ავტორი:

"ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა ისაა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ“ - თამარ ბაგრატიონი მრავალშვილიან დედობასა და სირთულეებზე

"ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა ისაა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ“ - თამარ ბაგრატიონი მრავალშვილიან დედობასა და სირთულეებზე

"პირველი ლედის სტატუსშიც მე პირველ რიგში დედა ვარ, - ამის შესახებ თამარ ბაგრატიონმა "რუსთავი 2"-ზე, რუბრიკაში "ჩვენი დედები" სტუმრობისას ისაუბრა.

  • ინტერვიუში მან ოთხი შვილის დედობაზე, შვილებთან ურთიერთობაზე, მრავალშვილიანი ოჯახის სირთულეებსა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელთა გადაცემაც საკუთარი შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია. თამარ ბაგრატიონის თქმით, მიუხედავად პირველი ლედის სტატუსისა, მისთვის მთავარი როლი დედობაა.

მიხეილ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონი

"პირველი ლედის სტატუსშიც მე პირველ რიგში დედა ვარ. მარტო ჩემი შვილების არა, მე ვცდილობ, რომ ყველა დედის სატკივარი გავიზიარო, იმიტომ, რომ დედისთვის, ჩემთვის და ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია მისი შვილის, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, მერე კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, განათლება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი.

არა აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გვაქვს. სტატუსი, რომ დედა ვართ, უკვე ყოვლისმთქმელია. ჩემს შვილებს რაც შეეხება, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი უყვარდეთ. ერთმანეთი რომ ეყვარებათ, სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც, რაც მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია".

თამარ ბაგრატიონმა ასევე გაიხსენა ფრაზა სიყვარულის შესახებ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, რამდენიმე დღის წინ მოისმინა და საკუთარ დევიზადაც მიიჩნია.

"ერთი ფრაზა გავიგე სულ რამდენიმე დღის წინ და ძალიან მომეწონა და ვთქვი, რომ ჩემი დევიზიც ეს უნდა იყოს - "სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობა. სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაგალახვინებს". მე ვთვლი, რომ სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველაფერი. თუ შევძლებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს არის ნამდვილი ბედნიერება. ეს არის ის, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ“.

თამარ ბაგრატიონი ამბობს, რომ ბავშვობიდან სურდა ბევრი შვილის დედობა.

"ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე. ღმერთმა მომცა უფლება, რომ დედაჩემი და მამაჩემი ყოფილიყვნენ გიორგი და ეთერი. მამაჩემმა ისე გაგვზარდა, რომ ჩვენ ბიძაშვილებს არასდროს არ დაგვიძახია ერთმანეთისთვის ბიძაშვილი, იმიტომ, რომ როგორც დები, ისე ვიზრდებოდით, როგორც ძმები ისე იზრდებოდნენ მამაჩემის ბიძაშვილის შვილები ჩემთან ერთად. ამიტომ მქონდა ეს ბედნიერება და ფუფუნება, რომ ერთი თაობის ბავშვები ერთად გავზრდილიყავით და და-ძმა დაგვეძახა ერთმანეთისთვის. ამიტომ, ჩემთვის სულ იყო რაღაც ასეთი ოცნება, რომ ბევრი შვილი მყოლოდა.

მადლობა ღმერთს, რომ ოთხი შვილი მყავს. ახლა რომ ვუყურებ მათ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორ უყვართ ერთმანეთი, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და მე ვთვლი, რომ ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა, რომ მე ოთხი შვილის დედა ვარ“.

თამარ ბაგრატიონის თქმით, ერთი შვილისა და მრავალშვილიანი დედის სტატუსს შორის განსხვავება შესაძლოა იმაში იყოს, რომ მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ და ერთმანეთს ეხმარებიან.

"მე ვთვლი, რომ ერთი შვილი და მრავალი შვილი დიდად არ ცვლის დედის სტატუსს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი შვილი რომ გყავს, უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ მასთან იყო, რადგან მას არ ჰყავს არავინ შენ გარდა, რომ გაართოს, ელემენტარულად. შენ უნდა ეთამაშო, შენ უნდა წაუკითხო წიგნი, შენ უნდა ასწავლო, როგორ მოიქცეს მაგიდასთან. მრავალშვილიან ოჯახში დები და ძმები ინაწილებენ როლებს.

უკვე პრაქტიკაში სწავლობს ეს ბავშვი და შეგიძლია შენ თავთან მარტო დარჩე, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ".

პირველი ლედი ამბობს, რომ სირთულეები ყველა ოჯახში არსებობს და მრავალშვილიანი დედებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დროის სწორად გადანაწილებაა.

"სიძნელე ყველა ოჯახშია, აბსოლუტურად ყველა ოჯახში. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბავშვი იზრდება იმ ოჯახში. დედებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში მუშაობენ, გაცილებით რთულია დროის გადანაწილება. აი, ყველაზე რთული ალბათ ჩვენს დროში ეს არის მრავალშვილიანი დედისთვის - დროის გადანაწილება, რომ შენ თავს საკმარისი დრო გამოუყო და, რა თქმა უნდა, შენს შვილსაც, თუნდაც ელემენტარული, რომ მოხვალ, ჰკითხო, დღეს როგორი დღე გქონდა".

ინტერვიუს ბოლოს თამარ ბაგრატიონმა შვილებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ იმის თქმა სურდა, რამდენად უყვარს ისინი. "კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს“.