ავტორი:

თავდასხმა თურქეთში, ერთ-ერთ სკოლასთან - დაშავებულია 11 მოსწავლე: დააკავეს თავდამსხმელი, მე-9 კლასის მოსწავლე და მისი ოჯახის წევრები

თავდასხმა თურქეთში, ერთ-ერთ სკოლასთან - დაშავებულია 11 მოსწავლე: დააკავეს თავდამსხმელი, მე-9 კლასის მოსწავლე და მისი ოჯახის წევრები

თურქეთის ქალაქ თურგუთლუში, მანისას პროვინციაში, სკოლის წინ სროლის შედეგად 11 მოსწავლე დაშავდა. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მე-9 კლასის მოსწავლე პოლიციამ მალევე დააკავა.

შემთხვევა 22 სექტემბერს, დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, ალბაირაქის უბანში, ინჯი უზმეზის სახელობის პროფესიულ და ტექნიკურ ანატოლიის უმაღლეს სკოლასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადირო თოფიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა. პოლიციამ მისი დაკავება მალევე შეძლო.

  • მომხდარის ამსახველი კადრები უსაფრთხოების კამერებმაც დააფიქსირა. ჩანაწერებში ჩანს ეჭვმიტანილი, რომელიც სკოლის მიმართულებით მიდის და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გარბის.

სროლის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი მივიდა. დაშავებული მოსწავლეები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აკინ გურლეკმა განაცხადა, რომ დაკავებულია არა მხოლოდ სავარაუდო თავდამსხმელი, არამედ მისი დედა, მამა და ბაბუაც. მინისტრის ინფორმაციით, სროლის დროს გამოყენებული იარაღი ბაბუას ეკუთვნოდა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.

ადგილზე ასევე მუშაობენ ფსიქოსოციალური დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ თავდასხმის შედეგად დაზარალებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სკოლის წინ მშობლების დიდი რაოდენობა შეიკრიბა. ნაწილი სკოლის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, რის გამოც მათ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

წყარო