ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მეოთხე ხელმძღვანელი აირჩიეს. ეს ხომ არ არის რიგითი დაწესებულება, ის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოა და კანონის თანახმად, ექვსი წლის ვადით ირჩევენ მის ხელმძღვანელს. თუმცა ბოლო ხანს მისი ხელმძღვანელები თანამდებობაზე 4 თვემდე თუ ძლებდნენ. რაზე მეტყველებს ეს ტენდენცია? - ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ნახეთ, რა ხდება - ნელ-ნელა ჩვენი პრემიერ-მინისტრი მარტო რჩება, რადგან მთელი გარემოცვა ეცლება ხელიდან. მისი ყველაზე ახლობელი და საიმედო პარტნიორიც კი პოლიტიკიდან წავიდა.
წარმოიდგინეთ, სუს-ის უფროსად დანიშვნისას, სულ ცოტა, სამი-ოთხი თვე მაინც არის საჭირო, რომ ადამიანი გაეცნოს ამ ურთულესი დაწესებულების სპეციფიკას, ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა და ამასობაში უკვე გაშვებულია სამსახურიდან. სად ჩანს აქ, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს?
რეალურად ხომ ყველამ ვიცით, რომ საბოლოოდ ერთი პირის უსაფრთხოებას ემსახურება ეს ყველაფერი, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ისედაც იცით... მას სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები და როცა კი ეჭვი უჩნდება, რომ ის ამ გარანტიებს ვერ იღებს, ის შერჩეული ადამიანები მისთვის პირადად უსაფრთხოები აღარ არიან, მარტივად წირავს.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მის წესიერებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, თუმცა მდინარაძე თავის კოლეგებთან შედარებით ერთი თავით ჭკვიანია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. ის, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თავის პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა თავგადასავლისთვისაც ემზადებოდეს. მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. ამჟამად ის მერყევ, მეტასტაბილურ წონასწორობაშია - საქმე შეიძლება წავიდეს როგორც კარიერულ დისკვალიფიკაციამდე, ისე დაწინაურებამდე. თუმცა ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა: ზუსტად იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ხმები მისი შინაპატიმრობის შესახებ, მას სახელმწიფო დაცვა გამოუყვეს. ეს ორი ინფორმაცია თხუთმეტი წუთის ინტერვალით გავრცელდა. ეს მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის რეალური მმართველის დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად განსხვავებულია.
- ბატონო სანდრო, გასულ კვირას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვეს საკმაოდ ხანგრძლივ, ცამეტწლიან პატიმრობაში მძიმე ბრალდებებით. ის უკვე მერამდენე მაღალჩინოსანია ამ ხელისუფლების, რომელიც კორუფციული გარიგებების, ქოლცენტრების მფარველობისა და ქრთამის აღების ბრალდებით ციხეში მიდის. ამ დროს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ისეთი სუფთა ხელისუფლება გვყავს, რომ კრიტიკის მიზეზიც კი არ არსებობს. რას იტყვით ამაზე?
- მოდი, ამ ყველაფერს ცოტა ზოგადად შევხედოთ - წლების წინ გავრცელებული ხმები მინდა გაგახსენოთ, როცა რუსეთში თავდაცვის მინისტრად სერდიუკოვს ნიშნავდნენ, თურმე პუტინმა უთხრა, სამხედრო ბიუჯეტის სამ პროცენტზე მეტი არ მოიპაროო. დაახლოებით ასეთი სისტემა შენდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, რაც "ქართულმა ოცნებამაც" წარმატებით გააგრძელა - რაღაც ლიმიტი მისცა მაღალჩინოსნებს მოსაპარად, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ამ ლიმიტს არ იცავენ.
ამ სისტემაში მმართველისთვის ერთი "კარგი" რამ არის: მისი ყველა ვეზირი მძევალია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ციხეში ჩასვას, მათ შორის პირველი მთავარი ვეზირიც და ყველაზე დაახლოებული ფაშაც. მინისტრები, ალბათ, ყოველდღე გულის წამალს სვამენ, რადგან ეს პროფესია ძალიან სახიფათო გახდა. ამ სისტემაში არც ერთი ადამიანი დაცული არ არის. სამწუხაროდ, პარადოქსულად და თან ლოგიკურად, მივდივართ იმ სისტემამდე, რომელიც თავის დროზე სტალინმა ჩამოაყალიბა, როდესაც ლამის მთელი საკუთარი გარემოცვა ციხეში გამოკეტა... ვინ იცის, ვინ იქნება შემდეგი...
ასე რომ, რასაც არ უნდა ამბობდეს პრემიერ-მინისტრი, ინსტიტუციური კორუფცია არსებული სამთავრობო ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ აღმოიფხვრება. ეს სისტემა იმდენად მახინჯია, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს გაისტუმრებენ გისოსებს მიღმა, თუმცა ყველაზე დრამატული ის არის, რომ მისი ერთბაშად ჩამონგრევა აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან ამან შესაძლოა სახელმწიფო ჩამოაქციოს.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოახერხა ინსტიტუციური კორუფციის აღმოფხვრა, თუმცა სხვაგან კორუფცია მაინც ყვაოდა, რისი მაგალითიც დავით კეზერაშვილის ფენომენია. ასე რომ, ნუ გაიძახიან, თითქოს სუფთა ხელებით მუშაობენ, სასაცილოდ იხდიან თავს. წაიკითხეთ სრულად