ქეთა თოფურია 9 სექტემბერს 40 წლის გახდა. ქართველი მომღერლის იუბილე რუსულმა მედიამ არაერთი სტატიით აღნიშნა. გამოცემებმა გაიხსენეს მისი კარიერის დასაწყისი, A’Studio-ში მოსვლა, ხმაურიანი რომანი რეპერ გუფთან, პირველი ქორწინება ლევ გეიხმანთან, ლევ დენგოვთან ურთიერთობა და სამი შვილი.
რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში ყურადღება გამახვილებულია ქეთა თოფურიას ცხოვრების სხვადასხვა, მათ შორის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე. საუბარია მის კარიერულ გზაზე, პირად ცხოვრებაზე, რთულ დაშორებებზე, გუფთან გახმაურებულ რომანსა და ქირურგიულ ჩარევებზე.

ქეთა თოფურია ბავშვობიდან მუსიკალური კარიერის შექმნით იყო დაკავებული და პირველი ჯილდო 12 წლის ასაკში, საერთაშორისო კონკურსზე მიიღო.
მისი კარიერის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტად 2005 წელს მოსკოვში გადასვლა და A’Studio-ში მოხვედრა იქცა. ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ახალგაზრდა მომღერლის კანდიდატურა ჯგუფის წევრებს ურჩია, რომლებიც წასული ვოკალისტის, პოლინა გრიფიტის, შემცვლელს ეძებდნენ.

ქეთამ საბოლოოდ მიატოვა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე პოპულარული ჯგუფის სახე გახდა. მისი პროფესიული წარმატების მიღმა ოჯახური ტრაგედიაც იდგა. ქეთას მამა, ანდრო თოფურია, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და 2010 წელს კოლონიაში გარდაიცვალა.
ქეთა თოფურიას პლასტიკურ ოპერაციებზე საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ მიზეზი მხოლოდ გარეგნობის შეცვლის სურვილი არ ყოფილა.
ყველაფერი ბავშვობაში მიღებული ტრავმით დაიწყო. ბიძაშვილმა ხუმრობით მას სახეში შოკოლადის ფილა ესროლა, რომელიც ცხვირში მოხვდა. მოგვიანებით ძლიერ დარტყმას ცხვირზე კეხის გაჩენა და ცხვირის ძგიდის გამრუდება მოჰყვა, რის გამოც ქეთას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
პირველი ოპერაციის შემდეგ სუნთქვის პრობლემა მოგვარდა, თუმცა სიმღერის დროს ცხვირის წვერი შესამჩნევად ეშვებოდა. ამას ტელევიზორში მისი დედაც ამჩნევდა. საბოლოოდ, ქეთას მეორე ოპერაციის გაკეთება მოუწია. თავად მომღერალი მიიჩნევს, რომ რინოპლასტიკა მისთვის მხოლოდ სასარგებლო აღმოჩნდა.
რა მოხდა გუფთან ურთიერთობის დროს?
ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პერიოდად მისი ურთიერთობა რეპერ გუფისთან რჩება. ქეთამ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე 2013 წელს იქორწინა. ამ ქორწინებაში მას ქალიშვილი, ოლივია, შეეძინა. მოგვიანებით წყვილი დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო.

ამის შემდეგ ქეთასა და გუფის რომანი დაიწყო, რომელსაც ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მალავდნენ. ურთიერთობაზე ეჭვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისინი ტაილანდში ერთად დასვენებისას შენიშნეს. ქეთა ცდილობდა გუფის დამოკიდებულებებთან გამკლავებაში დახმარებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამას წარმატებითაც ახერხებდა.
თუმცა მათი ურთიერთობა საბოლოოდ ხმაურიანად დასრულდა. გუფისთან ფარულ კავშირზე 18 წლის თაყვანისმცემელმა, იანა შევსცოვამ, განაცხადა, რის შემდეგაც ქეთამ რეპერი დაბლოკა. გუფი მოგვიანებითაც ცდილობდა მის დაბრუნებას და საჯაროდ საუბრობდა ქეთაზე, როგორც მისთვის განსაკუთრებულ ქალზე, თუმცა მომღერალმა ურთიერთობის განახლებაზე უარი თქვა. მიზეზად პარტნიორის არასტაბილურობა დაასახელა.
ქეთა თოფურიასა და ალა პუგაჩოვას ურთიერთობა წლების განმავლობაში რუსული მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მათი გაცნობა "Песня года“-ის ფესტივალზე შედგა, შემდეგ კი ისინი უფრო დაახლოვდნენ რადიო "Алла“-სთვის ჩაწერილი დიდი ინტერვიუს დროს. ახალგაზრდა ქეთაზე პუგაჩოვას ენერგიამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

პუგაჩოვას ოჯახი ქეთას კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მხარს უჭერდა. მათ შორის, მაქსიმ გალკინმა მისი პირველი ქორწილი უფასოდ წაიყვანა. ქეთა დღემდე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს პუგაჩოვაზე და აღნიშნავს, რომ მის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს.
გუფისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ ქეთა თოფურიამ პირადი ცხოვრების ახალი ეტაპი ლევ დენგოვთან დაიწყო. წყვილი 2020 წელს დაქორწინდა. 2021 წელს მათ ვაჟი, ადამი, შეეძინათ, 2024 წელს კი ქალიშვილი - ნიკოლი.
ამგვარად, ქეთა სამი შვილის დედაა- ოლივია პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო ადამი და ნიკოლი ლევ დენგოვთან.
ბოლო წლებში რუსული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მის ოჯახურ ცხოვრებას უთმობს. ქეთა ხშირად საუბრობს დედობაზე და შვილებთან ურთიერთობაზე.

ქეთა თოფურიას ქონების შესახებ რუსულ მედიაში აგვისტოშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია. გამოცემა "Звездач“-ის ცნობით, მომღერლის კუთვნილი უძრავი ქონების საერთო ღირებულება 600 მილიონ რუბლს, ანუ დაახლოებით 7.5 მილიონ დოლარს აღემატება.
მის ქონებაში შედის ბინა მოსკოვში, ხუთსართულიანი სახლი მოსკოვის მახლობლად და აპარტამენტები დუბაიში.

მოსკოვის მახლობლად, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ დასახლებაში, რუბლიოვკიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარე ხუთსართულიანი სახლის ფართობი დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრია. მისი ღირებულება ექსპერტებმა 3.75 მილიონ დოლარად შეაფასეს.
კიდევ ერთი უძრავი ქონება ქეთას მოსკოვში, ბოტკინის შესახვევში მდებარე სტალინურ სახლში აქვს. ამ ბინის დღევანდელი ღირებულება, გავრცელებული ინფორმაციით, არანაკლებ 587 500 დოლარია.
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი კი დუბაიში მდებარე უძრავი ქონებაა. 2023 წელს მომღერალმა Bulgari Residences Dubai-ის ულტრა-ლუქს კომპლექსში, სპარსეთის ყურის ხედით, 150 კვადრატული მეტრის აპარტამენტი შეიძინა. გარიგების ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქეთა თოფურიას შესაძლო ემიგრაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად მომღერალმა არაერთხელ უარყო.

მისი თქმით, მოსკოვი ძალიან უყვარს და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას არ გეგმავს, რადგან მისი ძირითადი საქმიანობა რუსეთშია. ამასთან, დუბაიში ძვირადღირებული აპარტამენტის არსებობამ რუსულ მედიაში კვლავ გააჩინა კითხვები მომღერლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.