თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერულ ორდღიან კურსს უმასპინძლა.
საერთაშორისო სასწავლო კადავერული კურსი, რომელიც თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრში ჩატარდა, პრაქტიკოსი ექიმებისთვის იყო განკუთვნილი. კურსი მიზნად ისახავდა თანამედროვე იმპლანტოლოგიური და ყბა-სახის ქირურგიული ტექნიკების პრაქტიკულ სწავლებას.
ორდღიანი საერთაშორისო სასწავლო კურსი სრულად ეძღვნებოდა Maxilla-For-All პროტოკოლებსა და თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესრულებინათ პრაქტიკული სამუშაო ანატომიურ მასალაზე და გასცნობოდნენ ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს.
საერთაშორისო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კომპანია JDentalCare-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (Caucasus Institute for Surgical Anatomy – CISA) პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
ირაკლი ნატროშვილი - თსსუ-ის რექტორი, პროფესორი:
„სამედიცინო განათლება კადავერული სწავლების გარეშე, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან ამაყი ვარ, რომ შევძელით და თსსუ-ში 40 წლიანი პაუზა ამ მიმართულებით აღმოვფხვერით და კადავერული სწავლება კვლავ დავიწყეთ.
ჩატარდა კადავერული კურსი, კონკრეტულად საერთაშორისო სტომატოლოგიის მიმართულებით, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფარავთ როგორც დიპლომამდელ, ისე პოსტდიპლომურ ეტაპს. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები იქნებიან უფრო მაღალი ცოდნით აღჭურვილები, როდესაც დაასრულებენ თსსუ-ს. ხოლო ექიმებს, რომლებიც უკვე პრაქტიკოსები არიან, შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ უფრო დახვეწონ და განავითარონ პროფესიული უნარები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო მიზანი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომლებიც გააუმჯობესებენ ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს ჩვენ ქვეყანაში.”
ავთანდილ აბდუშელიშვილი - შ.პ.ს „კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (CISA)“ დირექტორი:
‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმებს ჰქონდეთ რეალური პრაქტიკა, რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სწვალება არის საერთაშორისო. ჩვენ გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ექიმები ეცნობიან იმ ტექნიკებს თუ როგორ შეძლებენ 72 საათში სრული ატროფიის შემთხვევაშიც გააღიმონ პაციენტები. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის და მასშტაბის კადავერული სწავლება პირველად ჩატარდა. ჩვენ ვგეგმავთ, თსსუ-თან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კადავერული სწავლების მიმართულებით მოვიცვათ არამხოლოდ სტომატოლოგიური, არამედ სხვადასხვა მიმართულება. ‘’
გიორგი ნოღაიდელი - კომპანია JDentalCare-ის დამფუძნებელი:
“მე და ჩემი გუნდი ვართ ბედნიერები, რომ კადავერული კურსის სრულყოფილად ჩატარდა. კადავერული კურსის არსებობა, დამწყები და არა მარტო დამწყები სპეციალისტებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი, როცა ახალი ტექნიკების სწავლა და დახელოვნება ხდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ მოხდეს სრულყოფილად კურსის ჩატარება.”
ნინო ჯახველაძე - თსსუ-ის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი:
“კურსის მთავარი მიზანია, მონაწილეებს მივცეთ ატროფირებული ყბების მართვის თანამედროვე მიდგომების არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ექიმებმა შეისწავლონ თანამედროვე პროტოკოლები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ყბის მძიმე, მათ შორის სრული ატროფიის შემთხვევებიც ეფექტურად მართონ და რიგ შემთხვევებში თავიდან აიცილონ ძვლის გადანერგვის საჭიროება.
პროექტის მიმართ ინტერესი პირველივე ეტაპზე ძალიან მაღალი იყო. ჩვენი მიზანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კადავერული სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და შექმნას პლატფორმა, სადაც თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის იქნება შესაძლებელი.”
საერთაშორისო ორდღიან კურს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები იტალიიდან - დოქტორი ფილიპო დე პაოლისი (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი) და დოქტორი მანუელ მინგიონე (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი).
იტალიელი მენტორი, პირის ღრუს ქირურგი, დოქტორი ფილიპო დე პაოლისი:
“ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავატაროთ ეს კურსი. მონაწილეებს, რომელთა უმრავლესობას ყბა-სახის ქირურგები და სტომატოლოგები წარმოადგენენ, ვაცნობთ ზედა და ქვედა ყბის მძიმე ატროფიის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიულ მეთოდებს. აღნიშნული ქირურგიული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კერძო კლინიკურ პრაქტიკაში, ეფექტიანად ვუმკურნალოთ ძვლის ატროფიის შემთხვევების დაახლოებით 99 პროცენტს. ჩვენი მთავარი მიზანია, მონაწილეებს მივაწოდოთ ყველა საჭირო ცოდნა, პრაქტიკული ინსტრუმენტი და ტექნიკური უნარი, რათა მათ შეძლონ აღნიშნული მეთოდის სწორად და ეფექტიანად გამოყენება საკუთარ კლინიკურ პრაქტიკაში.”
იტალიელი მენტორი, დოქტორი მანუელ მინგიონე:
„კურსის განმავლობაში განვიხილავთ შემთხვევებს - უმარტივესიდან ყველაზე რთულ და კომპლექსურ კლინიკურ სიტუაციებამდე. მათ შორის, განვიხილავთ ზიგომატური იმპლანტების გამოყენებას და პრაქტიკულად შევისწავლით სხვადასხვა ქირურგიულ ტექნიკას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო ქირურგიული ზონის განსაზღვრას, ანატომიური საორიენტაციო ნიშნულების სწორად იდენტიფიცირებას, რისკის შემცველი ანატომიური უბნების შეფასებასა და იმ სამიზნე წერტილების განსაზღვრას, რომლებიც მნიშვნელოვანია იმპლანტების უსაფრთხო და სწორი პოზიციონირებისთვის.“
ალექსანდრე ბერიძე - ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი:
“კადავერული კურსი არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ექიმმა უწყვეტი სწავლება/განვითარების გზა გაიარო წარმატებით და დახელოვნდე საკუთარ პროფესიაში. ის რთული ქეისები რის მართავსაც ჩვენ ვაპირებთ, ამის სწავლების და გადაჭრის საუკეთესო გზა არის სწორედ კადარევული კურსი.”
კურსის ოფიციალურ გახსნაზე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა ლომინაძესა და მის პირველ მოადგილეს ვლადიმერ კახაძეს. მაღალი რანგის სტუმრებმა თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრიც დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ.
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი:
“ალბათ, არცერთ პროფესიაში არ არის პრაქტიკული ჩვევებისა და უნარების გამომუშავება ისე მნიშვნელოვანი, როგორც მედიცინაში. სწორედ ამიტომ, ასეთი მეთოდების დანერგვასა და განვითარებას სამედიცინო განათლებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მიხარია, რომ ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ნამდვილად ფლაგმანია და მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. მინდა, უნივერსიტეტს მივულოცო ეს წარმატება და, ამავდროულად, გამოვთქვა დიდი იმედი და მზადყოფნა სამინისტროს მხრიდან, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულები ასეთი პრაქტიკული შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებასა და სრულყოფაზე.”
ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე:
“სამედიცინო მიმართულებით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, სამედიცინო განათლების კუთხით. იცით, რომ თსსუ-ში ქართულენოვანი პროგრამების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს. სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ არ იყოს მხოლოდ თეორიული სწავლება და სტუდენტებს ჰქონდეთ პრაქტიკული კომპონენტების სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ კადავერული სწავლების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში თსსუ-ს ექნება შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს პრაქტიკული კომპონენტების სწავლების მიმართულებითაც.“
საერთაშორისო მასშტაბზე გასვლას საფუძვლად უდევს ის დიდი გამოცდილება, რაც თსსუ-მ სტუდენტურ დონეზე დააგროვა. უკვე 1 წელია (2025 წლის ოქტომბრიდან), რაც უნივერსიტეტში (ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი) ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის კურსი წარმატებით მიმდინარეობს. კურსი უკვე 700-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
მსგავსი ფორმატის პრაქტიკული სწავლება საქართველოში პირველად სწორედ თსსუ-ში დაინერგა. 10-დღიანი არჩევითი კურსი განკუთვნილია IV-X სემესტრის მედიცინისა და სტომატოლოგიის (მათ შორის საერთაშორისო) ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
დავით თოფურია - თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი:
‘’წელს ცენტრი აღიჭურვა უახლესი ანატომიური დისექციის, ცალკეული ორგანოების და მიდამოების შესაწავლისთვის აუცილებელი მულტიფუნქციური მაგიდებით, რომლებსაც ანალოგი არ აქვს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე მულტიფუნქციური მაცივარ-სათავსოთი, რომელიც შესაძლებელს ხდის კადავერის არა ტოქსიკურ შენახვას და მისი ქსოვილების გაყინვის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის როგორც მაკრო ანატომიურ ასევე მიკრო ანატომიურ სტრუქტურის შესწავლას რეალურ მდგომარეობაში. ცენტრი აღჭურვილია ანატომიის, კლინიკური ანატომიის, ლაპარასკოპიული ანატომიის, მორფოლოგიური დიაგნოსტიკის და ქირურგიული ანატომიისთვის აუცილებელი ყველა სახის ტექნიკური მოწყობილობით.“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რეგიონულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე თვისობრივად ახალ ნაბიჯს დგამს. თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი ყალიბდება მრავალფუნქციურ საერთაშორისო ჰაბად, რომელიც რეალურ ანატომიურ მასალაზე (კადავერზე) მუშაობის შესაძლებლობას უქმნის როგორც სტუდენტებს, ისე მოქმედ ქართველ და უცხოელ ექიმებს.
თსსუ-ის სტრატეგიული მიზანია, ცენტრი წამყვანი პლატფორმა გახდეს მთელ რეგიონში, სადაც უახლესი ქირურგიული ტექნიკების, ლაპარასკოპიული ანატომიისა და კლინიკური დისექციის დაუფლება მსოფლიო დონის საერთაშორისო მენტორების ჩართულობით განხორციელდება.
NS