მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული საავტომობილო წარმოების სექტორი ამჟამად ღრმა კრიზისში იმყოფება. წარმოების მაღალი დანახარჯები, აშშ-ის სადამსჯელო ტარიფები, ჩინეთის მხრიდან მზარდი კონკურენცია და ელექტრომობილებზე გადასვლის რთული პროცესი ინდუსტრიაზე უარყოფითად მოქმედებს.
ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Volkswagen, Mercedes-Benz და BMW, წარმოების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ უკვე განაცხადეს. სექტორში სამუშაო ადგილები უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერ სხვა ინდუსტრიულ დარგში.

მაგალითად, Volkswagen - ი ათწლეულის ბოლომდე გლობალური პერსონალის 15%-ის, ანუ 100 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. BMW-მ განაცხადა, რომ 2027 წლის ბოლომდე 8 000-მდე სამუშაო ადგილს (შტატის 5%-ს) შეამცირებს. ბაზრის მძიმე პირობებისა და გლობალური კონკურენციის ფონზე, ათასობით თანამშრომლის გაშვებას გეგმავენ ავტონაწილების მწარმოებელი ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა Bosch და ZF Friedrichshafen.
ავტოინდუსტრიის ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო კონკურენტებთან შედარებით, გერმანიაში შრომის დანახარჯები გადაჭარბებულია. საკონსულტაციო კომპანია Oliver Wyman-ის ანგარიშის თანახმად, გერმანიაში თითო ავტომობილზე შრომის საშუალო დანახარჯი 2 882 ევროს ($3 307) შეადგენს, მაშინ როცა იაპონიაში ეს მაჩვენებელი $769-ია, ხოლო ჩინეთში - $597.

გერმანელ ავტომწარმოებლებს სურთ, თანამშრომლებმა არსებული 35 საათის ნაცვლად ხელფასის მომატების გარეშე, 40 საათი იმუშაონ, რაც მათი განმარტებით, კომპანიების კონკურენტუნარიანობას გაზრდის. პროფკავშირები ამ ინიციატივას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან და მას დასაქმებულთა უფლებებზე შეტევად აღიქვამენ, გავლენიანი პროფკავშირი, IG Metall-ის ხელმძღვანელის, კრისტინ ბენერმა განაცხადებით, დასაქმებულები უკვე დათანხმდნენ ხელფასების შემცირებასა და რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების დათმობებს, თუმცა ახლა ეუბნებიან, რომ ეს საკმარისი არ არის.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, გერმანიის საწარმოო ლოკაციებზე შრომის დანახარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია, თუმცა ეს ცალკე აღებული ინდუსტრიის ღრმა სტრუქტურულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
ისინი აღნიშნავენ რომ კონკურენტული უპირატესობის დასაბრუნებლად გერმანელმა ავტომწარმოებლებმა მომხმარებელს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილები უნდა შესთავაზონ, დიდძალი ინვესტიცია ჩადონ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნურ ინტელექტში და გააუმჯობესონ წარმოებისა და კვლევა-განვითარების პროცესების ეფექტიანობა.
ამასთანავე, გერმანიას ენერგეტიკის, გადასახადების, ბიუროკრატიის შემცირებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით კონკურენტუნარიანი გარემო სჭირდება, ასე რომ ქვეყანას წინ რთული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები ელის.