სოჭში ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია "ბოჩაროვ რუჩეის“ დანგრეული მთავარი შენობის ადგილას მასშტაბური მშენებლობა სრულდება.
BBC-მ გაარკვია, რომ სამუშაოები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის ეგიდით, სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთით მიმდინარეობს. ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კონტრაქტორი პრეზიდენტის მეგობრის ორბიტიდან არის. მშენებლებისთვის განკუთვნილ ვაკანსიებში პროექტს "სტრატეგიულს“ უწოდებდნენ, ანაზღაურებას ნაღდი ფულით, საცხოვრებელს კი "აუზიან ჰოსტელში“ ჰპირდებოდნენ. ამასთანავე, 2026 წლისთვის უკვე შიდა მოპირკეთების სპეციალისტებს ეძებდნენ.
2024 წელს "ბოჩაროვ რუჩეიში“ - რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში ძველი შენობების დანგრევა დაიწყეს. 2025 წლის სექტემბრისთვის მათ ადგილას უკვე დიდი ქვაბული იყო. ხელისუფლებას საჯაროდ არაფერი განუცხადებია არც დანგრევის და არც მისი მიზეზების შესახებ.


ამასთანავე, მთელი კომპლექსი არ დაუნგრევიათ. რეზიდენციის სამხრეთ საზღვართან შენარჩუნდა 2014 წლის ოლიმპიადისთვის აშენებული კორპუსი "ბოჩაროვ რუჩეი-2“. პუტინი დროდადრო იქ მაღალი რანგის სტუმრებს იღებს.
თუმცა, მთლიანობაში, ომის განმავლობაში პრეზიდენტმა სოჭში სტუმრობას საგრძნობლად უკლო: Financial Times-ის გათვლებით, ომამდე პუტინი ქალაქს 24-ჯერ ეწვია, 2022 წელს - 13-ჯერ, ხოლო 2024 და 2025 წლებში - მხოლოდ ორ-ორჯერ.
პუტინის შავი ზღვის სანაპიროზე ვიზიტების მკვეთრი შემცირება დაემთხვა იმას, რომ სანაპირომდე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უფრო ხშირად დაიწყეს მიღწევა. რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურმა 2026 წელს გადაწყვიტა დამატებით გაეძლიერებინა "ბოჩაროვ რუჩეის“ დაცვა და რეზიდენციის გარშემო სამ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის დაცული ზონა შეექმნა.
თავდასხმების საფრთხისა და პუტინის იშვიათი ვიზიტების მიუხედავად, დანგრეული შენობების ადგილას ახალი მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. BBC-მ თანამგზავრულ ფოტოებზე აღმოაჩინა, რომ 2026 წლის შემოდგომისთვის უკვე ჩანს ახალი შენობების სახურავები - მათ საგრძნობლად დიდი ფართობი უკავიათ, ვიდრე უწინდელ რეზიდენციას.

ახალი მშენებლობის შესახებ ხელისუფლებას საჯაროდ არაფერი განუცხადებია. თუმცა დახურულ ობიექტს დოკუმენტური კვალი დარჩა და "ბი-ბი-სიმ“ მისი მიკვლევა შეძლო.
კონტრაქტი, რომელიც ღია რეესტრში არ არის "რუსეთის ფსო-ს შენობა-ნაგებობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია "ბოჩაროვ რუჩეი““ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტრაქტით, რომლის 25-ნიშნა ნომერია 2327202903572000000000000. ეს ნომერი BBC-მ კონტრაქტორებს შორის დავის შესახებ ერთ-ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღმოაჩინა.
ასეთ ნომრებს სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთით გაფორმებული კონტრაქტები იღებს. საარბიტრაჟო სასამართლომ მანამდე მოსკოვის ოლქის "ნოვო-ოგარიოვოს“ მაგალითზე დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციები იურიდიულად სწორედ თავდაცვის ობიექტებს მიეკუთვნება.

მონაცემები ასეთი კონტრაქტების შესახებ დახურულია და შესყიდვების ჩვეულებრივ რეესტრებში არ ქვეყნდება. თუმცა 25-ნიშნა იდენტიფიკატორის სტრუქტურა იძლევა საშუალებას, კონტრაქტის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შევიტყოთ.
თუმცა ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინოთ, ვის ერგო მშენებლობა - და ამაში კვლავ სასამართლო გადაწყვეტილებები დაეხმარათ..
მშენებლობის გენერალური კონტრაქტორი გახდა ანექსირებულ ყირიმში დარეგისტრირებული კომპანია "ჯგუფი კომპანიებისა ტრანსსტროინვესტი“ (ГК ТСИ), მისი დასახელება ჩნდება "ბოჩაროვ რუჩეიში“ მომუშავე სუბკონტრაქტორებთან ერთბაშად რამდენიმე სასამართლო დავაში.
მშენებლობა 2025 წელს გაიშალა. მაშინ ერთ-ერთი ლიზინგური ცენტრი იტყობინებოდა, რომ "ყირიმულ სამშენებლო კომპანიას“ გადასცა ექსკავატორები "ბოჩაროვ რუჩეის აგარაკის რეკონსტრუქციისთვის“. ГК ТСИ-ს ნამდვილად აქვს ხელშეკრულებები ამ ლიზინგურ ცენტრთან, ნათქვამია "ფედრესურსზე“ - კომპანიების საქმიანობის შესახებ მონაცემთა სახელმწიფო რეესტრში.
სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს გენკონტრაქტორი სხვა კომპანიებს გადასცემდა. მშენებლობის უკვე პირველსავე თვეებში რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება კონფლიქტითა და სასამართლოებით დასრულდა.
თავდაპირველად მშენებლებისადმი მოთხოვნები მშენებლობის მაღალ სტატუსს შეესაბამებოდა. 2025 წლის გაზაფხულზე მშენებლობაზე ეძებდნენ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ნასამართლობის გარეშე: "ფსო-ს ობიექტია - საჭიროა მონაცემების შემოწმების გავლით“, - იუწყებოდნენ ერთ-ერთ განცხადებაში.
მოგვიანებით მოთხოვნები შემსუბუქდა. დამსაქმებლები მზად იყვნენ მიეღოთ ასევე ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. უპირატესობას ანიჭებდნენ მთლიან ბრიგადებს "საკუთარი ინჟინრითა და "პრორაბით“, თუმცა აჰყავდათ შტატგარეშე ხელოსნებიც.
ხელფასის გარდა, მათ სთავაზობდნენ საცხოვრებელს, მაგალითად "ჰოსტელში აუზით“ ან ბინაში, ასევე სამჯერად კვებას, უფასო ინსტრუმენტებსა და სპეცტანსაცმელს.
2025 წლის შემოდგომისთვის მშენებლობა უკვე გაჩაღებული იყო. "კონსტრუქციულად მძიმე არ არის. ჯერ ვაშენებთ ორ სართულს, შემდეგ შენობას ნულიდან, ტექზედამხედველობა მკაცრი არ არის“, - ნათქვამი იყო მონოლითში მომუშავეების დაქირავების განცხადებაში. ანაზღაურებას "ნაღდი ფულით“ ჰპირდებოდნენ.
"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურები და შიდა სტრუქტურები აკონტროლებენ ფულად ნაკადებს, ამიტომ ყველაფერი პატიოსანი და გამჭვირვალეა“, - არწმუნებდნენ რეკრუტერები.
2026 წელს ვაკანსიების ხასიათი შეიცვალა: ახლა ობიექტისთვის ეძებდნენ ადამიანებს შიდა სამუშაოებისთვის - სანათების, სანტექნიკისა და კარების დასაყენებლად.
"ძალიან დიდი მოცულობებია, ბევრი ხალხია საჭირო, მაგრამ სპეციალისტები“, - წერდა ერთ-ერთი რეკრუტერი. ის აფრთხილებდა, რომ ობიექტი "დახურული ტიპისაა“ და ყველა თანამშრომელი უსაფრთხოების სამსახურის შემოწმებას გადის.
იმ მშენებლობებზე, სადაც "ტრანსსტროინვესტს“ მიჰყავდა "დახურული სამუშაოები“ გრიფით "საიდუმლო“, გენკონტრაქტორს ჰქონდა ეფ-ეს ბეს-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) ლიცენზია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად. თუმცა სუბკონტრაქტორებს ასეთი ლიცენზიები უკვე არ გააჩნდათ.
ახალი რეზიდენციის პროექტის მიკვლევა ღია წყაროებში გამოცემამ ვერ შეძლო. თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს რამდენიმე მსხვილი მშენებარე კორპუსი, თუმცა მხოლოდ გამოსახულებებით მათი დანიშნულებისა და სართულიანობის დადგენა შეუძლებელია.
ახალი კომპლექსის საერთო ღირებულებაც უცნობი რჩება, თუმცა სამუშაოების მასშტაბებზე მსჯელობის საშუალებას სამშენებლო ბრიგადების შეთავაზებები იძლევა. ბი-ბი-სის მიერ ნაპოვნ განცხადებებში ცალკეული კონტრაქტების ბიუჯეტი 500 მლნ, 400 მლნ, 250 მლნ, 150 მლნ და 90 მლნ რუბლს შეადგენდა.