ავტორი:

დახვედრა ბომბდამშენების გადაფრენითა და 30-მეტრიანი ხალიჩით: დონალდ ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდა - რა იგეგმება ჩინელი ლიდერის 3-დღიანი ვიზიტისას?

დახვედრა ბომბდამშენების გადაფრენითა და 30-მეტრიანი ხალიჩით: დონალდ ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდა - რა იგეგმება ჩინელი ლიდერის 3-დღიანი ვიზიტისას?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს, ვაშინგტონში სამდღიანი სამიტის დაწყებამდე ბომბდამშენების გადაფრენითა და 30-მეტრიანი წითელი ხალიჩით დახვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ოთხშაბათს საღამოს, სი ძინპინსა და მის მეუღლეს, პენ ლიიუანს, მერილინდის შტატში მდებარე ენდრიუსის გაერთიანებულ ბაზაზე მიესალმნენ, ტრამპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს პირადად შეხვდა აეროპორტში, სადაც ასაფრენ ბილიკზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრი მარშირებდა, ასევე ფრიალებდა ამერიკული და ჩინური დროშები.

მოსალოდნელია, რომ სი ძინპინის 2015 წლის შემდეგ პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, მოიცავს დახურულ შეხვედრებს, სახელმწიფო ვახშამსა და განსახილველ თემათა ფართო წრეს: ხელოვნური ინტელექტიდან და ირანთან ომიდან დაწყებული, ტაივანითა და სავაჭრო ზავის გაგრძელებით დამთავრებული.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი Air China-ს თვითმფრინავით ადგილობრივი დროით 17:39 საათზე დაჯდა. საპატიო ყარაული თვითმფრინავს მიუახლოვდა და წითელი ხალიჩის ორსავე მხარეს ჩამწკრივდა, როდესაც ტრაპთან ორი ლიმუზინი მივიდა.

სი ძინპინმა და პენ ლიიუანმა თვითმფრინავი დატოვეს, რის შემდეგაც წყვილებმა ხელის ჩამორთმევა გაცვალეს. მათ მოკლედ ისაუბრეს, შემდეგ კი გვერდიგვერდ გაიარეს წითელ ხალიჩაზე და ფოტოებისთვის პოზირებდნენ.

ორმა B-1 ბომბდამშენმა გადაუფრინა ბაზას, ვიდრე ორკესტრი აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს ასრულებდა. ეს ზებგერითი თვითმფრინავები ამერიკული საბრძოლო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მისალმებისა და მცირე გასაუბრების შემდეგ ორივე წყვილი ვაშინგტონში ცალ-ცალკე ავტომობილებით გაემგზავრა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უცხოელი ლიდერის აეროპორტში დახვედრა პირველი ასეთი შემთხვევაა ბოლო 11 წლის განმავლობაში. უკანასკნელად მსგავსი პატივი რომის პაპ ფრანცისკეს მიაგეს 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. ხოლო მანამდე, 1962 წელს, პრეზიდენტი ჯონ კენედი შეხვდა დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა უკვე განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი სავაჭრო ზავს იანვრამდე გაახანგრძლივებენ. შეთანხმების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც ტრამპმა ზოგიერთ საქონელზე ტარიფები შეამცირა, ხოლო სი ძინპინმა იშვიათმიწა მინერალების მიწოდებაზე შეზღუდვები შეარბილა, 10 ნოემბერს, წესით, იწურებოდა.

ბესენტმა, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრემიერ ხე ლიფენგთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა, განაცხადა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალში უფრო შინაარსიანი სავაჭრო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუას“ მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთიც და აშშ-იც "დიდი სახელმწიფოს წარმოადგენენ, ხოლო მათი ხალხები - დიდ ხალხებს“.

"აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“, - განაცხადა მან.

მელანია ტრამპის თქმით, მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ვიზიტის პროგრამის დაგეგმვაში. Fox News-თან ინტერვიუში პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ტრამპმა სი ძინპინთან აეროპორტში პირადად შეხვედრა გადაწყვიტა, "რადგან მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ“.

სი ძინპინს თან ახლავს პარტიის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი ცაი ცი, რომელსაც ბევრი მის მარჯვენა ხელად მიიჩნევს, ვიცე-პრემიერი ხე ლიფენგი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, ასევე სხვა დელეგატები პეკინიდან.

"ერთად შეგვიძლია და უნდა ვიპოვოთ სწორი მიდგომა, რათა ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა - ორმა დიდმა ქვეყანამ - ახალ ეპოქაში ერთმანეთთან კარგად იურთიერთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, - აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში.

მისი თქმით, "ჩინელი ერის დიდებული აღორძინება” და “ამერიკის კვლავ დიდებულად გახდომა” შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს;

“ამასთან, ორ ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნავს სი ძინპინი.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. სი ძინპინსა და მის მეუღლეს დონალდ და მელანია ტრამპები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე დახვდნენ. სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დღეისთვის არის დაგეგმილი.

ცნობილი ხდება ასევე, რომ თეთრ სახლში დახვედრის ცერემონიალის გარდა, მელანია ტრამპმა ასევე დაგეგმა სმიტსონის აზიური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დათვალიერება, რათა თავის ჩინელ კოლეგას ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული კავშირები უჩვენოს.

ეს ისტორიული ვიზიტი ისტორიულ ნოტაზე დასრულდება ეროვნული არქივის შენობაში, სადაც ორივე წყვილი გაეცნობა მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მათ შორის მათ, რომელთაც თეთრი სახლის განცხადებით "მნიშვნელობა აქვთ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებისთვის“.