ავტორი:

ანზორ ჩუბინიძის ფაქტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  - ყველაზე ჩრდილში მყოფი სპეცსამსახური, რომელიც სუს-სა და შსს-ზე ძლიერია?!

ანზორ ჩუბინიძის ფაქტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  - ყველაზე ჩრდილში მყოფი სპეცსამსახური, რომელიც სუს-სა და შსს-ზე ძლიერია?!
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ერთი ძველი ამბავი მინდა გავიხსენო. თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლას სიმკაცრით გამორჩეული დირექტორი (პირობითად - ”შ“) ჰყავდა. სწორედ მასზე იყო ნათქვამი: "მისი შიშით ჰაერში ფრინველი ვერ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადისო“.

სკოლის ტერიტორიას ხომ სრულად აკონტროლებდა, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სახლში რას აკეთებდნენ და როგორ იქცეოდნენ, ისიც აინტერესებდა. ამიტომაც კლასის დამრიგებლებს ევალებოდათ მოსწავლეების მუდმივი შემოწმება/კონტროლი. დირექტორი განსაკუთრებით ერთ დამრიგებელს (პირობითად - ”ჭ“) ენდობოდა. სკოლაში ჩუმად იმასაც ამბობდნენ ფრონტზე ერთად იყვნენ და ”ჭ“ მრავალ ბრძოლებში შემოწმებული მისი ერთგული კაცია და იმიტომ ენდობაო. ამ დამრიგებელს ჩაბარებული ჰქონდა ერთი დამამთავრებელი კლასი, სადაც ყველაზე რთულად სამართავი "ამრევი“ მოსწავლეები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ, თუ მოინდომებდნენ, მთელი სკოლა “შატალოზე“ წაეყვანათ და სასწავლო პროცესი ჩაეშალათ. ისინი მუდმივ ყურადღებას საჭიროებდნენ, მათ შორის - გაკვეთილების დასრულების შემდეგაც.

”ჭ“-ს თავისი ინფორმატორ/მოენეები ჰყავდა ყველა უბან/ეზოში და მოსწავლეების ყველა "შარიშური“ და "ცელქობა“ კარგად იცოდა. დირექტორმა იმდენად დახვეწა მართვის ამგვარი მეთოდი, რომ თითქმის ორი ათეული წელი ეჭირა მთელი სკოლა ხელში, იქამდე, სანამ განათლების რაიონული განყოფილების ახალმა და ახალგაზრდა გამგემ პენსიაზე არ გაუშვა. ”ჭ“-ც უკან მიჰყვა დირექტორს. რას ვიზამთ, მუდმივი არაფერია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს მივიწყებული ამბავი ახალი სასწავლო წლის დაწყებამ გამახსენა. თუმცა ლექცია-სემინარების განახლების მოლოდინმა "ჩვენ სკოლაში“ არსებული პრობლემები მაინც ვერ გადამავიწყა.

სამწუხაროდ, სუს-ის "საკადრო კონვეიერი“ შეუფერხებლად მუშაობს, საიდანაც, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეხუთე (ლილუაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე, გელაძე და ბორაშვილი) უფროსი "ჩამოვიდა/ავიდა“. არც სხვა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამინისტრო/უწყებებშია საქმე სტაბილურად და იქაც მუდმივი საკადრო ცვლილებებია.

დღევანდელი მდგომარეობით "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოს შვიდ სამინისტროს ან უწყებას აქვს. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ფინანსთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა. თეორიულად სწორედ ამ "შვიდმა ვეშაპმა“ (საგარეო დაზვერვის სააგენტოს ჩათვლით, რომელიც 2025 წლის 1-ელ აგვისტოდან უკვე სუს-ის სტრუქტურაშია) უნდა შეძლოს ამ არეულ დროში და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს დაცვა შიდა და გარე საფრთხეებისგან, თუმცა ამგვარ პირობებში ვითომ ეს შესაძლებელია? გააგრძელეთ კითხვა