ეს სამედიცინო ისტორიაში ყველაზე ცნობილი და ოფიციალურად დაფიქსირებული რეკორდი ეკუთვნის შოტლანდიელ ენგუს ბარბიერის. 1965 წელს, 27 წლის ასაკში, ენგუსი 207 კილოგრამს იწონიდა. ექიმების მეთვალყურეობით მან დაიწყო შიმშილობა, რომელიც 382 დღეს გაგრძელდა.
ფაქტი “გინესის რეკორდების წიგნის“ 1971 წლის გამოცემაში - “ბარბიერის 382-დღიანი შიმშილობა“ ყველაზე ხანგრძლივ დაფიქსირებულ შიმშილობად იყო აღიარებული.
ენგუს ბარბიერი 1939 - 7 სექტემბერს შოტლანდიაში, კერძოდ ტეიპორტში დაიბადა... მისი შიმშილობა 1965 წლის 14 ივნისიდან 1966 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ტეიპორტში, საკუთარ სახლში ცხოვრებისას ის იკვებებოდა მხოლოდ ჩაით, ყავით, გაზირებული წყლით, ვიტამინებითა და საფუარის ექსტრაქტით, ხოლო სამედიცინო შეფასებისთვის ხშირად სტუმრობდა მერიფილდის საავადმყოფოს. ბარბიერი თითქმის 207 კგ-დან 82 კგ-ზე ჩამოვიდა, დაიკლო 125 კგ და რეკორდი შიმშილობის ხანგრძლივობაში დაამყარა.
ენგუს ბარბიერი ტეიპორტში იტალიელი მშობლების ოჯახში იყო დაბადებული, რომლებიც შემწვარი თევზისა და კარტოფილის მაღაზიას მართავდნენ. ჭარბი წონის გამო, მას ხშირად სჭირდებოდა დახმარება ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში. როდესაც ბარბიერი 1961 წლის აპრილში უემბლის სტადიონზე “ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატზე“ გაემგზავრა, ხალხის მთელი ჯგუფი გახდა საჭირო, რომ ის ავტობუსის კარში შეეძვრინათ. ვინაიდან სტადიონის ტურნიკეტშიც ვერ ეტეოდა, პოლიციის გუშაგმა ის ჭიშკრიდან შეიყვანა.
1965 წელს, 27 წლის ასაკში, ბარბიერი დანდის მერიფილდის საავადმყოფოში დარეგისტრირდა. თავდაპირველად მხოლოდ მოკლევადიანი შიმშილობა იგეგმებოდა. ექიმებს მიაჩნდათ, რომ მოკლე შიმშილობა სჯობდა ხანგრძლივს. ბარბიერი ითხოვდა გაგრძელებას, რადგან ის იმდენად კარგად შეეგუა პროცესს, რომ ძალიან ეჩქარებოდა თავისი “იდეალური“ წონის მიღწევა. ცდუნების თავიდან ასაცილებლად მან მიატოვა მუშაობა მამის მაღაზიაში, რომელიც შიმშილობის პერიოდში დაიხურა კიდეც. შიმშილობის პროგრესირებასთან ერთად, მან საჭმლის ჭამის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. 382 დღის განმავლობაში გარდა იმისა, რომ იღებდა ჩაის, ყავას, გაზირებულ წყალს, ვიტამინებს და საფუარის ექსტრაქტს, ხანდახან სასმელში რძეს ან შაქარს ამატებდა, განსაკუთრებით შიმშილობის ბოლო კვირებში.
ბარბიერმა მკურნალობა საავადმყოფოში დაიწყო, თუმცა 382 დღის უმეტესი ნაწილი სახლში გაატარა და საავადმყოფოს ამბულატორიული შემოწმებებისთვის, მათ შორის, სისხლისა და შარდის ანალიზებისთვის სტუმრობდა. მას მერე, რაც შიმშილობა შეწყდა და მან მიაღწია თავის მიზნობრივ წონას, მომდევნო ათი დღის განმავლობაში, მყარი საკვების მისაღებად მომზადების მიზნით, ექიმებმა მას ჯერ მარილის, შემდეგ კი შაქრის დიეტა დაუნიშნეს. ამის გამო ზოგიერთი წყარო შიმშილობის ხანგრძლივობად 382 დღის ნაცვლად 392 დღეს მიუთითებს.
უჭმელად გატარებული 1 წლისა და 26 დღის შემდეგ, ენგუს ბარბიერმა პირველი მყარი საკვები მიიღო 1966 წლის 11 ივლისს, დილის 10 საათზე: მოხარშული კვერცხი და კარაქიანი პურის ნაჭერი. შეკრებილ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს მან განუცხადა: “დამავიწყდა, როგორი გემო აქვს საჭმელს... კარგად “წავიდა“. ცოტა სავსედ ვგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე.“
“გინესის რეკორდების წიგნის“ 1971 წლის გამოცემაში ბარბიერის 382-დღიანი შიმშილობის ყველაზე ხანგრძლივ დაფიქსირებულ შიმშილობად აღიარების შემდეგ, 2026 წლის მონაცემებითაც, ბარბიერი კვლავ ინარჩუნებს რეკორდს მყარი საკვების გარეშე ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობისთვის. თუმცა გინესი აქტიურად აღარ ახალისებს შიმშილობასთან დაკავშირებულ რეკორდებს არასაიმედო და საფრთხის შემცველი ქცევის პრევენციის მიზნით.
ექიმები გაოცებულები იყვნენ ბარბიერის უნარით გაჰქცეოდა ჭამის ცდუნებას საავადმყოფოში დაწოლის გარეშე. მიღწეული შედეგი მან ესპანეთში სამკვირიანი შვებულებით აღნიშნა, ხოლო 1973 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბარბიერი ინარჩუნებდა ჯანსაღ წონას - 89 კგ-ს. დასკვნა იყო ასეთი - “ამ პაციენტში ხანგრძლივ შიმშილობას უარყოფითი შედეგები არ მოუტანია“. იგი საცხოვრებლად უორვიკში გადავიდა, დაქორწინდა და ორი ვაჟი შეეძინა. ბარბიერი გარდაიცვალა 1990 წლის სექტემბერში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 51 წლის ასაკში... 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა წონას და ჯანმრთელობას...
სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებს ექსტრემალურად სწრაფად დაუკლიათ დიდი წონა (მაგალითად, ბარიატრიული ოპერაციების - კუჭის “დაპატარავების“ შემდეგ პირველ თვეში 15–20 კგ), თუმცა მეთვალყურეობის გარეშე ერთ თვეში რეკორდული წონის დაკლება იწვევს: გულის არითმიასა და გაჩერების რისკს (ელექტროლიტების დისბალანსის გამო), კუნთოვანი მასის დაშლას, ნაღვლის ბუშტში კენჭების სწრაფ წარმოქმნას, ნივთიერებათა ცვლის მკვეთრ შენელებას.
ექიმების რეკომენდაციით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მდგრადი წონის დაკლების ტემპი თვეში 2-დან 4 კილოგრამამდეა.