საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეს, მარკ ჯექსონს ეძებენ. როგორც მისი მეუღლე “ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მამაკაცი საქართველოში რუსეთის ვიზის ასაღებად ჩამოვიდა და უკვე 3 თვეა აქ იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდში ოჯახმა მასთან კონტაქტი დაკარგა.
დაკარგული კაცის მეგობარი 2 დღის წინ თბილისის პოლიციაში მივიდა, თუმცა სამართალდამცველებმა განუცხადეს რომ ბოლოს ბრიტანეთის მოქალაქე ქუთაისში ნახეს და ქუთაისის პოლიციაში გადაამისამართეს.
“მე მქვია ოლგა. ვეძებ ჩემს მეუღლეს მარკ ჯექსონს. ის ბრიტანელია და კარგად საუბრობს რუსულად. ვშიშობთ, რომ საქართველოში პრობლემები აქვს. მე და ჩემი სამი შვილი მადლობლები ვიქნებით თუ ვინმე დაეხმარება მას და შესაძლებლობას მისცემს ოჯახს დაურეკოს.
არ ვიცით ახლა სად იმყოფება. სამთვენახევრის წინ ჩავიდა საქართველოში. თავდაპირველად თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ რუსეთის ვიზის აღება სცადა მაგრამ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე ეგონა. გამოელია თანხა, მოუხდა სამსახურის ძებნა და ბევრ ადგილას გადაადგილდებოდა. ბოლოს ის ქუთაისთან ახლოს ცხოვრობდა. მოგვწერა რომ ფეხი დაიზიანა და ვერ დადიოდა.
17 სექტემბერს ჩავიდა ქუთაისში და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა,“ - აცხადებს მამაკაცის მეუღლე.