ავტორი:

ბრიჯიტ ბარდოს ბალერინები, ბრილიანტის ბეჭდები და “კამასუტრა“ აუქციონზე გაიყიდება - პარიზში ლეგენდარული მსახიობის ნივთების გამოსაფენად ემზადებიან

ბრიჯიტ ბარდოს ბალერინები, ბრილიანტის ბეჭდები და “კამასუტრა“ აუქციონზე გაიყიდება - პარიზში ლეგენდარული მსახიობის ნივთების გამოსაფენად ემზადებიან

გასული წლის დეკემბერში, 91 წლის ასაკში გარდაცვლილი ფრანგი მსახიობისა და მოდელის, ბრიჯიტ ბარდოს პირადი ნივთები პარიზში აუქციონზე გამოაქვთ. აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მსახიობის ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

პარიზის ცენტრში მდებარე “დრუოს“ სააუქციონო დარბაზებში ბარდოს თაყვანისმცემლები მასობრივად იკრიბებიან, რათა აუქციონზე გამოტანილი 300-მდე ლოტი დაათვალიერონ. აუქციონზე წარმოდგენილი ნივთები მსახიობის სენ-ტროპეს ორ სახლსა და პარიზის ბინას ეკუთვნოდა, რომლის ცალკეული კუთხეების რეკონსტრუქციაც საგამოფენო სივრცეში განხორციელდა.

“გაყიდვაში არსებული თითოეული ნივთი ინახავს ბედნიერი მომენტისა და მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპის კვალს. ისინი მოგვითხრობენ როგორც ქალის, ისე ლეგენდის ისტორიას“, - განაცხადა მსახიობის მრავალწლიანმა მდივანმა ფრანკ გილუმ.

აუქციონი იძლევა შესაძლებლობას, მსურველებმა შეიძინონ ის ყოველდღიური ობიექტები, რომლებიც ოდესღაც მსახიობის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ავეჯთან, ტანსაცმელთან, რელიგიურ ქანდაკებებთან, სამკაულებსა და კლასიკურ გიტარებთან ერთად, აუქციონზე გამოტანილია სამზარეულოს ჭურჭელი, Le Creuset-ის ტაფები, სანთებელები და “კამასუტრას“ პირადი ეგზემპლარიც კი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მექანიკური საბეჭდი მანქანა, რომლითაც ბარდო თავის მიმოწერასა და ავტობიოგრაფიას წერდა, ასევე Peugeot-ს მარკის ველოსიპედი და Repetto-ს ტყავის ბალერინების ორი წყვილი. პროფესიონალმა ბალერინამ, ბარდომ Repetto-ს ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი მას შემდეგ, რაც კომპანიას სთხოვა, მისთვის ბალერინების ყოველდღიური ვერსია შეექმნათ.

გარდა ამისა, აუქციონზე წარმოდგენილია ვარსკვლავის პორტრეტების დიდი კოლექცია, რომელთა შორის ზოგიერთი ეროტიკული შინაარსისაა. ფრანკ გილუს თქმით, ბრიჯიტი ამბობდა, რომ არ სურდა მთელი დღე საკუთარი სახისთვის ეყურებინა, რის გამოც ნახატები კედლებზე ჩამოკიდებული არ ჰქონდა, თუმცა მათ მაინც ინახავდა, რადგან მხატვრებს იცნობდა ან ეს სურათები მისთვის რაიმე მნიშვნელობას ატარებდა - ყველა მათგანი საჩუქარი იყო.

ბრიჯიტ ბარდო XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალბატონად მიიჩნევა. 1950-იანი წლებიდან, როგორც მოდელმა და მსახიობმა, მან თანამედროვე ქალურობისა და სექსუალური რევოლუციის სიმბოლოს სტატუსი მოიპოვა, მოგვიანებით კი აქტიურად ჩაერთო ცხოველთა უფლებების დაცვის საქმიანობაში.

თუმცა, სიცოცხლის გვიანდელ წლებში იგი ასევე გააკრიტიკეს ჰომოფობიური განცხადებების გამო და რამდენჯერმე დააჯარიმეს რასობრივი შუღლის გაღვივებისთვის.

სააუქციონო სახლ Millon-ის წარმომადგენლის, სესილ დიუპუის განცხადებით, ლოტების უმეტესობის სასტარტო ფასი 100 ევროზე ნაკლებია, თუმცა ვაჭრობის პროცესში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

წყარო

იხილეთ ასევე: