ავტორი:

იაპონიაში ტაიფუნი მძვინვარებს - დაღუპულია 4 ადამიანი, ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა

იაპონიაში ტაიფუნი მძვინვარებს - დაღუპულია 4 ადამიანი,  ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა

იაპონიაში ტაიფუნ "დუჟუანის“ შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

  • ტაიფუნმა განსაკუთრებით კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურები დააზარალა. დაღუპულებს შორის არის იოკოსუკაში მცხოვრები 60 წლამდე ქალი, რომლის სახლიც მეწყერში მოყვა. სამაშველო ჯგუფებმა ის მოგვიანებით სახლში იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტიქიის გამო დაახლოებით 45 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო 460-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

სტიქიამ გავლენა ქვეყნის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზეც მოახდინა. გაუქმდა Rock in Japan-ის დაგეგმილი კონცერტები, ხოლო Tokyo Game Show-მ ორშაბათის პროგრამა ვადაზე ადრე დაასრულა.

ტაიფუნ "დუჟუანს“ თან ახლდა ძლიერი ქარი და რეკორდული ნალექი. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მეწყრებისა და წყალდიდობების საფრთხე კვლავ არსებობდა, მათ შორის ტაიფუნის გადაადგილების შემდეგაც.

სტიქიის ფონზე იაპონიაში კვლავ მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა და ზარალის შეფასება. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ამინდის პროგნოზს ყურადღებით დააკვირდნენ და ადგილობრივი სამსახურების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

წყარო