43 წლის ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის, არნო დენის ცხოვრების ბოლო სამი წელი სცენის ნაცვლად საავადმყოფოებში, ტკივილსა და უშედეგო მკურნალობაში გავიდა. 2026 წლის 22 სექტემბერს მსახიობმა ბელგიის ქალაქ ნამურში ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე. მისი ადვოკატის, ფილიპ კურტუას თქმით, გადაწყვეტილება სამ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. "მისი სხეული ვეღარ ატარებდა. მან მასზე კონტროლი დაკარგა“, - განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.
დენის ისტორია განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა, არამედ იმიტომაც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაუარესდა. საზარდულის თიაქრის ოპერაციის დროს, მის ორგანიზმში პოლიპროპილენის ბადე, ე.წ. პროთეზი, მოათავსეს.
არნო დენი 1983 წლის 31 მაისს პარიზში დაიბადა. იგი ფრანგულ თეატრალურ სამყაროში განსაკუთრებით კლასიკური დრამატურგიით იყო ცნობილი.
ის სწავლობდა ცნობილი თეატრალური პედაგოგის, ჟან-ლორან კოშეს კურსებზე, მოგვიანებით კი საფრანგეთის დრამატული ხელოვნების ეროვნულ უმაღლეს კონსერვატორიაში ჩაირიცხა. 2003 წელს მან საკუთარი თეატრალური დასი - Les Compagnons de la chimère - დააარსა, რომელსაც დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
დენის კარიერა მხოლოდ მსახიობობას არ მოიცავდა. ის იყო რეჟისორი და დრამატურგი. სამჯერ იყო ნომინირებული ფრანგულ თეატრალურ პრემიაზე - "მოლიერი“.

მის ნამუშევრების შორის იყო "მარი დე პულ“, ოსკარ უაილდის "ყოფნის მნიშვნელობა“ და "სახიფათო კავშირები“. 2024 წელს დადგმულმა "სახიფათო კავშირებმა“ განსაკუთრებით მიიპყრო ყურადღება. ამ პერიოდში დენი ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობდა თეატრში და სცენაზე დაბრუნებას გეგმავდა.
"თამაში ჩემი ცხოვრების მიზეზია“, - ამბობდა ის მოგვიანებით. სწორედ სცენის დაკარგვა აღმოჩნდა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა.
2023 წლის 17 ივლისს არნო დენის მარჯვენა საზარდულის თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა.
ასეთი ოპერაციები მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. დენის შემთხვევაშიც ქირურგებმა პოლიპროპილენისგან დამზადებული პროთეზი გამოიყენეს. სწორედ ამ ჩარევიდან მალევე დაიწყო ის პერიოდი, რომელსაც მსახიობი მოგვიანებით "კოშმარს“ უწოდებდა.
დენის მონათხრობით, ოპერაციიდან დაახლოებით ათ დღეში მას შარდსა და განავალში სისხლი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და სხვა მძიმე სიმპტომები დაეწყო. მისი თქმით, შემდეგ თვეებში დაახლოებით 20-ჯერ მოუწია სასწრაფო დახმარებისა და გადაუდებელი განყოფილებების მიმართვა.
მდგომარეობა თანდათან უფრო რთულდებოდა.
აწუხებდა ძლიერი ტკივილები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუნთოვანი და ნევროლოგიური სიმპტომები, ჰორმონალური დარღვევები. Le Monde-ის ცნობით, ოპერაციიდან სამ თვეში მსახიობმა დაახლოებით 17 კილოგრამი დაიკლო.
2026 წლის დასაწყისში ფრანგული ტელევიზიის ეთერში თავისი მდგომარეობის შესახებ ღიად საუბრობდა.
მისი თქმით, უკვე დაახლოებით ორ წელიწად ნახევარი იყო, რაც ნორმალურად ვეღარ ჭამდა, კარგავდა კუნთოვან მასას და სიარულიც სულ უფრო უჭირდა. მას ასევე აწუხებდა ყურებში ხმაური და მხედველობის ნაწილის დაკარგვა.
მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. დენი ამბობდა, რომ ექიმები მას ვერ შველოდნენ.
"მედიცინა აღარაფერს მთავაზობს“, - თქვა მან ტელევიზიის ეთერში, როდესაც უკვე ბელგიაში ევთანაზიის პროცედურის დაწყებაზე საუბრობდა.
თავდაპირველად ექიმები მისი სიმპტომების მიზეზს უშუალოდ ოპერაციასთან არ აკავშირებდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა საჭმლის მომნელებელი სისტემის ქირურგმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პრობლემა შესაძლოა ორგანიზმის მიერ იმპლანტის აუტანლობას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ დენიმ ბადის ამოღება გადაწყვიტა.
2024 წლის აპრილში ოპერაციისთვის ის აშშ-ში გაემგზავრა. პროცედურის ღირებულებამ დაახლოებით 40 000 ევრო შეადგინა. თუმცა იმპლანტის ამოღების შემდეგ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ჯანმრთელობის გაუარესება გაგრძელდა. ექიმები ვერ ამბობდნენ, რომ აუტანელი ტკივილები სწორედ იმპლანტმა გამოიწვია, თუმცა თავად მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი ის იყო. მის პოზიციას იზიარებდა მისი ადვოკატიც. თუმცა პარიზის პროკურატურამ მოგვიანებით განაცხადა, რომ არსებული მასალებით შესაძლო კავშირის არსებობა იკვეთებოდა, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი საკმარისად მყარად, მეცნიერულ საფუძველზე დადასტურებული არ იყო სისხლის სამართლის საქმის გასაგრძელებლად.

საკუთარი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ საუბრის შემდეგ დენიმ აღმოაჩინა, რომ მსგავსი ჩივილებით სხვა ადამიანებიც არსებობდნენ. მან შექმნა გაერთიანება "Victimes françaises des prothèses de hernies“ - "თიაქრის პროთეზების ფრანგი მსხვერპლები“, რომლის საშუალებითაც ადამიანები იმპლანტებთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებზე საკუთარ ისტორიებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
დენი თანდათან მხოლოდ პაციენტი აღარ იყო - ის საკუთარი პრობლემის შესახებ საჯარო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.
ამავდროულად, ფრანგული მედია წერდა, რომ თიაქრის ოპერაციების შემდეგ ქრონიკული ტკივილი მართლაც ცნობილი გართულებაა, თუმცა მისი სიხშირე კვლევების მიხედვით განსხვავდება და მისი წარმოშობა მხოლოდ იმპლანტს არ უკავშირდება. ერთ დიდ კვლევაში საზარდულის თიაქრის ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ მუდმივი ტკივილი პაციენტების 15.9%-მა დააფიქსირა, ხოლო მძიმე ტკივილი - 6.9%-მა.
2026 წლის 5 იანვარს არნო დენიმ ექიმების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელიც უნებლიედ მიყენებულ დაზიანებებს ეხებოდა. 31 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ მას აცნობა, რომ საქმე წყდებოდა, რადგან დანაშაული საკმარისად დადასტურებული არ იყო. პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ უარყოფდა იმ მძიმე ზიანს, რომელიც დენის ჯანმრთელობას მიადგა.
დენისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატუსში წერდა, რომ ამ გადაწყვეტილებით "მისი სხეულიდან დარჩენილ მცირედსაც კი ფეხქვეშ თელავდნენ“.
ადვოკატმა კი საქმის დახურვა გაასაჩივრა და 18 სექტემბერს ახალი საჩივარი შეიტანა სამოქალაქო მხარის კონსტიტუციით, რათა სასამართლო გამოძიების დაწყებისთვის მიეღწია.
დენიმ სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2026 წლის დასაწყისში გაასაჯაროვა.
საფრანგეთში იმ დროს ევთანაზიის საკითხზე ხანგრძლივი პოლიტიკური და საკანონმდებლო დებატები მიმდინარეობდა. თუმცა 2026 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთში ევთანაზიის შესახებ კანონი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.
კანონი განსაზღვრავს "სიცოცხლის დახმარების“ უფლებას გარკვეული მკაცრი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის - სრულწლოვანებას, საფრანგეთის მოქალაქეობას ან საფრანგეთში სტაბილურ და კანონიერ რეზიდენტობას, მძიმე და განუკურნებელ დაავადებას, რომელიც სიცოცხლის პროგნოზს ეხება, და მკურნალობისადმი რეფრაქტორულ ან პაციენტის მიერ აუტანლად მიჩნეულ ტანჯვას.
დენის შემთხვევა ამ ახალი ფრანგული კანონის სრულად ამოქმედებამდე და მისი პრაქტიკული პროცედურების ჩამოყალიბების პროცესში განვითარდა, ამიტომ მან ბელგიას მიმართა ევთანაზიისთვის.
2026 წლის 22 სექტემბერს არნო დენიმ გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. ადვოკატის განცხადებით, ევთანაზიის პროცედურა ბელგიის ქალაქ ნამურში სამი ექიმის კონსულტაციის შემდეგ ჩატარდა. ადვოკატმა თქვა, რომ მსახიობის სიკვდილი დაკავშირებული იყო იმ ინტენსიურ ტკივილთან, რომელსაც ის მრავალი თვის განმავლობაში განიცდიდა.
იმავე დღეს დენიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
ის წერდა, რომ დასრულებული ჰქონდა ბრძოლა "სამედიცინო ძალადობასთან“ და ევთანაზიას "ხსნად“ აღიქვამდა სამი წლის "უსასრულო და დამამცირებელი ტანჯვის“ შემდეგ. მან ასევე გააკრიტიკა ექიმების ნაწილი, სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელი კომპანია და საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო. ამავე წერილში მადლობა გადაუხადა ბელგიას პალიატიური დახმარებისთვის.
არნო დენის ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ მისი ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო. ის ახალგაზრდა, აქტიური ეჟისორი და მსახიობი იყო. დგამდა სპექტაკლებს, თამაშობდა სცენაზე, ხელმძღვანელობდა საკუთარ დასს და ახალ პროექტებზე მუშაობდა. 2024 წელსაც კი, როდესაც ჯანმრთელობა უკვე მნიშვნელოვნად ჰქონდა გაუარესებული, სცენაზე დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს. "როგორც კი შევძლებ, სცენაზე დავბრუნდები“, - ამბობდა ის, მაგრამ დაბრუნება აღარ შედგა.
2023 წლის 17 ივლისის ოპერაციიდან სამ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 43 წლის მსახიობის სიცოცხლე დასრულდა არა სცენაზე, არამედ ბელგიის კლინიკაში.
"მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, სანამ ავად გავხდებოდი“, - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წინადადება მის უკანასკნელ გზავნილში.