გასულ ოთხშაბათს, “დრამატული“ ფოტოს გადაღების მცდელობისას, ტურისტების ჯგუფი ორეგონის შტატის ერთ-ერთ სანაპიროზე ზღვის მოქცევამ ხაფანგში მოაქცია.
გამოცემა The Oregonian-ის ცნობით, ფოტოგადაღების იდეა სახიფათო თავგადასავლად მას შემდეგ იქცა, რაც სამი მოგზაური ტილამუკის ოლქის ყურეში ჩავიდა.

იზოლირებულ სანაპირომდე მისასვლელად, რომელსაც “Lost Boy Beach“ ეწოდება, ვიზიტორებს ბასრი კლდეებით სავსე რთული ბილიკითა და შემდეგ გამჭოლი საზღვაო გამოქვაბულის გავლით სანაპიროზე გასვლა უწევთ.
მაშველები ერთ-ერთმა ტურისტმა გამოიძახა, რომელმაც 911-ში დარეკვა თანამგზავრული კავშირის მეშვეობით შეძლო.
ხელისუფლების ცნობით, ადგილზე გაშვებულმა დრონმა ადამიანების ჯგუფი ხმელეთის ბოლო, მოქცევისგან გადარჩენილ მცირე მონაკვეთზე აღმოაჩინა, სადაც მათ ჯოხებით “SOS“ ჰქონდათ გამოსახული.

ზღვის ღელვისა და ძლიერი ტალღების მიუხედავად, სამაშველო ჯგუფმა სანაპირო ზოლის მშრალი მონაკვეთების გავლით სამეულთან მიღწევა შეძლო. ტურისტებს სამაშველო ჟილეტები ჩააცვეს, წყლის ნაკადი გადაალახვინეს და ყურიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში დაეხმარნენ.
მცირეოდენი დაჟეჟილობების მიუხედავად, სამივე მათგანი ინციდენტს თითქმის უვნებლად გადაურჩა.