22 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების, ასევე, კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს."შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
“აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტყუპ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების კრიმინალური ისტორია საკმაოდ გრძელია - მათი გვარი მედიასა და სამართალდამცავ უწყებებში არაერთხელ მოხვდა რეზონანსული გამოძიებების ფონზე.
2020 წლის ზაფხულში საქართველოს სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების (ოფიციალურ დოკუმენტებში: გ.ფ. და დ.ფ.) მკვლელობა.
მასშტაბი: სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში 6, ხოლო უკრაინაში 1 პირი დააკავეს..
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისელი ძმების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და ის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.
ბრალდებულების დაკავების კადრები, სუს-ის გავრცელებული ვიდეომასალიდან
სავარაუდო დამკვეთი: პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა.
ყიფიანის დაკავება: უკრაინიდან გაძევების შემდეგ, 2021 წლის 21 ივნისს, ყიფიანი თბილისში დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს.
შესაძლო მოტივი: ერთ-ერთი ვერსიით, ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობა 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობით დაწყებული შურისძიების ჯაჭვი იყო.
ჯოხაძის მკვლელობა: სოსო ჯოხაძე საკუთარ ავტომობილში ბადრი ("ბადუკა“) ნათობაძემ ჩაცხრილა.
ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის დაპირისპირებას ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. ერთ-ერთი ინციდენტისას კაფეში ჯოხაძეებმა ნათობაძეს ყური მოაჭრეს (დაზიანების კვალს ნათობაძის ადვოკატიც ადასტურებდა). ვატო ყიფიანი მოკლული სოსო ჯოხაძის უახლოეს გარემოცვაში მოიაზრებოდა.
რაც შეეხება ფეიქრიშვილების ამ საქმესთან კავშირს, 2016 წელს შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ თბილისში სამი ერთმანეთთან კავშირში მყოფი პირი დააკავა - გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და 1986 წელს დაბადებული გიორგი ფეიქრიშვილი.
მათი დაკავება დაემთხვა სოსო ჯოხაძის მკვლელობას, რომელიც ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გია ჯოხაძის ძმა იყო. ტყუპი ძმა ფეიქრიშვილები და ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადი (ბადუკა) ნათობაძე ახლო მეგობრები იყვნენ და იმჟამად არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.
გიორგი ფეიქრიშვილმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მის სახლთან მუდმივად იდგნენ პოლიციის მანქანები, თუმცა, მკვლელობასთან კავშირს ის კატეგორიულად უარყოფდა.
ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ შსს-ს მიერ ფეიქრიშვილთან ერთად დაკავებული გიორგი ყანჩაველი, ჯოხაძის მკვლელობის დღეს ბადუკა ნათობაძესთან ერთად იმ მანქანაში იჯდა, რითაც ნათობაძე გადაადგილდებოდა.
შსს იუწყებოდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ფეიქრიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.
ფეიქრიშვილი 2015 წლის ოქტომბერშიც დააკავეს ვაჟა-ფშაველაზე, საკუთარ სახლთან. მას იარაღის უკანონო ტარება ედებოდა ბრალად, თუმცა მაშინ მისი ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ფეიქრიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ის 9 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, 2016 წლის 30 ივნისს კი ციხიდან გამოვიდა.
გიორგი ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდებოდა გია უდესიანს, რომელიც თავის მხრივ "ნაციონალების" "ზონდერ-ჯგუფების" მეთაურად" მოიხსენიებოდა.
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, მისი სახელი ფიგურირებს ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.
დავით ფეიქრიშვილს საფეხბურთო ჩემპიონატზე, ე.წ "მაზით" 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და დახმარებისთვის ქურდული სამყაროს „ავტორიტეტს“ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა.
ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მაშინ გავრცელდა ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერიც, სადაც ისინი თანხაზე საუბრობდნენ. ყიფიანი ფეიქრიშვილს ეუბნებოდა, "ქურდული წესებით", ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წასულიყო. ფეიქრიშვილი კი ყიფიანს პასუხობდა, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს.
ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის ივლისში, თბილისში, ჭავჭავაძეზე დააკავეს. მანქანა სამრეცხაოსთან რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან 40 700 დოლარი ამოიღეს და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული.
მაშინ დავით ფეიქრიშვილი პროკურატურის საპროცესო გარიგებას დასთანხმდა და ციხიდან მალევე გათავისუფლდა.
2021 წლის 16 ნოემბერს კიევში დაჭრეს ჯოხაძეების ახლობელი ირაკლი მალანია, რომელიც 26 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე დაკავებული გიორგი არუთინოვი მედიაში ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრად სახელდებოდა.
ერთ-ერთი კრიმინალური ეპიზოდი 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როდესაც თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კრიპტო-სერვისცენტრ "ტონვექსიდან“ 2 მილიონი ლარი წაიღეს.
ბრალდება და მედიის ვერსია: ძარცვის ორგანიზატორად პრესაში დავით ფეიქრიშვილს ასახელებდნენ.
პირველი ინსტანცია: სასამართლომ ძმებს ბრალი დაუდასტურა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამამართლებელი განაჩენი: სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით ძმები სრულად გაამართლა.