97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. "წავიდა ჩემი დედუნა თავის ნოდარიკოსთან. 14 სექტემბრიდან იქით მიიწევდა და დღეს დაამარცხა სიკვდილი. გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება", - წერს სოციალურ ქსელში მისი შვილი, მანანა დუმბაძე.

ნანული გუგუნავასა და ნოდარ დუმბაძის სიყვარული ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო.
"კვირის პალიტრის“ არქივში ინახება წლების წინ, ჟურნალისტ მარინა ბაბუნაშვილის მიერ ნანული გუგუნავასთან ჩაწერილი ინტერვიუ. გთავაზობთ შემოკლებული ვერსიით აღნიშნული ინტერვიუდან ეპიზოდებს.
ჟურნალისტის თქმით, უნივერსიტეტში ერთ დღეს ნოდარს თვალში მოხვდა პატარა ტანის, ძალიან კოხტა გოგო. ადრე არ ჰყავდა შემჩნეული და მეგობრები მისკენ გაახედა, - ვინაა ეს მინიატურული გოგონაო? შეკითხვა ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა და გოგონამ უკან მიიხედა. შავგვრემანი ბიჭის სითბოთი სავსე თვალები მას მისჩერებოდნენ... ეს იყო და ეს, ძალიან მალე ნანული გუგუნავა და ნოდარ დუმბაძე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ნანული ისტორიულზე სწავლობდა. ნოდარი ხშირად ელოდებოდა მას აუდიტორიის კართან, ლექციების შემდეგ კი გოგონას შინ მიაცილებდა...

ნანული გუგუნავა ოჯახის ნებიერა იყო. თავიდან მის მშობლებს მთლად გულზე არ ეხატებოდათ ღარიბი სასიძო, მაგრამ ქალიშვილის გადაწყვეტილება ურყევი იყო და მათაც უკან დაიხიეს. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნანული არ ტყუოდა, ნოდარი მართლაც დიდი გულის ადამიანი იყო, რომლის გვერდითაც ყველა იმედიანად და კარგად გრძნობდა თავს.

"ნოდარს ჩემთან არ უყვარდა სიყვარულზე ლაპარაკი. გრძნობას თვალებით და ქცევით გამოხატავდა. იმ სიყვარულზე კი, რასაც გულით ატარებდა, თავის პერსონაჟებს ალაპარაკებდა".
ნოდარის ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვა ცრემლი, დარდი და ტკივილი: ჯერ მშობლების დაპატიმრება, მამის დახვრეტა და დედის გადასახლება, დასთან დაშორება, ხან სოხუმში, დეიდებთან ყოფნა, ხან იმერეთში, დედულეთში, ხან მამის მშობლებთან, გურიაში. მერე შვილის სიკვდილი, მერე უდანაშაულოს დაჭერა... მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა. პირველ რომანს სხვებიც მოჰყვა: "მე ვხედავ მზეს,“ "მზიანი ღამე,“ მოგვიანებით კი "თეთრი ბაირაღები“. 41 წლის იყო, პირველმა ინფარქტი რომ მოუვიდა. ისე ცუდად იყო, მისი გადარჩენის იმედი, ნანულის გარდა, არავის ჰქონდა.

ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა მწერალი: შეეძლო აღებული ხელფასი იმ დღესვე დაეხარჯა და შინ დიდი სუფრა გაეშალა მეგობრებისა და სტუმრებისათვის. როცა ჯერ კიდევ საბურთალოზე ცხოვრობდნენ, ხშირად ყოფილა, რომ ნოდარს სამსახურიდან დაურეკავს ცოლისთვის და უთქვამს, - ნანული, ბიჭები მომყავს სტუმრად და შენებურად დატრიალდიო. ნანულიც იქვე, საბურთალოს ბაზარში შეირბენდა, იყიდდა ყველაფერს, რაც ქმარს უყვარდა და ორ საათში ყველაფერს გამზადებულს დაახვედრებდა "ბიჭებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ნანული გუგუნავა:
"ერთხელ ოჯახში გამოგვიცხადა: ჭკუა რომ გქონდეთ, მე რომ ქაღალდებს ვყრი, შეინახავდით, ჩემს ყველა ფრაზას კი საგულდაგულოდ ჩაიწერდითო. სხვათა შორის, ის რომ ქაღალდებს ყრიდა, ჩუმად ვიპარავდი, მერე რომ არ დაეხია. ხანდახან ისე დაჭმუჭნიდა, ვეღარც გახსნიდი. ბევრი ასეთი ქაღალდი გვაქვს შემონახული, თუმცა თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ. სიცილით იტყოდა ხოლმე: თქვენ რა იცით ჩემი ფასიო. რა თქმა უნდა, არ ვიცოდით მისი ფასი!
გარდაცვალებამდე ფუნაგორიები დახია: ჩემ შემდეგ ეს არავინ უნდა წაიკითხოსო. სხვადასხვა ადამიანზე ქილიკობდა იმ ფუნაგორიებში და მისი სიკვდილის შემდეგ რომ ვინმე ნაწყენი არ დარჩენილიყო, ასე არჩია...

ნოდარი იშვიათად, მაგრამ კატეგორიულიც იყო ხოლმე. საერთოდ კი, რომ არ მოსწონდა, ისეთს არასდროს გავაკეთებდი. როცა მატერიალური მდგომარეობა გამოგვისწორდა, მის ფინანსებს მე განვკარგავდი. თვითონ ერთხელაც არ მისულა შემნახველ სალაროში ფულის გამოსატანად. ძალიან მენდობოდა და იცოდა, რაც არ სიამოვნებდა, იმას არასდროს გავაკეთებდი. მინდოდა ძვირფასი საყურის შეძენა, ჩემს ყველა ახლობელს ბრილიანტის საყურე ეკეთა. ერთხელაც დავიჩივლე: არც შვილებს, არც მე საყურეები არ გვაქვს-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ნანული, მე უსაყუროდ მომწონხარ და თუ სხვას გინდა მოეწონო, ფული შენს ხელშია და იყიდე ის საყურეო. ამის შემდეგ წავიდოდი საყიდლად და ბრილიანტის გამო ნოდარს ვაწყენინებდი?!
ეჭვიანი არ ყოფილა, მის გარეშე არსად დავდიოდი! არც მე ვეჭვიანობდი... 35 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად და არც მაშინ, არც დღემდე მსგავსი არაფერი გამიგია ნოდარზე და არც მაინტერესებს. ისე იცხოვრა, არაფერი უგრძნობინებია და ვის აქვს უფლება, რამე მითხრას?!
ზაზაზე არასდროს ლაპარაკობდა. ეგ კი არა, მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე, ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე. ჩვენთან არაფერს ამბობდა, სხვებისგან ვიგებდით, რადგან საფლავი სულ სიგარეტის ნამწვით სავსე ხვდებოდათ.
ხუმრობდა, ისე მივეჩვიე სიკვდილს, იმდენჯერ მოვხვდი "იქით,“ საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო. ალბათ, მაინც ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ არც ამაზე ლაპარაკობდა, ოღონდ... მე ძალიან ცუდად რომ ვიყავი, მაშინ ჰქონია დიდი განცდა, თუმცა არაფერს მაგრძნობინებდა. ერთხელ მახსოვს, შევნიშნე, ფარდასთან ზურგით იდგა და ტიროდა. მახსოვს კიდევ, მისაღებ ოთახში, დივანზე წამოწოლა უყვარდა, მე სავარძელში ვიჯექი ხოლმე. სამივე კედელზე ზაზას ფოტო გვეკიდა და ხშირად შემინიშნავს: ერთ ფოტოს მე ვუყურებდი, ერთს - ნოდარი. თითქოს თვალებით ჭრიდა სურათს, მაგრამ ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით. ეს ისეთი საშინელება იყო...

ახლა ცოცხალი რომ იყოს, ორივენი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ძალიან მიჭირს უმისოდ. ჩემი ცხოვრება ნოდარის გარეშე არ არსებობს. დღე არ გავა, მასზე და ზაზაზე არ ვფიქრობდე და მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არ ვგრძნობდე. ხალხს უკვირს, რომ არ ვმღერი. ერთ წვეულებაზე ვიღაცას უთქვამს, რა მოწყენილი ქალიაო. უამრავი წელიწადია, არც მიმღერია, არც მიცეკვია. არ მაქვს სამაგისოდ საქმე.
***
მახსოვს, ნოდარს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში ქვრივი ქალი ეწვია, ტუჩზე პომადითა და ფერადი ტანსაცმლით. ის ქალი რომ წავიდა, ნოდარი მომიბრუნდა და, "შენც ამას იზამო!“ - მითხრა... დღემდე, ფაქტობრივად, შავი სამოსი მაცვია. სურვილიც არ მაქვს, სხვა ფერის შევიძინო. პომადაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არასდროს ვაკეთებდი იმას, რაც არ უყვარდა. ერთადერთი, რაკი დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარდა, ჩუმად ვამზადებდი ხოლმე რაღაცებს და ვმალავდი. მერე, ხალხი მაინც რომ მოდიოდა მოსალოცად, ნეტავ, გენახათ, როგორ ნერვიულობდა: რა ვქნათ, ნანული, რაღაც გააკეთეო. რომ გამოვაწყობდი გამზადებულ კერძებს, იცოცხლეთ, კარგად ილხენდა სტუმრებთან ერთად. ახლაც ყოველთვის ვუხდი დაბადების დღეს. სტუმრებიც მოდიან, მაგრამ ვერ ავიტან, ვინმემ რომ იმღეროს, ისე მიჭირავს თავი, ვერავინ გამიბედავს! ერთადერთხელ ქეთინომ მგალობლები მოიყვანა და საგალობლებს როგორ დავუშლიდი!
***
იცით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ნოდარი ცოცხალია, ვიდრე ახსოვთ და მის წიგნებს ბეჭდავენ, ასეც იქნება. ახლა, მით უმეტეს, მთაწმინდაზეა, ასე რომ, არასდროს მოკვდება. მხოლოდ იმას განვიცდი, რომ ერთად ვერ ვიქნებით: მე ვინ დამასაფლავებს მის გვერდით! "მზიურში“ კი მქონდა მის გვერდით ადგილი, მაგრამ იმის გამო, მასთან ერთად რომ ვყოფილიყავი, მთაწმინდაზე დასაფლავებაზე უარი მეთქვა? ამიტომ ჩემი შვილის, ზაზას გვერდით დავსაფლავდები...
P.S Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ნანული გუგუნავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.