გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ორ რეგიონულ არჩევნებში ცუდი შედეგი აჩვენა.
პარტიამ ხმების მხოლოდ 4.9% მიიღო და 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩა. ეს CDU-სთვის 1949 წლის შემდეგ რეგიონულ არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგია.

ამავე არჩევნებში პირველი ადგილი "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დაიკავა 38.3%-ით, მეორე ადგილზე კი სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) გავიდა 35.4%-ით.
CDU-მ მხარდაჭერა დაკარგა ბერლინშიც, სადაც არჩევნებში "მემარცხენეებმა“ (Die Linke) გაიმარჯვეს. პარტიამ ხმების 25.3% მიიღო.

"რეფორმები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
"ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას. ამას ვაჩვენებ, როგორც CDU-ის თავმჯდომარე და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი“, - თქვა მერცმა.
საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დილით გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, კვირას გამართულ არჩევნებში AfD-მ ხმების 38,2% მიიღო. “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” (SPD) კი, რომელსაც მხარის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, ხმების 35.5% მოიპოვა.
წინასწარი შედეგების თანახმად, მხარის პარლამენტში მოხვედრა კიდევ ორმა პარტიამ შეძლო: სოციალისტურმა "მემარცხენე პარტიამ“ (6.5%) და "მწვანეთა პარტიამ“ (5.7%).
Deutsche Welle წერს, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა” (CDU) კატასტროფული მარცხი განიცადა და პარლამენტში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან არჩევნებში ხმების მხოლოდ 4.9% მიიღო.
ამასთან, წინასწარი შედეგებით, ბერლინში "მემარცხენე პარტიამ“ ხმების 25.3% მიიღო, “ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა” - 19%, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის“ - 16%, “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” - 12.1%.
რაც შეეხება გერმანიის სხვა მხარეებში წელს გამართულ არჩევნებს, მარტში ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში "მწვანეთა“ პარტიამ გაიმარჯვა, ასევე მარტში, რაინლანდ-პფალცში გამართულ არჩევნებში კანცლერ ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა” გაიმარჯვა, ამასთან 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტშის მხარეში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).