ავტორი:

“ბირთვული ქალაქები“ და საგამოცდო პოლიგონების ახალი ქსელი - ექსპერტებმა თანამგზავრული ფოტოები გაშიფრეს: რას მალავს ჩინეთი?

“ბირთვული ქალაქები“ და საგამოცდო პოლიგონების ახალი ქსელი - ექსპერტებმა თანამგზავრული ფოტოები გაშიფრეს: რას მალავს ჩინეთი?

ახალი ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ჩინეთის ბირთვული არსენალი მასშტაბურად ფართოვდება.

გაზეთ Daily Telegraph-ის მიერ გაანალიზებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ბოლო თვეებში ჩინეთის რეგიონებში სულ მცირე 7 ბირთვული საგამოცდო და სამშენებლო ობიექტი გამოჩნდა ან გაფართოვდა, რასაც თან ახლავს ინფრასტრუქტურისა და საგამოცდო პოლიგონების ვრცელი ქსელის მშენებლობა.

ერთ-ერთ ლოკაციაზე ბირთვულ ობიექტთან მთელი ქალაქი გაშენდა. საბრძოლო ქობინების სიახლოვეს გაჩნდა საცხოვრებელი კორპუსები, სპორტული მოედნები და ავტობუსების დეპო პერსონალისთვის.

სხვაგან დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის სპეციალური მილია განთავსებული, რომელიც, სავარაუდოდ, იმის გასაზომად გამოიყენება, თუ რამდენად გაუძლებს ბირთვული იარაღი მოწინააღმდეგის თავდასხმას. კიდევ ერთ ლოკაციაზე კი, როგორც ჩანს, მაღალტექნოლოგიური ლაზერების გამოყენებით ბირთვული აფეთქების ეფექტებს სწავლობენ.

ეს ყველაფერი სი ძინპინის იმ მოწოდებების ფონზე ხდება, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთას ეხება. მათ შორის არის “პირველად არგამოყენების“ პოლიტიკა და ჩინეთის მიერ "ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა, რაც ღია სივრცეში აფეთქებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, 2012 წელს პრეზიდენტ სი ძინპინის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩინეთის ბირთვული არსენალი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, გასული წლის იანვრის მონაცემებით მან 620 საბრძოლო ქობინს მიაღწია.

შედარებისთვის, აშშ-ს დაახლოებით 5,300, ხოლო რუსეთს 5,500 საბრძოლო ქობინი გააჩნია.

ექსპერტების ვარაუდით, თუ ზრდის ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდა, 2035 წლისთვის ჩინეთს შესაძლოა უკვე 1,500 ბირთვული ქობინი ჰქონდეს. ზოგ მათგანს დაახლოებით 15,000 კმ. დაფარვა შეუძლია, რაც სრულიად საკმარისია აშშ-ის ტერიტორიაზე დარტყმის მისატანად. ჩინეთს ასევე სრული ბირთვული ტრიადა გააჩნია, მას ბირთვული ქობინების ხმელეთიდან, წყალქვეშა ნავებიდან და ავიაციიდან გაშვება შეუძლია

როგორც ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს პეკინის ბირთვული არსენალის ზრდა შესაძლოა პასუხი იყოს დონალდ ტრამპის მიერ გასული შემოდგომაზე გაჟღერებულ იმ მოწოდებაზე, რომელიც აშშ-ის ბირთვული არსენალის გაზრდას ეხებოდა.

წყარო