მაია გვილავა ცხრა წელი ელოდა იმ დღეს, როცა გენეტიკურ ტესტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი გამოჩნდებოდა. ყოველ დილით და საღამოს ამოწმებდა მონაცემებს, იქნებ კიდევ ერთი სისხლით ნათესავი დამატებოდა და იმ კვალზე გაიყვანდა, რომელსაც წლებია ეძებდა. რამდენჯერმე ეგონა, რომ პასუხთან ახლოს იყო, თუმცა უშედეგოდ.
31 მაისის დილა კი მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა. ტელეფონში გენეტიკური ტესტის გახსნისას პირველად დაინახა ახალი ნათესავის მონაცემები - ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, რომ მისი 9-წლიანი ძიების მთავარი კვალის ნაწილი გახდებოდა. სწორედ ამ შემთხვევითმა გენეტიკურმა დამთხვევამ მიიყვანა მაიკო გვილავა-რობერტუსი ბიოლოგიურ დედამდე.
მაია წლებია გერმანიაში ცხოვრობს, 2024 წელს, როდესაც პირველად ჩავწერე მასთან ინტერვიუ, ერთი თხოვნა ჰქონდა: "ჩუმად მაინც მითხარით, ვისი სისხლის, გვარის და გენის ვარ“. დღეს ამ კითხვაზე პასუხი უკვე იცის. თუმცა დარჩა კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ბიოლოგიურ დედას თავადაც დაუსვამს - რატომ არ დაიწყო მისი ძებნა მაშინ, როცა მაიკო მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახს ეძებდა
- მაია, 9-წლიანი ძიების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეთ: "დამტკიცდა სისხლით დედა-შვილობა“. როგორ გაიგეთ ეს ამბავი და რა იყო პირველი ემოცია, როცა გენეტიკური პასუხი ხელში გეჭირათ?
- ბიოლოგიური დედა ვიპოვე გენეტიკური ტესტით. უფრო სწორად, ჯერ დამემატა მისი ძმისშვილი გენეტიკურ ტესტში. მან უბრალოდ, როგორც მოხალისემ, ისე გაიკეთა ტესტი და ამ დროს კვალზე გამიყვანა. შემდეგ ვთხოვე სავარაუდო ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირება, რადგან მასაც გაეკეთებინა გენეტიკური ტესტი სიზუსტისთვის. ისიც დამთანხმდა და ერთ თვეში მოვიდა პასუხი, სადაც დადასტურდა ჩვენი დედა-შვილობა. როგორც კი პასუხი მოვიდა, მივიღე ტელეფონში შეტყობინება: "პასუხები მზადაა, შეგიძლიათ იხილოთო“. ასე იყო ეს 9 წელი - შევდიოდი და ყოველთვის 0% მხვდებოდა. იმ წუთას ათასმა ფიქრმა ერთად გამიელვა: "იქნებოდა თუ არა ის ქალი დედა?“
მოკლედ, როცა დადებითი პასუხი ვნახე, ამიკანკალდა მთელი სხეული. ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად. ვხვდებოდი, რომ სულიერი სიმშვიდე დამიბრუნდა, თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდი.
- თქვენ უკვე იცით, რომ თქვენი ბიოლოგიური გვარია გამისონია და ორივე მშობელი აფხაზეთიდანაა. რა გახდა ამ ძიებაში გადამწყვეტი?
- 9 წელი ვეძებდი ბიოლოგიურ ოჯახს, ბევრს ვაკეთებდი ამისთვის, ვყიდულობდი ტესტებს, ვტესტავდი ხალხს, იქნებ გავიდე კვალზე-თქო, ვიქექებოდი არქივში, ვიძლეოდი ინტერვიუებს, ვწერდი სოციალურ ქსელში, ვაკეთებდი ვიდეომიმართვებს და ყველაფერი უშედეგო იყო. ეს 9 წელი იმედი არ დამიკარგავს, რომ ვიპოვიდი სიმართლეს. ყოველი დილა და საღამო ვამოწმებდი გენეტიკურ ტესტებს, იქნებ ვინმე სისხლით ნათესავი დამმატებოდა და კვალზე გავეყვანე.

31 მაისს, დილის 8 საათზე, როგორც კი თვალი გავახილე, შევამოწმე გენეტიკური ტესტი და, საოცრებავ, ახალი ადამიანი დამემატა - ბიძაშვილი, მკვიდრი სისხლი და ხორცი. არა, თვალებს არ დავუჯერე. წამოვხტი, გამოვრთე ტელეფონი და ისევ ხელახლა ჩავრთე. ისევ შევედი და კი - ეს იყო სინამდვილე, მე არ დამსიზმრებია.
სიხარულისგან ვიყვირე, ვტიროდი, დავრბოდი წინ და უკან. მინდოდა, ჩემი სიხარული სამყაროს გაეგო. ვიმეორებდი: "უფალო, მადლობა!“ მერე მივწერე: "ეს ჩემი ნომერია, გთხოვთ, შემეხმიანეთ“, და ძალიან მალე ზარი ტელეფონზე... აი, ასე გავედი კვალზე.
ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მან არ იცოდა, რა ხდებოდა, არ ფლობდა ინფორმაციას. ის უბრალოდ მოხალისედ დაიტესტა და, როცა გაარკვია, ისევ გადმომირეკა: "დიდი ვარაუდით, ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართო“.
- ვინ აღმოჩნდა თქვენი ბიოლოგიური დედა - რა გაიგეთ მის შესახებ?
- ერთი უბრალო ქართველი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი და დაენგრა. მარტო დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილით და მესამეზე ფეხმძიმედ იყო. ცხოვრებამ აიძულა, ის მესამე - "მე“ - დაეტოვებინა სამშობიაროში, რადგან მხარდაჭერას არავისგან ელოდა და სამი შვილით უბრალოდ გზას ვერ ხედავდა, გამოსავალს ვერ პოულობდა, თუ როგორ ერჩინა სამი შვილი. ნამდვილად არ ვამბობ მის დასაცავად, მაგრამ მინდა დავამატო: მეც გავიარე წლების წინ ეს გზა, რასაც ოჯახის დანგრევა ჰქვია. მე დავრჩი ერთი შვილით ხელში. გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მყოლოდა ორი ან სამი - რა მელოდა წინ? - ალბათ იგივე.
რატომ? - როცა ეკონომიურად ვერ დგახარ ფეხზე, არ გაქვს მხარდაჭერა ყოფილი მეუღლისგან და მშობლებს უბრალოდ ვერ, თუ არ შეუძლიათ, გაგიზარდონ ყველა შვილი, წარმომიდგენია და გაფიქრებაც მზარავს, რა რთული სიტუაციის წინ დგება ქალი - "დედა“. რომ არ გამევლო ეს გზა მე თვითონ, ალბათ გამიჭირდებოდა და ვერ გავუგებდი.
- და-ძმამ თუ იცოდა თქვენი არსებობის შესახებ?
- ბიოლოგიურმა მშობლებმა ძალიან ადრე იქორწინეს, ახალგაზრდები იყვნენ. როგორც გითხარით, მესამე შვილი ვარ და დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო, როცა ოჯახი დაინგრა. დიახ, მყავს უფროსი და-ძმები, მათ ჰქონდათ ჩემზე ინფორმაცია, იცოდნენ, რომ მესამე გაშვილდა.
- ბიოლოგიური დედის პოვნის შემდეგ შეხვდით თუ არა მას პირადად?
- შეხვედრით არა, ვესაუბრე რამდენჯერმე ტელეფონით ბიოლოგიურ დედას. ბიოლოგიური მამის ყურამდე არ არის მისული ეს ამბავი ან არ აქვს ინტერესი, გამოვიდეს ერთხელ მაინც კონტაქტზე - არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მაგრამ მალე საქართველოში ჩამოვალ და მათ პირადად გავიცნობ. ძალიან ემოციურია, ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ შეხვედრა არ შემდგარა.
- პირველ ინტერვიუში ამბობდით: "უბრალოდ, ჩუმად მაინც მითხარით, ვისი სისხლის, გვარის და გენის ვარ“. ახლა, როცა ეს ყველაფერი იცით, გაქვთ თუ არა განცდა, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი, რომელიც წლების განმავლობაში გაწუხებდათ უკვე გაქვთ?
- კი, რა თქმა უნდა, რადგან ეს ძიება დასრულდა და გავთავისუფლდი. ამოვისუნთქე, თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. გულიდან ლოდი ჩამომვარდა, ის მძიმე ლოდი, რასაც გაურკვევლობა ჰქვია. ვიცი, ვინ არის ბიოლოგიური დედაც და მამაც, ვიცი, თუ რა მოხდა, ვიცი გვარი და წარმომავლობა, ვიცი საკუთარი დაბადების თარიღი, რომელიც სულ სხვა აღმოჩნდა.

- თქვენ დაწერეთ: "მე არავის არ განვიკითხავ, რადგან ვიცი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“. ამ წლების შემდეგ შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ბიოლოგიური მშობლების მიმართ და არსებობს რამე, რისი კითხვა ან თქმა მაინც გინდათ მათთვის?
- ერთადერთი კითხვა მაინც მიტრიალებს თავში და უნდა ვთქვა: რატომ ამდენი წლის მერე მაქსიმუმი არ იყო გაკეთებული იმისთვის, რომ დედას ეპოვა თავისი დაკარგული შვილი ან თუნდაც მამას? მესმის იმ დროს, იმ წუთას, იმ მდგომარეობაში მოუწია და იყო უზარმაზარი სტრესის ქვეშ, მაგრამ მერე?...
მე ვარ 40 წლის. კი, სახელი, გვარი, თარიღი, ყველაფერი შეცვლილი მაქვს, მაგრამ არის ჯგუფები, სადაც შეიძლებოდა ამ ისტორიის დაპოსტვა: "მე ვეძებ საკუთარ შვილს, რომელიც დავკარგე 1985 წლის დეკემბერში სოხუმში“.
მე ხომ ყველაფერი ვცადე? რატომ მან არ სცადა, თქო? - რა თქმა უნდა, მე ეს კითხვა ბიოლოგიურ დედასაც დავუსვი და პასუხი იყო ასეთი: "სადაც შემეძლო, გავიკითხე, ვისგანაც შემეძლო, ინფორმაციის გაგება, დავკითხე ყველა და ვერაფერი გავარკვიე...“
ასევე მჯერა, ზოგი ვერ უმკლავდება ამ მწარე სიმართლეს და ცდილობს, სამუდამოდ დაივიწყოს, ჩაიკლას გულში, რადგან დანაშაულის გრძნობა ძალიან დიდია და ამას დიდი ძალა სჭირდება - იპოვო და პატიება სთხოვო შვილს. მგონია, ყველას არ შეუძლია ეს.
- თქვენი გამზრდელი მშობლები უკვე აღარ არიან ცოცხლები. როცა ახლა გაიგეთ თქვენი ბიოლოგიური ოჯახის გვარი და ისტორია, როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდნენ ისინი, დღეს რომ თქვენს გვერდით ყოფილიყვნენ?
- დარწმუნებული ვარ, მეტყოდნენ: "მთავარია, შენ დამშვიდდი, მიიღე ყველა შენს კითხვაზე პასუხი. როცა შენ ბედნიერს გხედავთ, ჩვენც მშვიდად და ბედნიერად ვართო“. ზუსტად ვიცი, ასე მეტყოდნენ. შეიძლება, დაემატებინათ: "აი, ასეთს გიცნობთ - რასაც ჩაიფიქრებს, მიჰყავს ბოლომდეო“.
- თქვენს სტატუსში წერდით, "სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს“. რას გულისხმობთ ამ სიტყვებში - გაქვთ თუ არა ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი და როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი?
- ჰოო, თითქოს უბრალოდ სიტყვებია, მაგრამ ბევრი აზრი დევს. ალბათ ჯერ ასე ვიტყვი: როცა არაფერს ელი, გულიც არაფერზე არ გწყდება. მე ყველა სიტუაციას ველოდი, ველოდი ასევე მეორედ რომ იტყოდნენ უარს, მაგრამ ასეთი რამ ბიოლოგიური დედისგან არ მომხდარა და ძალიან თბილად მიმიღეს უფროსმა და-ძმამ.
ისინი მიმეორებენ: "ეს მხოლოდ შენი ისტორია არ არის, ეს ჩვენიცაა“ - ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არ ვიცი, შეხვედრის შემდეგ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა. შევძლებთ მართლა იმ დაკარგული წლების დაბრუნებას? - რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
ბიოლოგიურ დედას მივმართავ სახელით და ვიმეორებ სულ: მე მყავდა დედაც და მამაც. ეს ყველას ესმის და ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, მაგრამ ამავდროულად, მადლობელი ვარ ბიოლოგიური მშობლების სიცოცხლისთვის.
წაიკითხეთ ასევე: