სინდი კროუფორდის ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ ჰოლივუდი შეძრა - 27 წლის პრესლი გერბერი 20 სექტემბერს ლოს-ანჯელესის რეაბილიტაციის ცენტრში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მონაცემებით, აუტოფსია ჯერ არ დასრულებულა. ოჯახმა კი საზოგადოებას პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდა.
პრესლი გერბერი იმ ოჯახში გაიზარდა, რომელსაც გარედან თითქმის სრულყოფილს უწოდებდნენ. დედა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, მამა - წარმატებული ბიზნესმენი რენდი გერბერი, და - მოდელი და მსახიობი კაია გერბერი. მაგრამ ცნობილი გვარი და უზარმაზარი შესაძლებლობები ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ახალგაზრდა ბიჭს საკუთარ თავთან ხანგრძლივი ბრძოლა აერიდებინა.
მისი ცხოვრების ბოლო წლები დეპრესიასთან, პანიკურ შეტევებთან, დამოკიდებულებასთან და მკურნალობის რთულ გზასთან იყო დაკავშირებული. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ პრესლი საკუთარ პრობლემებს არ მალავდა. პირიქით - ბოლო წლებში მათზე საუბარი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია.
სახეზე საფირმო ხალი
პრესლის გარეგნობაზე საუბრისას ერთი დეტალი განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას. მას დედისგან არა მხოლოდ გარეგნობა, მუქი წარბები და მოდელის აღნაგობა ერგო, სინდის ცნობილი ხალიც მემკვიდრეობით მიიღო.
2018 წელს სინდი ამბობდა, რომ კაიას ეს ხალი არ ერგო, პრესლისგან განსხვავებით. ახალგაზრდა მამაკაცს ერთ დროს მისი მოცილება სურდა და დედამ ექიმთანაც წაიყვანა, თუმცა ექიმმა ზუსტად ის ურჩია, რასაც წლების წინ სინდის დედა ეუბნებოდა: ნაწიბური შესაძლოა ხალზე უარესი ყოფილიყო. საბოლოოდ პრესლიმ მისი დატოვება გადაწყვიტა.

ბიჭი, რომელსაც მოდელის კარიერა ელოდა, პრესლი უოკერ გერბერი 1999 წლის 2 ივლისს კალიფორნიაში დაიბადა. ის სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის უფროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო. ორი წლის შემდეგ ოჯახში კაია დაიბადა. სინდისა და რენდის შვილებს ფაქტობრივად ბავშვობიდანვე უწევდათ კამერების წინ ყოფნა. ორივემ მოგვიანებით სამოდელო კარიერა აირჩია. ბიჭი მოდის სამყაროში მოზარდობის ასაკში გამოჩნდა. 15 წლის ასაკში უკვე მონაწილეობდა გადაღებებში, 16 წლისამ კი Moschino-ს ჩვენებაზე პოდიუმზე გაიარა. მოგვიანებით მისი სახელი უკავშირდებოდა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Calvin Klein და Tommy Hilfiger.
2018 წელს კი პრესლი დედასთან ერთად კამპანიაში გამოჩნდა, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია - მან 18 წლის ასაკში სინდი კროუფორდის ლეგენდარული 1992 წლის Pepsi-ს რეკლამაში ხელახლა ითამაშა. კამპანია Super Bowl-ის პერიოდში გამოვიდა და დედა-შვილის ერთობლივმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. იმ პერიოდში ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს პრესლის წინ დიდი სამოდელო კარიერა ელოდა. მაგრამ მისი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

2020 წელს პრესლიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც მაშინვე მიიქცია მედიის ყურადღება. 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა სახეზე, თვალის ქვემოთ, სიტყვა "Misunderstood“ - "არასწორად გაგებული“ დაიწერა.
ტატუს ცნობილმა არტისტმა JonBoy-მ გაუკეთა. სწორედ მან გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "Sorry mom“ - "ბოდიში, დედა“, რაც აშკარა მინიშნება იყო სინდი კროუფორდზე. ტატუს გამო პრესლი კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ თავად ამბობდა, რომ სხვებმა არ იცოდნენ, რას გრძნობდა.
"არ იცით, რას ვგრძნობ, ჩემს თავში არ ხართ“, - ამბობდა ის და ხსნიდა, რომ სიტყვა "Misunderstood“ სწორედ იმის გამოხატულება იყო, რომ მას ბოლომდე ვერ უგებდნენ. მოგვიანებით ტატუ მოიშორა. 2021 წელს ფოტოებზე სახეზე მისი კვალი უკვე აღარ ჩანდა. თუმცა სიტყვა, რომელიც მან საკუთარ სახეზე დაიტოვა, წლების შემდეგ მისი ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.
პრესლის პრობლემები მხოლოდ გარეგნულ იმიჯს ან სკანდალურ ტატუს არ უკავშირდებოდა. 2019 წელს ის დააკავეს. ბიჭი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მოგვიანებით სასამართლომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, სპეციალური პროგრამის გავლა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო დაუწესა. წლების შემდეგ პრესლი უკვე ღიად საუბრობდა იმაზე, თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში.
მისი ბრძოლა დამოკიდებულებასთან, ფსიქიკურ პრობლემებთან და პანიკურ შეტევებთან თანდათან საჯარო გახდა.
2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში მან პირდაპირ ისაუბრა იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემის სამართავად იღებდა, მათ შორის ბუპრენორფინზე, ქსანაქსა და ვალიუმზე.
"15 ფსიქიატრთან ვიყავი“, - ამბობდა პრესლი და იხსენებდა, რომ ექიმებისგან ხშირად განსხვავებულ რეკომენდაციებს იღებდა. მისი თქმით, მას სურდა უფრო მკაფიო ინსტრუქცია, ზუსტად სცოდნოდა, რა უნდა მიეღო და როდის.
"არ მომცეთ ამდენი თავისუფლება. მიმართულება მჭირდება“, - ამბობდა ის. პრესლი ამავე ვიდეოში ამბობდა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი დანაკარგი ჰქონდა განცდილი და სწორედ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა მის მდგომარეობაზე. ის ცდილობდა ალკოჰოლისთვისაც თავი დაენებებინა და ამბობდა, რომ აღარ სურდა იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც მასზე კარგ გავლენას არ ახდენდნენ.

"მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან“
პრესლის სოციალური ქსელები მხოლოდ ცნობილი მოდელის ცხოვრების ამსახველი ფოტოები აღარ იყო. ის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ცდილობდა და პერიოდულად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრობდა. მისი მიზანი იყო, საკუთარი შეცდომებისა და გამოცდილების შესახებ ლაპარაკით სხვა ადამიანებისთვის დახმარება გაეწია.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ მისი ოჯახი წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების დეტალებს საჯაროდ თითქმის არასდროს განიხილავდა. პრესლისთვის კი დუმილი გამოსავალი აღარ იყო.
2026 წლის მარტში პრესლიმ კიდევ ერთი პირადი ამბავი გააზიარა, სადაც მკურნალობაზე საუბრობდა. ის ერთ-ერთი პრეპარატით მკურნალობის პროცესს აღწერდა. პრესლი იმედოვნებდა, რომ ეს მისი რეაბილიტაციის ბოლო მცდელობა იქნებოდა და რომ საბოლოოდ შეძლებდა დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. მისი სიტყვებიდან ჩანდა, რომ ბრძოლა დასრულებული არ იყო, მაგრამ არც იმედი ჰქონდა დაკარგული.
სწორედ ამიტომ მისი გარდაცვალება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მათთვის, ვინც მის საჯარო ბრძოლას თვალს ადევნებდა.
პრესლის მდგომარეობაზე ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი კომენტარი მისმა დამ, კაია გერბერმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა. 2026 წლის აგვისტოში Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან ძმის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ პრესლის არ ეხებოდა - ის მთელ ოჯახზე აისახებოდა.
მან ასევე აღიარა, რომ ხშირად ცდილობდა "მარტივი შვილის“ როლი ჰქონოდა და მშობლებისთვის დამატებითი საზრუნავი არ გამხდარიყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი დამოკიდებულება პრესლის საჯარო გულწრფელობის მიმართ.
კაია ამბობდა, რომ მათი მშობლები ცხოვრების უმეტეს ნაწილში ძალიან ჩაკეტილები იყვნენ და პირად პრობლემებზე არ საუბრობდნენ. ახლა კი, მისი თქმით, პრესლი თითქოს ოჯახის "მასწავლებლად“ იქცა - ადამიანად, რომელიც ამბობდა, რომ საკუთარი სირთულეების დამალვას აღარ აპირებდა.
"მსოფლიოსგან ყველაფერს ვერ დამალავ“, - ამბობდა კაია საკუთარ ძმაზე საუბრისას.
სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ოჯახი წლების განმავლობაში ცდილობდა შვილების პირადი ცხოვრება საჯარო ინტერესისგან დაეცვა. მაგრამ პრესლის პრობლემები იმდენად სერიოზული გახდა, რომ მათი დამალვა უკვე შეუძლებელი იყო.
2026 წლის ივლისში, 27-ე დაბადების დღეზე, სინდი შვილს საჯაროდ მიულოცა. "იმდენად ვამაყობ იმ კაცით, როგორიც გახდი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის პატარა ბიჭად დარჩები“, -წერდა სუპერმოდელი.
ბოლო ფოტოები და ბოლო დღეები
პრესლის ბოლო საჯარო პერიოდის ფოტოებში ისევ ჩანს ის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გარეგნობაც წლების განმავლობაში მოდის სამყაროს აინტერესებდა - მაღალი, ქერა, გამოკვეთილი სახის ნაკვთებით და დედის ცნობილი ხალით. მაგრამ მის უკან უკვე სრულიად სხვა ისტორია იდგა. 27 წლის ასაკში პრესლი კვლავ რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა. 20 სექტემბერს ის გარდაიცვალა.
მის ისტორიაში ყველაზე მძიმე ალბათ სწორედ ის კონტრასტია, რომელიც მისი ცხოვრების ბოლო წლებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა:

მსოფლიო ხედავდა სინდი კროუფორდის ულამაზეს ვაჟს, მოდელს, ცნობილ ოჯახში გაზრდილ ბიჭს - თავად პრესლი კი ცდილობდა ყველასთვის ეთქვა, რომ გარეგნული სრულყოფილების მიღმა ადამიანი შეიძლება ძალიან მძიმე ბრძოლას გადიოდეს.
ის საკუთარ შეცდომებზე საუბრობდა, დახმარებას ეძებდა, მკურნალობის სხვადასხვა გზას ცდილობდა და იმედოვნებდა, რომ მისი გამოცდილება სხვას მაინც გამოადგებოდა.