BBC-ის ინფორმაციით, ცხედრის გაკვეთით ირკვევა, რომ ჰოლივუდის მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილის, ქსანაქსისა და რამდენიმე სხვა სამედიცინო პრეპარატის ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედებით გარდაიცვალა.
პანეტიერი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია როლებით ტელესერიალებში "გმირები“ (Heroes) და "ნეშვილი“ (Nashville), აგვისტოს შუა რიცხვებში, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას არ დაუმალავს, რომ ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას ებრძოდა.
სამხრეთ კაროლინაში, გრინვილის ოლქის კორონერმა დაადგინა, რომ მსახიობის სიკვდილი უბედური შემთხვევის შედეგი იყო და მის სხეულზე არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება, რაც სიკვდილის მიზეზი გახდებოდა.
პათოლოგოანატომებმა ასევე დაადგინეს, რომ პანეტიერის სისხლში აღმოჩნდა მეთოკარბამოლი (მიორელაქსანტი, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუნთების ტონუსს), ასევე კვეტიაპინი - ანტიფსიქოზური მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების მკურნალობისთვის.

ფენტანილი - ეს არის სინთეთიკური ოპიოიდი, რომლის გამოყენებამაც მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასობით ათასი ამერიკელის სიკვდილი გამოიწვია.
კორონერის ოფისმა განაცხადა, რომ გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები შეეცადნენ მსახიობის რეანიმირებას და მისი გულის ხელახლა ამუშავებას, თუმცა ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
იუწყებიან, რომ პანეტიერის სიკვდილის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო (DEA).
როგორც მსახიობის სიკვდილის შესახებ პოლიციის ანგარიშშია ნათქვამი, იმ მომენტში, როდესაც პანეტიერის სახლში გადაუდებელი სამსახურები მივიდნენ, მის გვერდით იმყოფებოდნენ მისი ყოფილი ბოიფრენდი ბრაიან ჰიკერსონი (წარსულში ის აღიარებდა, რომ მას სასტიკად ექცეოდა) და მისი ძმა ზაკი.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე პანეტიერმა გამოაქვეყნა მემუარები, რომელშიც დაწვრილებით ჰყვებოდა თავის პრობლემებზე ნარკოტიკულ დამოკიდებულებასთან და მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით.
პანეტიერი წერდა, რომ პირველად ნარკოტიკი 16 წლის ასაკში გასინჯა, როდესაც ტელესერიალ "გმირების“ პრემიერის დროს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მაშინ ერთ-ერთმა კოლეგამ მას მისცა ის, რასაც "კარგი განწყობის აბი“ უწოდა, რათა ის გამოეფხიზლებინა.
"მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. არ ვიცოდი, რა კარებში შევდიოდი ჩემი დამოკიდებულების თვალსაზრისით. როდესაც გავიზარდე, პრაქტიკულად, ვეღარ ვცხოვრობდი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გარეშე“, - ამბობდა ის ჟურნალ People-თან.
პანეტიერის ძმა, იანსენი, გულის დაავადებით 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის წიგნში მსახიობი აღიარებდა, რომ ისიც იტანჯებოდა ნარკოტიკული დამოკიდებულებით და სხვა რაღაცებთან ერთად იღებდა ჰეროინსა და კოკაინს, რამაც მის სიკვდილამდე მიიყვანა.