ვიქცეოდე, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაქვს სხვებისთვის მიძღვნილი და უნდა დავიბრუნო ჩემი თავი.
ზუკა:
- თქვენი საქმიანობის პერიოდში თქვენ მიმართ მუდმივად უცხოური მედიების ინტერესს რა იწვევს?
- უცხოური მედია იმდენად არის დაინტერესებული ჩვენი საქმიანობითა და საქართველოში განვითარებული ამბებით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია ამხელა ინტერესი. განსაკუთრებულ ინტერესს (ახლა ისე აღარ, მაგრამ) მთელი სამი წლის განმავლობაში იჩენდა გერმანია. სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ ვიყავი გერმანიაში ინტერვიუებზე, პოდკასტებზე, ჩაწერებზე და იქ ვკითხულობდი: "ხალხო, ანუ რა... რატომ არის ამხელა ინტერესი? აი, რატომ იღებთ ამდენ "დოკუმენტურს“, ხარჯავთ ამდენ ბიუჯეტს კონკრეტულად საქართველოზე?“ ხომ სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, მაგრამ, ალბათ, რადგან ჩვენთან ეს "ბომბი“ ახლა გასკდა, ამიტომ დაინტერესდა უცხოური მედია ჩვენით. კონკრეტულად ამ პერიოდში გერმანიაში მსგავსი ამბავი გასკდა-მეთქი - არა, თუმცა ესპანეთში ახლა დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული და ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა საფრანგეთშიც, ჰოლანდიაშიც, სერბეთშიც... სერბეთში დღესაც ხდება.
მე ქალბატონები რომ დამიკავშირდნენ, სხვათა შორის, ჩასული ვიყავი მათთან. მითხრეს: "მერე შინაურებმა, ახლობლებმა მითხრეს, თამუნა, მოდი, შენ საქართველოს მიხედე და იმათ თავი დაანებე, იმიტომ რომ იქ დღემდე ისეთი განუკითხაობა ხდება, რომ ნუ ჩაერევი, დაანებე სხვა ქვეყანას თავი, მიხედე საქართველოს“. გავჩერდი, იმიტომ რომ იქ მართლა საშიშია.
ყველაზე საამაყო ჩემთვის იყო Warner Brothers-ის ფილმი, რომელიც გადაიღეს ჩემზე და რომელიც გავიდა (HBO)-ზე. აღარ ვიცი, ამის იქით რას უნდა მივაღწიო, ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ Warner-მა ჩემზე გადაიღო ფილმი.

ბესო:
- პოლიტიკაში წასვლა რომ შემოგთავაზონ, რას იზამთ?
- მქონდა შემოთავაზება პოლიტიკასთან დაკავშირებით და ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მირჩია, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი: "იქ რომ წახვიდე, ის სიყვარული, რომელიც ახლა გაქვს ხალხის მხრიდან, აუცილებლად დაგეკარგებაო“. ალბათ, მგონი, ერთადერთი რჩევაა (მისი მხრიდან), რომელიც გავითვალისწინე და ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ არ გადამათქმევინა ეს. რჩევებს ვითვალისწინებ, ვუსმენ, მაგრამ მაინც ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. ხშირ შემთხვევაში, ჩემი გადაწყვეტილება მართლდება.
მარი:
- რაზე ბრაზდებით?
- არაფერზე არასდროს არ ვბრაზდები. ბოლო დროს მივხვდი, რომ არაფერზე და არავისზე არ უნდა გავბრაზდე, იმიტომ რომ ადამიანებზე რომ მაქვს ჩემი წარმოდგენა და ისინი რომ ვერ ამართლებენ ჩემს წარმოდგენას, მათი ბრალი კი არა, ჩემი ბრალია - იმიტომ, რომ არასწორ იმედებს ვამყარებ. ისინი თუ ჩემს იმედებს ვერ ამართლებენ, ეს მათი ბრალი კი არა, ჩემი ბრალია იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ასე უნდა მოიქცნენ.
ნინო:
- რა დოზით მიაწოდეთ შვილებს ინფორმაცია თქვენი თავგადასავლის შესახებ?
- ჩემი უფროსი შვილი, სანდრო, ჩემთან ერთად გადიოდა ყველა ეტაპს და, შესაბამისად, მისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება ასე საჭირო არ გამხდარა. ბავშვებს ეტაპობრივად ვაწვდი ინფორმაციას. მამაჩემის დაბადების დღე იყო იმ დღეს და ბავშვებმა ვერ გაიგეს: "კაცო, მამაშენის დაბადების დღე როგორ არის, ხომ ვნახეთ ის... რა ჰქვია? შოთა! შოთა როგორ არის მამაშენი?“ აი, ნელ-ნელა, ცოტ-ცოტა ინფორმაციას ვაწვდი, რომ მიხვდნენ, რასთან აქვთ საქმე.
ცოტა მკაცრიც ვარ - სულ მინდა, რომ იყვნენ რეჟიმში, სულ მინდა, რომ იყვნენ სუფთად, მოწესრიგებულად, თავის დროზე დაიძინონ, წაიკითხონ... მინდა, რომ თავიდანვე წესრიგს მივაჩვიო, რაც სამწუხაროდ, არ მოსწონთ. მაგრამ, აი, სანდროსთან ვერ ვარ მკაცრი, რადგან მე და სანდრო ერთად გავიზარდეთ. მასთან არც ძიძა მყოლია, არც დამხმარე, ერთად გამოვიარეთ ეს ყველაფერი - მასთან უფრო ვძმაკაცობთ, სიმკაცრე ვერ გამომდის. თუმცა, ღვთის წყალობით, რიდი აქვს და ჯერ ზედმეტს ვერ მიბედავს. სანდრო 17 წლისაა, უკრავს, დაამთავრა დიჯეინგის კურსი. ახლა ვალენსიაში ვიყავით, ბერკლის საზაფხულო სკოლაში და აპირებს გერმანიაში ჩაბარებას მუსიკალური პროდიუსინგის მიმართულებით.
მარიანა არის ზუსტად ჩემნაირი ბავშვი და ძალიან ცუდია ეს, არ მომწონს მისი ხასიათი, იმიტომ რომ არის მორცხვი, აი, ძალიან მორცხვი! მეც მორცხვი ვიყავი (შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ დაახლოებით 20 წლამდე ასე იყო). მიჭირდა ხალხთან კომუნიკაცია, მეგონა, რომ ჩემთან მეგობრობა და თამაში არ უნდოდათ და თუ თვითონ ადამიანი არ გადმოდგამდა ნაბიჯს, მე მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა. ესეც ასეთია და სულ ვეუბნები: "მიდი, დაელაპარაკე, დაეკონტაქტე,“ მაგრამ ის კუთხეში დგას. ეს ძალიან ცუდია და ამაზე ვმუშაობ.
ანიკა სადაც შედის, უცხო გარემოში, ჯერ შედის: "მოვედი!“ აი, საერთოდ არ აინტერესებს, ვის მოსწონს, ვის - არა, ვინ ეთამაშება, ვინ - არა. ჯერ ის არის და მერე ვართ ჩვენ, ყველა დანარჩენი. აღზრდაში მარიანა მომყვება, ანიკა ცოტა მეჯიუტება.
თამარი:
- თქვენი თავის მოვლის რუტინას ვერ გაგვანდობთ? ასევე მაინტერესებს, თუ საიდუმლო არ არის, იცავთ თუ არა დიეტას?
- საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე ცოტა ხნის წინ. დიდად ეს თავის მოვლის რუტინა არ მაქვს - რაღაც ერთი საცხი მაქვს, რომელსაც დილიდან საღამომდე ვიყენებ. ქალბატონების ეს "თვალის კრემი ცალკე, ქუთუთოსი ცალკე, ყვრიმალის ცალკე“ - ეს რაღაცები არ მაქვს. თავს ვუვლი ჯანსაღი ცხოვრებით, მეტ-ნაკლებად ჯანსაღი კვებით, მაგრამ აუცილებლად - ვარჯიშით. ვარჯიში ყოფილა ნარკოტიკი!
მართლა დამოკიდებული ვარ, ვარჯიშზე დამოკიდებული ვარ. ერთი დღე რომ არ ვვარჯიშობ, ცუდად ვგრძნობ თავს, მგონია, რომ ჩემს თავს ვღალატობ და შინაგანი შფოთვა მაქვს. იმიტომ, რომ ვარჯიში რომ დავიწყე და ვხედავ, ჩემი სხეული იმ ფორმებს იღებს, რა ფორმებიც მქონდა ბავშვების გაჩენამდე, იმდენად მსიამოვნებს ეს მდგომარეობა და, თან, ეს უარყოფითი ემოციები, რაც გროვდება მთელი დღის განმავლობაში, ვარჯიშის დროს რომ გამომაქვს, ძალიან სასიამოვნოა. ყველას ვურჩევ, ივარჯიშოს. შეიძლება ვიღაცას არ აქვს იმის საშუალება, რომ დარბაზში მივიდეს, მაგრამ ფეხით იაროს, სახლში ივარჯიშოს - ძალიან შველის სტრესს, ნერვიულობას, ცუდ ხასიათს.
ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ალბათ, დამჭირდა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა შეასრულეს ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის როლი. მე თვითონ ვიმუშავე ჩემს თავზე. ჩემი ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც, დიეტოლოგიც და ენდოკრინოლოგიც იყო ჩემი მწვრთნელი, რომელმაც ეს ყველაფერი უარყოფითი გამომატანინა გარეთ.
ნანიკო:
- რას ეტყოდით მაყურებელს, მკითხველს თქვენი გამოცდილებიდან, განვლილი ცხოვრებიდან?
- ვინც ახლა გადის რთულ ეტაპს, ვიცი, რომ ძალიან რთულია, მაგრამ მათ მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება! აუცილებლად, სხვანაირად არ შეიძლება - კანონზომიერია ეს ცხოვრება და დღეს თუ ცუდად ხარ, ხვალ აუცილებლად კარგად იქნებით.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/9udY2jw72HI?si=woPCkXD4ejOgtpvN" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>