“დაცვის მხარე ითხოვდა სამი მოწმის დაკითხვას, რომლებიც არიან უშუალოდ მომხდარის თვითმხილველები (ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე), რომლებმაც რადიკალურად და კარდინალურად შეცვალეს ის ინფორმაცია, რომელიც თავის დროზე გამოძიებას მიაწოდეს და შემოიტანეს უამრავი ახალი დეტალი, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალები და საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში,“- ამის შესახებ საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილის ადვოკატმა დავით კუტალაძემ განაცხადა.
“ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაცვის მხარე ითხოვდა სამი მოწმის დაკითხვას, რომლებიც არიან უშუალოდ მომხდარის თვითმხილველები, მათ რადიკალურად და კარდინალურად შეცვალეს ის ინფორმაცია, რომელიც თავის დროზე გამოძიებას მიაწოდეს. შემოიტანეს უამრავი ახალი დეტალი, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალები და საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში.
სწორედ იმან, რომ სამივე მოწმემ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაცია, აიძულა ბრალდების მხარე, რომ დღეს მტკიცებულებათა სიიდან ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები მოეხსნა და ეთქვა, რომ მათ აღარ იყენებს მტკიცებულებად. ეს არის უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს თითოეული მოწმის მხრიდან შეცვლილი, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომლებიც რა თქმა უნდა, საბოლოოდ უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას და დასკვნითი სიტყვებისას.
დაცვის მხარე ითხოვდა ამ მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა სასამართლოს ენახა, თუ რაზე საუბრობენ ეს პირები უშუალოდ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ და რა ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას. ბრალდების მხარემ კი საერთოდ ამოიღო იმ მტკიცებულებათა ნუსხიდან, რომელსაც ემყარება საკუთარ დასკვნით სიტყვაში. ისინი სასამართლო დარბაზში უამრავ რაიმეს ჰყვებოდნენ განსხვავებულს.
ერთ-ერთი მოწმე ამბობდა, რომ თითქოს სახლში დაუბრუნეს მობილურები, დღეს კი მტკიცებულებათა გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მას კონკრეტულ პირებთან ჰქონდა ზარები განხორციელებული და საუბრები იყო შემდგარი.
საზღვრის გადაკვეთა მოხდა დაახლოებით 18:00 საათზე. ეს ზარები კი განხორციელებულია 23:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე პერიოდში მაშინ, როდესაც, თვითონ მოწმის მტკიცებით, მას თითქოს ტელეფონი არ უნდა ჰქონოდა. უამრავი წინააღმდეგობაა აღმოჩენილი.
ბრალდების მხარეს, დარჩა ის ჩვენებები, რაც მათ სასამართლოში მისცეს. ეს ჩვენებები, შეფასებული და შედარებული უნდა იყოს გამოძიების დროს მიცემულ ინფორმაციასთან, ერთმანეთთან თავსებადობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, რაზეც საუბარი გვექნება დასკვნით სიტყვაში.
გვაქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი იმ გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რაც სახეზე გვაქვს. ვფიქრობ, სასამართლო მხედველობაში მიიღებს აბსოლუტურად ყველაფერს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციითა და მასთან შემდგარი კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ის დაიკითხოს სასამართლოს მომდევნო სხდომაზე“,- განაცხადა დავით კუტალაძემ.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი პაპაშვილის ბრალეულობა დასტურდება და ამიტომ ბრალდების მხარე, გიორგი პაპაშვილისთვის ყველაზე მძიმე სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
იხილეთ ასევე: