1922 წელს ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა, ამავდროულად, მან არქეოლოგიაში დამკვიდრებულ ერთ-ერთ ყველაზე მყარ ლეგენდასაც მისცა დასაბამი. გათხრებთან დაკავშირებული ადამიანების უცნაურმა დაავადებებმა, უბედურმა შემთხვევებმა და ნაადრევმა სიკვდილმა გააღვივა ეჭვები, რომ ახალგაზრდა ფარაონის განსასვენებელს სასიკვდილო წყევლა იცავდა.

ახლა, როდესაც არქეოლოგები ფარაონის აკლდამის იმ სავარაუდო ფარულ კამერებში, სადაც, შესაძლოა, დედოფალ ნეფერტიტის დიდი ხნის დაკარგული სამარხიც იმალებოდეს, გათხრითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ ე.წ. “ფარაონის წყევლის“ ირგვლივ არსებულმა უცნაურმა ისტორიებმა ხელახლა იჩინა თავი.

წყევლის “პირველი მსხვერპლი“ აკლდამის გახსნიდან სულ რაღაც ხუთ თვეში გამოვლინდა. პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი, ლორდ კარნარვონი, 1923 წლის 5 აპრილს სისხლის მოწამვლითა და ფილტვების ანთებით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახეზე კოღოს ნაკბენით დაინფიცირდა. თუმცა, ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ კარნარვონის სიკვდილი ფარაონის აკლდამაში არსებული სპორების ჩასუნთქვამ გამოიწვია.
ჭორებს გავრცელებას “შერლოკ ჰოლმსის“ ავტორმა, სერ არტურ კონან დოილმაც შეუწყო. გამოცემა Glasgow Herald-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან შემდეგი დაწერა “ლორდ კარნარვონის სასიკვდილო დაავადება, შესაძლოა, ბოროტ სულს (ელემენტალს) გამოეწვია. არავინ იცის, რა ტიპის არსებები არსებობდნენ იმ დროს ან რა ფორმა ჰქონდათ მათ. ეგვიპტელებმა ამ საკითხებზე ბევრად მეტი იცოდნენ, ვიდრე ჩვენ“.

კიდევ ერთი “დაწყევლილი“, რომელიც მეფე ტუტანხამონის აკლდამას ეწვია, მდიდარი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ ჯეი გულდი გახლდათ. მან აკლდამა 1923 წელს, ლორდ კარნარვონის მიწვევით დაათვალიერა, თუმცა დაუყოვნებლივ ავად გახდა. ფინანსისტი ვეღარ გამოჯანმრთელდა და რამდენიმე თვეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
მესამე მსხვერპლი - არქეოლოგი არტურ მეისი აკლდამის განძის გაწმენდასა და კატალოგიზაციაში მონაწილეობდა. აკლდამაში მუშაობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 53 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული სიკვდილი არქეოლოგ ჰიუ ეველინ-უაითს უკავშირდება, რომელიც სამარხში, ე.წ. დაკრძალვის კამერაში შევიდა, 1924 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობების თანახმად, ეველინ-უაითმა დატოვა წერილი ტექსტით: “მე წყევლას დავემორჩილე“.
უცნაურია, რომ წყევლის ზოგიერთ “მსხვერპლს“ აკლდამაში ფეხიც კი არ დაუდგამთ. ლორდ კარნარვონის ნახევარძმა, ობრი ჰერბერტი, აკლდამის გახსნიდან მალევე, 1923 წელს, სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ განვითარებული სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. ამან ოჯახის ირგვლივ ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა,ზოგი ვარაუდობდა, რომ ფარაონის წყევლა უბრალოდ ლორდ კარნარვონთან ნათესაობის გამო შეეხო.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, მუმიის წყევლას ემსხვერპლა, ეგვიპტოლოგი აარონ ემბერი გახლდათ (გარდაიცვალა 1926 წელს). თუმცა იგი გათხრებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, ექსპედიციის წევრებთან მეგობრობდა. ემბერი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა, როდესაც ძველეგვიპტური რწმენა-წარმოდგენების შესახებ ხელნაწერთა გადარჩენას ცდილობდა.
თუმცა ჰოვარდ კარტერზე, ადამიანზე, რომელსაც აკლდამის აღმოჩენა მიეწერება, უცნაურ მოვლენებს გავლენა არ მოუხდენია, იგივეს ვერ ვიტყვით მის მეგობრებზე. საგამომცემლო სფეროს წარმომადგენელმა, სერ ბრუს ინგრამმა, კარტერისგან საჩუქრად მუმიფიცირებული ხელი მიიღო, რომელსაც ქაღალდების დასაჭერად იყენებდა. სულ მალე მისი სახლი, გავრცელებული ცნობებით, დაიწვა, აღდგენითი სამუშაოების დროს კი წყალდიდობამ დააზიანა.
წყევლის ისტორიებში ხშირად მოიხსენიებენ რადიოლოგ სერ არჩიბალდ დაგლას რეიდსაც. 1920-იანი წლების პოპულარული ლეგენდები და სენსაციური სტატიები ამტკიცებდნენ, რომ სერ არჩიბალდმა ტუტანხამონის ნაშთები რენტგენით ზუსტად იმის წინ გადაიღო, სანამ მუმიას მუზეუმის ადმინისტრაციას გადასცემდნენ.


ცნობილი ეგვიპტოლოგი ჯეიმს ჰენრი ბრესტედიც ჰოვარდ კარტერის გუნდის წევრი იყო. ლეგენდის თანახმად, აღმოჩენიდან მალევე, სახლში დაბრუნებულს თავისი საყვარელი იადონი მკვდარი დახვდა, ფრინველი კობრას მოეკლა, რომელიც ჯერ კიდევ გალიაში იჯდა. ვინაიდან კობრა ძველი ეგვიპტის სამეფო ხელისუფლების ძლიერი სიმბოლო იყო და ფარაონების თავსაბურავებზე მფარველობის ნიშნად გამოსახავდნენ, ეს შემთხვევა ბევრმა ცუდ ნიშნად აღიქვა.
მიუხედავად ამისა, წყევლის თეორიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი არგუმენტი თავად ჰოვარდ კარტერის ბედია. არქეოლოგმა, რომელმაც აკლდამა აღმოაჩინა, ხელმძღვანელობდა გათხრებს და მის შიგნით ყველაზე მეტი დრო გაატარა, ამის შემდეგ კიდევ 17 წელი იცოცხლა და 1939 წელს, 64 წლის ასაკში, კიბოს დაავადებით გარდაიცვალა.
კარტერის შედარებით ხანგრძლივმა სიცოცხლემ მრავალ ისტორიკოსს მისცა საფუძველი, ე.წ. “ფარაონის წყევლა“ უბრალო დამთხვევებით სერიიდან წარმოშობილ მითად მიეჩნია.