გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, შედგა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრებთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.