ავღანელმა სპორტსმენმა, რომელიც კარიერის დასაწყისში, თავისივე ქვეყანაში, თალიბანის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად კაცად გადაცმული ვარჯიშობდა, აზიის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ფარიბა ჰაშიმიმ საპრიზო ადგილი სამშაბათს, იაპონიის ქალაქ ნაგოიასთან გამართულ ქალთა საგზაო ველორბოლაში დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კვირას გამართულ ინდივიდუალურ რბოლაში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მოპოვებულ მედალს ჰაშიმიმ “განსაკუთრებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ეს მიღწევა ავღანეთში მცხოვრები სხვა ქალებისთვის შთაგონების წყარო გახდება.
“მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც მეოცნებე ქალებს თავს ესხმიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას ვებრძოლე“, - განაცხადა სპორტსმენმა და დასძინა, რომ სურს, მომავალმა თაობამ საკუთარი ქვეყანა შიშის გარეშე წარადგინოს.


ფარიბა ჰაშიმიმ ავღანეთი 2021 წელს, თალიბანის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ დატოვა. ქალთა უფლებების მკაცრი შეზღუდვის ფონზე, იგი იძულებული კაცად გადაცმულს ევარჯიშა.
სპორტში 15 წლის ასაკში შევიდა და თავისი უფროსი და - იულდუზი გაჰყვა, რომელიც ასევე საერთაშორისო დონის ველოსიპედისტია. მშობლიურ ფარიაბის პროვინციაში არსებული საფრთხის გამო, ფარიბა სავარჯიშოდ კაცის ტანსაცმლით და 2-3 სხვადასხვა ნიღბით გადიოდა, რათა ხალხს იგი არ ეცნო და თავს არ დასხმოდა. ველოსიპედით სიარულისას მას ხშირად ნასროლი ქვების აცილებაც კი უწევდა.

ჰაშიმის თქმით, თალიბანმა ავღანელ ქალებს თავისუფლება წაართვა. ამჟამად იგი იტალიაში ცხოვრობს და ვარჯიშობს, რაც იტალიელი მსოფლიო ჩემპიონის, ალესანდრა კაპელოტოს დახმარებით გახდა შესაძლებელი.
“ვერცხლის მედლის დამსახურება არის მომენტი, რომელიც მთელი ცხოვრება თან გამყვება.
ეს მიღწევა მხოლოდ პირადი არ არის. მას ვუძღვნი მსოფლიოს ყველა ქალსა და გოგონას, რომლებიც გამოწვევებისა და დაბრკოლებების მიუხედავად აგრძელებენ თავიანთი ოცნებების ასრულებას.
შეგიძლიათ ქვები მესროლოთ, სცადოთ ჩემი შეჩერება, მაგრამ ვერ შეაჩერებთ ადამიანს, რომელსაც თავისი მიზნის სჯერა.
ვიცი, რომ მარტო არ ვარ. თან მაქვს ამდენი ქალის მხარდაჭერა, გამბედაობა და ოცნებები - ეს მიღწევა თქვენთვისაა.
გჯეროდეთ საკუთარი თავის. განაგრძეთ წინსვლა. არასოდეს დანებდეთ თქვენს ოცნებებს.
გულწრფელი მადლიერება ჩემს ფედერაციას, ჩემს გუნდს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ამ მოგზაურობის განმავლობაში მხარი დამიჭირა“, - აღნიშნა მან.