ავტორი:

"გიგა რომ დაიჭირეს, მერე მივიტანე კადრები ტელევიზიაში" - მძიმე ბრალდება და 17-წლიანი პატიმრობა მოქალაქისთვის, რომელმაც პოლიციელების შიდა ჩათიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა: რას ჰყვება დედა?

"გიგა რომ დაიჭირეს, მერე მივიტანე კადრები ტელევიზიაში" - მძიმე ბრალდება და 17-წლიანი პატიმრობა მოქალაქისთვის, რომელმაც პოლიციელების შიდა ჩათიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა: რას ჰყვება დედა?

IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ და მას უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა. მოსამართლემ ის ციხეში 17 წლით გაუშვა. კვიცარიძეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცავებმა კვიცარიძე იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ბრალდება ამბობს, მას ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოუღეს. ამ ბრალს თავიდანვე არ ეთანხმებოდა ბრალდებული გიორგი კვიცარიძე და მისი ოჯახი. მისი დედა დარწმუნებულია, რომ შვილი პოლიციის მხილებისთვის დაისაჯა.

ეთერ კვიცარიძის თქმით, სწორედ მისმა შვილმა მოიპოვა ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები. საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, როცა პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი სწორედ ამ ვიდეოკადრების მოპოვების შემდეგ დააკავეს და რომ მას "პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკები".

პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები შემდეგ მედიის ხელში აღმოჩნდა და თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა. ამ კადრებში კარგად ჩანს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში პოლიციელები როგორ ძალადობენ მოქალაქეებზე. როგორ ურტყამდნენ ოთახში მყოფ მოქალაქეს წიხლებს და მუშტებს, სანაცვლოდ კი მისგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდნენ.

ამ ფაქტს მაშინ დიდი ხმაური მოყვა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმაც გააკეთეს განცხადება, ფაქტი დაადასტურეს და თქვეს, რომ ამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის 3 პოლიციელს ბრალი წაუყენეს.

  • ბრალდებულის დედა ეთერ კვიცარიძე დღეს იმასაც ამბობს, რომ მის შვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც დაჰპირდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ის არ გაავრცელებდა მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ სხვა კადრებს.

"ჩემს შვილს მიუსაჯეს 17 წელი, ამ კადრების გამო, რომელიც მთელმა ქვეყანამ ნახა. დედაშენს იმაზე უარესს ვუზამთ, რაც მაგ კადრებშიაო, - ეუბნებოდნენ მას. მე ხომ გავამჟღავნე მაშინ ეს კადრები, სიგარეტებს რომ აწვავენ ახალგაზრდა ბიჭებს სხეულზე და როგორ აშიშვლებენ მათ. სასწაული კადრები მაქვს ჩემი თვალით ნანახი. ის ხუთი კადრი, რომელიც მაშინ გავრცელდა, მე მქონდა ტელეფონში. მოსამართლეს ეს რომ ვუთხარი, მითხრა, მაგისთანა კადრები თუ გაქვთ, თბილისში წაიღეო. არც დაინტერესდა ამით. ჩემი შვილი ამ გავრცელებული ხმაურიანი კადრების გამო ასე ისჯება, არ ვიცი რა მეშველება", - ამბობს დედა, ეთერ კვიცარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტელევიზიამდე კადრები თვითონ მიიტანა.

როგორც ცნობილია, IT სპეციალისტმა გიორგი კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერაში შეაღწია და ასე მოიპოვა ღირსების შემლახველი კადრები, რასაც პოლიციელები თავად იღებდნენ და შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ. მსჯავრდადებული გიორგი კვიცარიძის ადვოკატი ოთარ რუხაძე ამბობს, რომ ამ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში, ანუ სააპელაციო სასამართლოში და მას იმედი აქვს, რომ იქ რამე შეიცვლება.

ადვოკატს ჯერჯერობით დასაბუთებული განაჩენი სასამართლოდან არ ჩაბარება, ამიტომ მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებებით დაასაბუთებს გამოტანილ ვერდიქტს მოსამართლე.

ოთარ რუხაძე, კვიცარიძის ადვოკატი:

- 7 სექტემბერს დადგა ამ საქმეზე განაჩენი. ჩემი აზრით, ნარკოტიკების რეალიზაციის ნაწილში ძალიან სუსტია ბრალდება მტკიცებულებებში. ჩემს დასაცავს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, ერთია, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, ამ ბრალს ისიც აღიარებს. ამბობს, მე მქონდა ნარკოტიკი, რადგან ვარ მომხმარებელი და პირადად მოვიხმარდი, პირადი მოხმარებისთვის მინდოდა, მაგრამ რაოდენობა ცოტა მქონდაო. არ მქონდა იმდენი, რამდენიც მოგვიანებით ვითომ ჩემგან ამოიღესო. შესაბამისად, თავად გიორგი კვიცარიძე ბრალს დებს პოლიციის თანამშრომლებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობა ჩაუდო.

- გამოდის ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება და აღიარებს, რომ ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობა ნამდვილად ჰქონდა.

- თვითონ ამბობს ბრალდებული, რომ ჰქონდა ცოტა, პირადი მოხმარებისთვის, თუმცა საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მისგან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი, ამბობს, ამდენი მე არ მქონდაო და როგორც გითხარით, აბრალებს იმ პოლიციელებს ნარკოტიკის ჩადებას, ვინც ჩაატარა მისი ჩხრეკა.

- თვითონ ბრალდებულიც უკავშირებს დაკავებას პოლიციის სამხილი კადრების მოპოვებას?

- დიახ, უკავშირებს სწორედ მაგას. ამბობს, რაღაც კადრები მქონდა მე და ეს გაიგო პოლიციამ და ამიტომ მომიწყვეს ეს ყველაფერიო. ამას ამბობდა ბრალდებული ყველა სასამართლო პროცესზე.

- ბრალდებულის დედა იმასაც ამბობს, თავიდან საპროცესოსაც სთავაზობდნენ ჩემს შვილს კადრების არ გასაჯაროების სანაცვლოდო, ამას ადასტურებთ?

- ცოტა ისეთი ნათქვამია, თავიდან იყო საუბარი საპროცესოზე, კონკრეტულად რაიმე პირობებს არ სთავაზობდნენ, მაგრამ შემოთავაზება, საუბარი ნამდვილად იყო საპროცესოზე, მაგრამ მერე რატომღაც პროკურატურამ თქვა უარი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. მიზეზს არავინ ასახელებს. რატომ არ გაუკეთეს, მიზეზს ზოგადად არასდროს არ ამბობენ პროკურატურაში. თავიდან იყო საუბარი, ჩვენ არ მიგვიმართავს, საუბრის დონეზე იყო და როცა უკვე უნდა მიგვემართა, ამ დროს თვითონ გითხრეს უარი.

- ბრალდებული როგორ შეხვდა 17-წლიან სასჯელს?

- არ ვიცი რა გითხრათ, გაოგნებულია ადამიანი, ამას ნამდვილად არ ელოდა.

- რა მტკიცებულებები წარადგინა პროკურატურამ?

- დასაბუთებული განაჩენი ჯერ ხელთ არ გვაქვს, მხოლოდ სამოტივაციო ნაწილია ჯერ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ეს არის ბრალდებულის ჩხრეკის ოქმი და არიან პოლიციელები, რომლებიც დაკითხულები არიან, რომლებმაც გაჩხრიკეს ის. ისინი ამტკიცებენ რომ მისგან ამოიღეს ამ რაოდენობის ნარკოტიკი, საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც და ბოლოს მოვიდა დნმ-ის ექსპერტიზის შედეგებიც. ამ დასკვნითაც დადასტურდა, რომ მას შეხება ჰქონდა ამ ნარკოტიკთან. ჩვენ არ ვეთანხმებით რა თქმა უნდა ამ განაჩენს და აუცილებლად გავასაჩივრებთ ერთვიან ვადაში სააპელაციო სასამართლოში.

კვიცარიძე ნასამართლობის არ მქონე პირია. რაც შეეხება მის პოზიციას, ამბობს, რომ მისი დაკავება სწორედ ამ კადრების გამო მოხდა. თუმცა ამ თვალსაზრისით მის ამ საქმეში საერთოდ არაფერი არ დევს და ვერც ჩაიდებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ სამართლებრივად ამ საქმეს ეს არ ეხება. იმას გიდასტურებთ, რომ ყოველ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ცალსახად ამბობდა, რომ ეგ ყველაფერი მას მოუწყვეს იმის გამო, რომ ჰქონდა ფირები პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც თავად ამბობს, არის პროგრამისტი, კომპიუტერულ სისტემებში ერკვევა ძალიან კარგად. მუშაობდა კიდევაც ამ სპეციალობით, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში.

  • მართალია ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დასაცავი აღიარებს ნარკოტიკის მოხმარებას, თუმცა თავად ბრალდებულის დედა კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ მისი შვილი იძულებული გახდა ეს ეთქვა, რადგან მას დედაზე ზემოქმედებით ემუქრებოდნენ.

"ცალსახად ვამბობ, ჩემი შვილის დაკავება უკავშირდება ამ ხმაურიან კადრებს. ჩემს შვილს პირდაპირ პროკურორი ემუქრებოდა. მას უთქვამს გიგასთვის, აღიარე დანაშაული, თორემ იცოდე იმ კადრებში რაც არის, იმაზე უარესს ვუზამთ დედაშენსო. ამის შემდეგ იძულებული გახდა და მოაწერა ჩემმა შვილმა ხელი იმაზე, რომ ვითომ მისი იყო ის ნარკოტიკი, რომელიც მას ჩაუდეს და თითქოს მომხმარებელია. ჩაუდეს ჯიბეში, ეს მოუწვეს ჩემს გიგას და ამ კადრების გამო ისჯება ის დღეს. პროკურორი რომ შევიდა მასთან, უთხრა, მომეცი ის კადრებიო. ალბათ გაინტერესებთ ისიც, საიდან მივიდა მათ ყურამდე ამ კადრების არსებობა. ჩემი შვილი კლინიკაში მუშაობდა, იქ გაიცნო ერთი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც სთხოვა წაჰყოლოდა მას ახალქალაქში, რადგან მან არ იცოდა რუსული. გიგამ კარგად იცის რუსული, განათლება რუსულად აქვს მიღებული. წლების მანძილზე ვცხოვრობდით რუსეთში და უკრაინა რუსეთის ომის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. მე მანამდეც ვეუბნებოდი ჩემს შვილს, ეს ადამიანი არ მომწონს - მეთქი, მაგრამ გიგა ძალიან მიმნდობი, ალალი ადამიანია, ეტყობა მასთან თქვა, რომ ჰქონდა პოლიციის ძალადობის ამსახველი კადრები და აჩვენა კიდეც ერთი კადრი. მერე ამ ადამიანმა მეც მითხრა ერთ დღეს, მაჩვენე ეს კადრებიო. გაკვირვებულმა ვუთხარი რა კადრები მეთქი. ისიც იცოდა, რომ ჩემს ტელეფონში იყო ეს კადრები. ეტყობა ესეც ჩემმა შვილმა უამბო მას...

ჩემი შვილი ამ მთავრობას და რუსებს ლანძღავდა სოციალურ ქსელშიც, საბოლოოდ ეტყობა ვიღაცებმა, ვფიქრობ, ამ ადამიანისგან გაიგეს ამ კადრების არსებობის შესახებ და დაიწყო გიგას დევნა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკები ჩემს შვილს. გიგა ძალიან ნიჭიერი ადამიანია, აქედან მართავდა ერთ-ერთ ქვეყანაში კაზინოს, როგორც სპეციალისტი. აქაც მუშაობდა კლინიკაში, იქაც კომპიუტერის სპეციალისტად და ვიყავით ნორმალურად. ამ კადრებმა კი შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ერთ დღეს მითხრა, დედა კადრებს ჩაგიგდებ ტელეფონში და ეს შენთან შეინახეო. ის ხუთი კადრი, რომელიც მერე მე ჟურნალისტებს მივაწოდე, ჩემმა შვილმა გამომიგზავნა, ვნახე და ძალიან შოკირებული ვიყავი. ვკითხე, გიგა, ეს რად გინდა-მეთქი, მიპასუხა, გამომადგებაო, მაგრამ ხედავთ რაც მოხდა, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ამის გამო ზის ახლა ციხეში ჩემი შვილი... ჩემი შვილი რომ მირეკავდა, სულ მეუბნებოდა, დედა, ქუჩაში ფრთხილად გადადი, დედა არ ენდო არავის, სულ ჩემს დარიგებებში იყო და ვუთხარი კიდეც, ბაღის ბავშვი ხომ არ გგონივარ - მეთქი, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მას ემუქრებოდნენ ჩემით და ეს შიში ალაპარაკებდა ასე. ჩემზე კარგად იცით, როგორ ხდება ზეწოლა ადამიანებზე და როგორ აწერინებენ ხელს პოლიციაში მუქარით და ასე მოხდა მასზე ზეწოლაც... გიგა რომ დაიჭირეს ასეთი შეთითხნილი ბრალდებით ამის მერე მივიტანე მე ეს კადრები "ტვ პირველში". მთელმა ქვეყანამ ნახა რა ძალადობაზეა ლაპარაკი. ამას ეწირება დღეს ჩემი შვილი. ის ვიდეო, რომელიც დევს საქმეში, სადაც თითქოს ჩხრეკა ტარდება, არის დამონტაჟებული... საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს ჩემს შვილს, რადგან კერძო ადვოკატი რომ ამეყვანა, ამის საშუალება არ მქონდა. ეს არის შეთითხნილი ბრალი, ჩემი შვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, არავითარი, შეხება არა აქვს ნარკოტიკებთან. განაჩენი რომ გამოაცხადეს გიგა ცოცხალ-მკვდარი გაიყვანეს იქიდან. ჩვენ პოლიციელები დაგვიდგა წინ, რომ მასთან კომუნიკაციის საშუალება არ გვქონოდა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ გამოიტანა ეს უსამართლო განაჩენი. ჩემმა შვილმა იცით ალბათ, რომ განაჩენის გამოტანამდე შიმშილობაც დაიწყო ციხეში, მაგრამ ცუდად გახდა და იძულებული გახდა შეეწყვიტა. აუცილებლად გავასაჩივრებთ აპელაციაში ამ განაჩენს". - ამბობს გიგა კვიცარიძის დედა. დარჩება თუ არა ძალაში ეს განაჩენი საბოლოოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.