ავტორი:

ცნობილ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ასისტენტზე სექსუალური ძალადობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მარიამ ჰეილის საქმე და კიდევ არაერთი ბრალდება

ცნობილ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ასისტენტზე სექსუალური ძალადობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მარიამ ჰეილის საქმე და კიდევ არაერთი ბრალდება

წარსულში გავლენიან, ამერიკელ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც ადრე სექსუალური ხასიათის რამდენიმე დანაშაულისთვის ხანგრძლივი ვადით იყო მსჯავრდებული, ოთხშაბათს, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნიუ-იორკის სასამართლოში ეს განაჩენი გამოიტანეს ბრალდების იმ მუხლით, რომლის მიხედვითაც ამჟამად 74 წლის ვაინშტაინმა 2006 წელს ტელეპროდიუსერის ასისტენტს, მირიამ ჰეილის, ორალური სექსი იძულებით დაამყარებინა.

პირველი განაჩენი ამ და კიდევ ერთ მუხლზე - 23 წლით პატიმრობა - ვაინშტაინმა ნიუ-იორკში ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო. მან განაჩენი გასაჩივრა, ხოლო 2024 წელს სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განხილვისთვის დააბრუნა იმ მიზეზით, რომ მოსამართლემ სერიოზული შეცდომები დაუშვა.

წელიწადზე მეტი ხნის წინ, 2025 წლის ივნისში, ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი ერთ ეპიზოდში გაამართლეს, თუმცა დამნაშავედ ცნეს მეორეში, რომელიც მირიამ ჰეილის შეეხებოდა. მოსამართლემ მას ახალი სასჯელი მხოლოდ ახლა განუსაზღვრა.

პროკურორი 20 წლით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე იხსენებდა, რომ ხანდაზმული ვაინშტაინი შესაძლოა ციხეში გარდაიცვალოს.

ნიუ-იორკის ციხის გარდა, 74 წლის ვაინშტაინს, რომელიც კიბოთი და დიაბეტითაა დაავადებული, კალიფორნიის ციხეც ელის: 2021 წელს ლოს-ანჯელესის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულების 11 შემთხვევიდან 3-ში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს განაჩენი ვაინშტაინმა ასევე გასაჩივრა.

ოთხშაბათს, ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში, მან მოსამართლეს შეიწყალებისკენ მოუწოდა.

"მე არ ვარ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანი, შემიბრალეთ! გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ყველას წინაშე, ვისაც ტკივილი მივაყენე“, - თქვა მან.

მირიამ ჰეილიმ, სააგენტო AFP-ის ცნობით, სასამართლოში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ვაინშტაინმა მას გაუკეთა, თვითონ განიცდის გამოცდილებას, რომელიც უვადო პატიმრობას შეედრება და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება.

მან კვლავ აღნიშნა, რომ ვაინშტაინმა ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება, როდესაც იგი სექსზე აიძულა, და რომ ღრმად შეძრა იმ ფაქტმა, რომ პროდიუსერი მას უმნიშვნელო პერსონად მიიჩნევდა, ვისთანაც ასე მოქცევა შეიძლებოდა.

ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების უმეტესობის არსი ისაა, რომ იგი სექსს აიძულებდა ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც კინოსამყაროში მის მფარველობასა და კარიერულ დახმარებას ეძებდნენ.

ვაინშტაინის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მისი სავარაუდო მსხვერპლები მასთან სექსზე ურთიერთთანხმობით მიდიოდნენ, ხოლო ცილი მას შემდეგ დასწამეს, რაც მათმა კარიერამ, ამის მიუხედავად, ისე ვერ აეწყო, როგორც იმედოვნებდნენ.

სექსის იძულებაში ვაინშტაინი საჯაროდ ათობით ქალმა დაადანაშაულა, თუმცა ამ ბრალდებების უმეტესობა სასამართლომდე არ მისულა და არც განაჩენით დასრულებულა.