ახალი მასშტაბური კვლევა, რომელიც რომის იმპერიის ვრცელი საგზაო ქსელს ეხება, ეჭვქვეშ აყენებს საუკუნოვან გამონათქვამს რომ “ყველა გზა რომში მიდის“.
ჟურნალ “Nature Communications“ -ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაანალიზებულია რომის იმპერიის დაახლოებით 300,000-ზე მეტი კილომეტრის სიგრძის გზები, რომლებიც ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას მოიცავდა. მკვლევართა ჯგუფმა არსებული მონაცემები გააერთიანა, შექმნა რომის იმპერიის საგზაო ქსელის ახალი რუკა და მისი სტრუქტურა მთელი იმპერიის მასშტაბით გააანალიზა.

კვლევის ხელმძღვანელმა, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის კლასიკურმა არქეოლოგმა ტომ ბრუგმანსმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ რომი არ წარმოადგენდა ერთადერთ ცენტრს იმპერიის საგზაო ქსელში და სახმელეთო მიმოსვლაში საკვანძო როლს პროვინციული დედაქალაქებიც ასრულებდნენ.

მას შემდეგ, რაც IV საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინემ კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი) იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა, იგი სახმელეთო გადაადგილებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან ჰაბად იქცა. მკვლევართა თქმით, კონსტანტინოპოლის მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის მას იმპერიაში მიმოსვლისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებდა. შესაბამისად, ფრაზა რომ “ყველა გზა რომში მიდის“, რომელიც რომის იმპერიის დაცემიდან საუკუნეების შემდეგ შეიქმნა, შესაძლოა სრულ რეალობას არ ასახავდეს.
ბრუგმანსმა Fox News Digital-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ანდაზა, რომლის წარმოშობის პერიოდად მან შუა საუკუნეები დაასახელა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მაგალითად რომაული ბრიტანეთის არცერთი გზა სინამდვილეში რომში არ მიდიოდა.
მკვლევრის თქმით ეს მიგნებები არ აკნინებს რომის, როგორც იმპერიის ცენტრის მნიშვნელობას და ამას არ კვლევის ავტორები ამტკიცებენ.
“რომი საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა პოლიტიკური, სამხედრო და იდეოლოგიური ძალაუფლების ცენტრად. მილიონი მოსახლეობით, სწორედ ის იყო იმპერიის გული, სადაც ნამდვილი ძალაუფლება იყო თავმოყრილი“, - დასძენს მკვლევარი.

რომაულ გზებ გასაოცარი სისწორე გააჩნდათ, თუმცა რთული რელიეფი ინჟინრებს ხშირად აიძულებდა, პირდაპირი მარშრუტიდან გადაეხვიათ. გზებს თავდაპირველად სამხედრო დანიშნულება ჰქონდა ისინი ჯარებს დაპყრობილ ტერიტორიებზე სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ, მოგვიანებით კი მათ იმპერიაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლიც შეიძინეს.