ოკუპირებული აფხაზეთის რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკში ვულკანის ამოფრქვევის შესახებ სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა.
ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა თვითმხილველების მიერ რიწისკენ მიმავალ გზაზე, მთიან და ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, კვამლისა და უცნაური ნათებების შემჩნევა.
23 სექტემბერს Telegram-არხმა "ЧП Абхазия“ გაავრცელა ვიდეო, რომლის ავტორიც ამბობდა, რომ რიწისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე საღამოს განმავლობაში კლდოვან ფერდობზე პატარა ცეცხლის მსგავსი ნათებები ჩნდებოდა და მალევე ქრებოდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტერიტორიის შესამოწმებლად ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველთა ჯგუფი გაემართა.
როგორც რუსულენოვანი გამოცემა "Апсадгьыл-инфо“ წერს, რთულად მისადგომი მთიანი ტერიტორია მაშველებმა ადგილზე შეისწავლეს. დამატებით, ტერიტორიის დასათვალიერებლად უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კვამლის წყარო ციცაბო კლდოვან ფერდობზე მდგარი ხე იყო. ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ვერსიით, ხე ცოტა ხნის წინ, უამინდობის დროს, მეხის დაცემის შედეგად აალდა და შემდეგ ნელა იწვოდა.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე ვულკანური აქტივობის ნიშნები არ გამოვლენილა. ასევე არ დადასტურებულა ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრის საფრთხე.
რიწის რელიქტური ეროვნული პარკი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია მთიანი რელიეფითა და ხშირი ტყეებით გამოირჩევა.