ცნობილია 85 წლის ქალის ვინაობა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში, კაცმა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალი ელიკო ასაბაშვილია.
გამოცემის ინფორმაციით, მოხუცი ცივი იარაღით არის მოკლული. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ასაბაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. თავდამსხმელი მასთან სავარაუდოდ, გვიან ღამით შეიჭრა და თანხის გამოძალვას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
სოფელში ამბობენ, რომ მკვლელობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ასაბაშვილის სახლზე კვამლი შენიშნეს.
“საქმეზე დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს ადგილობრივების გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსკ-ის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო,“ - წერს ადგილობრივი გამოცემა.
შეგახსენებთ, ყვარელში კაცმა 85 წლის ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა. თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. სოფელში ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარება აიღო. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და კვალის დაფარვას შეეცადა.