Google Earth-ის მიერ გადაღებულმა ფოტოსურათმა, შოტლანდიის ლოხ-ნესის ტბაში, გაურკვეველი წარმოშობის მასა დააფიქსირა, რამაც ერთ-ერთ ტურისტს აფიქრებინა, რომ ეს შესაძლოა იდუმალი წყლის “მონსტრის - ნესის პატარა ოჯახი იყო“.

ჯული ფრეიზერმა კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე სამი ამოუცნობი სხეული გასულ კვირას აღმოაჩინა. მან გამოსახულებები “ლოხ-ნესის დაფიქსირების ოფიციალურ რეგისტრატორს“ გადაუგზავნა და ახლა დადასტურებას ელოდება, გახდება თუ არა ეს მიმდინარე წელს ლეგენდარულ არსებასთან შეხვედრის მე-17 “დადასტურებული“ შემთხვევა.

“სურათის გადიდების და ახლო დათვალიერებისას გამოჩნდა, რომ ისინი ნავებს არ ჰგვანან. უფრო ვეშაპებს ან მსგავს არსებებს მოგაგონებთ, ოდნავ მოხრილი ზურგით“, - განმარტავს ფრეიზერი.
ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ფოტოზე აღბეჭდილ სამ სხეულს უკან V-სებრი კვალი არ მოსდევს, განსხვავებით იქვე მყოფი საექსკურსიო ნავისგან. ჯულის განმარტებით ეს დეტალი ტბაზე მოძრავი წყლის ტრანსპორტის ვერსიას გამორიცხავს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუ აღმოჩენა დადასტურდა, ეს იანვრიდან მოყოლებული ლოხ- ნესის “იდუმალი მობინადრის” ციფრულად დაფიქსირებული მესამე შემთხვევა იქნება. მიმდინარე წელი ლეგენდარული არსებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, უკვე აღრიცხულია უშუალოდ ადგილზე თვალით ნახვის 14 და ონლაინ-კამერით დაფიქსირების 2 შემთხვევა.