13 წლის მოსწავლემ რომში მასწავლებლის წინააღმდეგ თავდასხმა წინასწარ დაგეგმა - შეიარაღდა ორი დანით, გაიკეთა ჩაფხუტი, დაიმაგრა კამერა - შემდეგ მასწავლებელს სახეზე სპრეი შეასხა და სამი ჭრილობა მიაყენა. მისი მიზანი იყო ყველაფერი გადაეღო და ონლაინ გაევრცელებინა. ქალი გადარჩა, თუმცა ახლა გამოძიება კიდევ ერთ ვერსიას ამოწმებს - ხომ არ იდგა მოზარდის უკან ონლაინ ჯგუფი ან ვინმე, ვინც მას თავდასხმისკენ უბიძგებდა.
მოზარდი სკოლაში დაგვიანებით მივიდა და ჩანთაში ორი დანა ჰქონდა. პირდაპირ საკლასო ოთახში არ შესულა - ჯერ საპირფარეშოში შევიდა, სადაც თავდასხმისთვის მოემზადა. მას ეკეთა ჩაფხუტი, რომელზეც კამერა იყო დამაგრებული, ჩაიცვა ხელთათმანები, აიღო წიწაკის სპრეი და დანები ტანსაცმელში დამალა. შემდეგ კი საკლასო ოთახისკენ წავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, მოზარდი ონლაინ კონტაქტობდა გარკვეულ პირებთან და თავდასხმის გადაღებას ცდილობდა. გამოძიებამ მოგვიანებით მისი ტელეფონიდან ჩათების შესწავლა დაიწყო.
თავდასხმამდე მას ონლაინ ჩატში გამოუქვეყნებია შეტყობინება:
"ბიჭებო, მერე საინფორმაციო გამოშვებას უყურეთ.“
შემდეგ კამერა ჩართო.
საკლასო ოთახში შესვლისთანავე 13 წლის ბიჭმა მასწავლებელს სახეში წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი დანით რამდენჯერმე დაარტყა. მასწავლებელმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ თავდამსხმელი არ საუბრობდა.
თავდასხმის შეჩერება სხვა მოსწავლემ შეძლო - 13 წლის ბიჭმა კონგოდან, რომელიც თავდამსხმელს მივარდა და ხელი დაუჭირა, რის შედეგადაც მან დამატებითი დარტყმების განხორციელება ვეღარ შეძლო. მასწავლებელი გადარჩა. ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
მაგრამ მომხდარის ყველაზე ემოციური ნაწილი სწორედ ამის შემდეგ გაირკვა.
გადარჩენილი მასწავლებელი ამბობს, რომ 13 წლის თავდამსხმელის ჩახუტება სურს და რომ ახლა უფრო მეტად ნანობს, რომ მანამდე ვერ გააცნობიერა, რამდენად ღრმა პრობლემები ჰქონდა მოზარდს.
ამავე დროს, მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა იმ კონგოელ მოსწავლეს, რომელმაც თავდამსხმელი შეაჩერა.
კონგოელი მოსწავლე იტალიაში მშობლების გარეშე ჩავიდა და არასრულწლოვანთა სპეციალურ საცხოვრებელში ცხოვრობს. თავდასხმის დროს სწორედ ის მივარდა 13 წლის თავდამსხმელს, დანა წაართვა და მასწავლებლის გადარჩენა შეძლო.
პოლიციამ 13 წლის ბიჭის სახლში მცირე არსენალი აღმოაჩინა. მის ოთახში იპოვეს softair-ის თოფი, რამდენიმე მჭიდი, დანები, ჩაფხუტი და ჰაერის პისტოლეტი.
გამომძიებლები ახლა მოზარდის ტელეფონსა და ონლაინკონტაქტებს ამოწმებენ.
გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდეს "ვირტუალური ხელმძღვანელობა“ - ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოზარდს ინტერნეტის საშუალებით თავდასხმისკენ უბიძგებდა და ასწავლიდა ეს როგორ გაეკეთებინა.
ANSA-ს ინფორმაციით, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ იმ ოთხი ადამიანის ვინაობა, რომლებიც Telegram-ზე მოზარდის ანგარიშთან იყვნენ დაკავშირებული და თავდასხმას ონლაინ ადევნებდნენ თვალს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა უცხოელი იყოს.
თავად მოზარდმა გამოძიებას უთხრა, რომ მასწავლებელი "სძულდა“ და თავდასხმა უკავშირდებოდა მის მიერ მიღებულ ორ დაბალ შეფასებას - იტალიურსა და ისტორიაში. ერთ-ერთი საგნის შეფასების გამოსწორება სწორედ იმ დღეს უნდა ეცადა.
თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა თავად მასწავლებლის ძველი Facebook-პოსტები.
მარსილიოს ჰქონდა მიგრაციასთან დაკავშირებული მკვეთრი პოზიციები და "რემიგრაციის“ მხარდამჭერი პოსტები. ამის გამო თავდასხმის შემდეგ საზოგადოების ნაწილის ყურადღება მოულოდნელად თავად მსხვერპლის პოლიტიკურ შეხედულებებზე გადავიდა. ქალმა კი განაცხადა, რომ თავის შეხედულებებს არ უარყოფს.
ამ ყველაფერში ყველაზე ირონიული დეტალი ის არის, რომ ქალი სწორედ იმ ადამიანმა გადაარჩინა, რომლის წარმოშობაზეც მისი პოლიტიკური შეხედულებები შესაძლოა კრიტიკის მიზეზი გამხდარიყო - კონგოელმა მოსწავლემ.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი ნატალია ლალი შოშიაშვილი, რომელმაც დაწერა, რომ იტალიურ ოჯახში ათი წელი მუშაობდა და სწორედ ამ მასწავლებლის ოჯახთან ჰქონდა შეხება.
მისი თქმით, იზაბელა მარსილიოს კარგად იცნობდა - ქალი ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი იყო, მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იტალიური ენის სწავლაშიც ეხმარებოდა.
"რა ადვილია თურმე ადამიანის მიწასთან გასწორება. 10 წელი ვიმუშავე ერთ იტალიურ ოჯახში, მოხუცთან. მისი შვილი იყო პედაგოგი. ასე მითხრა, მე ვერასდროს შევძლებდი იმას რასაც შენ აკეთებ "Hai un fegato", ანუ მფრინავის გული.
კარგი ურთიერთობა მქონდა, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი იყო, ენაც ვისწავლე მისი დახმარებით.
გუშინ 13 წლის მოსწავლემ განზრახ, სამზარეულოს დანით დაჭრა. გადარჩა, მაგრამ... შეძვრნენ მის ფეისბუკში, რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას უჭერდა მხარს. იმის მაგივრად, რომ ხალხმა განიხილოს 13 წლის ბიჭმა ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინა. ვიდეოკამერა ჰქონდა და ყველაფერს იღებდა: როგორ ჩაიდო დანები, როგორ გაიკეთა ნიღაბი და როგორ წავიდა კლასში მოსაკლავად, ალბათ გაინტერესებთ რისთვის: საშემოდგომო ჰქონდა იტალიელს იტალიურში, დღეს ყველა მის კრიტიკაშია - როგორ გაბედა პედაგოგმა ოპოზიციური პოსტების დადება ფეისბუქზე. ქალი მიწასთან გაასწორეს. ესეც თქვენი იტალიური დემოკრატია", - წერს ქართველი ემიგრანტი.