ავტორი:

რა მოხდება, თუ იელოუსტოუნი ამოიფრქვევა?

რა მოხდება, თუ იელოუსტოუნი ამოიფრქვევა?

დაახლოებით 631 000 წლის წინ, მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევამ ის ტერიტორია შეაზანზარა, სადაც დღეს ჩრდილო-დასავლეთი ვაიომინგი მდებარეობს. სუპერვულკანმა ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ნაწილზე ფერფლი გაავრცელა და გლობალური კლიმატი შეცვალა.

თავისთავად ამ კატასტროფას არცერთი თანამედროვე ადამიანი არ შესწრებია. თუმცა, მსგავსი ამოფრქვევა დღეს რომ მოხდეს, შედეგების იგნორირება შეუძლებელი იქნება. იელოუსტოუნის სუპერამოფრქვევას აქვს პოტენციალი, ჩვეული ცხოვრების რიტმიდან გამოიყვანოს როგორც აშშ, ისე მთელი მსოფლიო.

  • და მაინც, რა მოხდება, თუ იელოუსტოუნი გაიღვიძებს?

ქვემოთ მოყვანილი ქრონოლოგია გაერთიანებული სამეფოს მეცნიერთა ვულკანოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით განვითარებულ, ჰიპოთეტურ, ყველაზე უარეს სცენარს აღწერს.

T-2 თვე (ამოფრქვევამდე 2 თვით ადრე)

დილის 6 საათის შემდეგ, ანალიტიკოსი, რომელიც იელოუსტოუნის სეისმურ აქტივობას აკვირდება, უზარმაზარი კალდერას ქვეშ მიწისძვრების უჩვეულო სერიას ამჩნევს.

იელოუსტოუნში ყოველწლიურად ათასობით მიწისძვრა ხდება და ბიძგების სერიები იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა, მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას მაშინ იჩენენ, როდესაც ეს ბიძგები ერთ ადგილზე კონცენტრირდება, ზედაპირისკენ გადაადგილდება ან სხვა ცვლილებებთან ერთად ვლინდება.

დამატებითი მონიტორინგი აჩვენებს, რომ მიწისძვრები იელოუსტოუნის კალდერას ქვეშ კონცენტრირდება, ფართობიც დაახლოებით 55–70 კმ-ს შეადგენს. კვლევის თანახმად, მეცნიერები ამ აქტივობას ამოფრქვევის გარდაუვალ მტკიცებულებად ჯერ არ მიიჩნევენ, თუმცა ვულკანზე დაკვირვებას აძლიერებენ.

T-1 თვე

ოთხი კვირის შემდეგ მიწისძვრების სერია გრძელდება და უფრო ზედაპირული ხასიათის ხდება.

GPS სადგურები აჩვენებენ, რომ ეპიცენტრის ზემოთ მიწის ზედაპირი ფართოვდება და იჭიმება, ხოლო დეფორმაციის გამზომი ინსტრუმენტები მზარდ დაძაბულობას აფიქსირებენ. მიწისძვრების, ნიადაგის დეფორმაციისა და ჰიდროთერმული სისტემის ცვლილებების ერთობლიობა აჩენს ეჭვს, რომ დედამიწის ქერქში შესაძლოა მაგმა გადაადგილდებოდეს.

იელოუსტოუნის ვულკანური საფრთხის დონე “ნორმალურიდან“ “საგანგაშო“ - მდე იმატებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიწისქვეშა მღელვარება ვულკანის ჩვეულებრივ ფონურ დონეს აჭარბებს.

ოფიციალური პირები მოსახლეობის ევაკუაციას და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გეგმების გადახედვას იწყებენ, თუმცა ამავდროულად პროცესების გაურკვევლობას უსვამენ ხაზს.

T-2 კვირა

სიტუაცია სწრაფად მწვავდება. მიწისძვრები უფრო ხშირი და ზედაპირული ხდება, ხოლო ვულკანური ვიბრაცია მიუთითებს, რომ სიღრმეში მაგმისა და მაღალი წნევის ქვეშ მყოფი სითხეების მოძრაობა იმატებს. მიწის წამოწევა ჩქარდება, ზოგიერთი GPS სადგური ნიადაგის დღეში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილებას აფიქსირებს.

იელოუსტოუნის ცნობილი გეიზერები არასტაბილური ხდება, ხოლო აირების ემისიისა და წყაროს წყლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება ვულკანური აქტივობის ზრდაზე მეტყველებს.

  • ამ ჰიპოთეტურ სცენარში მეცნიერები აცხადებენ, რომ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კატასტროფული ამოფრქვევის ალბათობა 85%-იდან 92%-მდე მერყეობს.

იელოუსტოუნის განგაშის დონე კვლავ იწევს, ხოლო აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავიაციის ფერად კოდს ნარინჯისფრამდე ზრდის. ავიალაინერები რეგიონს გვერდს უვლიან. იელოუსტოუნის ეროვნული პარკის საზღვრებს გარეთ დაახლოებით 100 კმ რადიუსში ევაკუაციის ზონა იქმნება, რაც დაახლოებით 200 000 ადგილობრივ მცხოვრებსა და ათასობით ვიზიტორს ეხება.

T=0 (ამოფრქვევის მომენტი)

იელოუსტოუნის რეგიონში ბზარები იხსნება და ზედაპირული მიწისძვრების მკვეთრი აფეთქების გამო, სეისმური ინსტრუმენტები მწყობრიდან გამოდის. განგაშის დონე წითელზე იცვლება, რაც საშიში ამოფრქვევის გარდაუვალობაზე მიუთითებს.

ამოფრქვეული მაგმა მიწისქვეშა ჰიდროთერმულ სისტემაში აღწევს, რითაც სწრაფად აცხელებს და ორთქლად აქცევს უზარმაზარი რაოდენობის წყალს. მძლავრი აფეთქებები, ატმოსფეროში, მაღლა ორთქლს, ტალახს, ფერფლსა და დაშლილ ქანებს ტყორცნის.

რამდენიმე საათის შემდეგ გაზით მდიდარი მაგმა ზედაპირს აღწევს. ტემპერატურამ შესაძლოა დაახლოებით 650-იდან 800 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწიოს.

ფერფლი ამოფრქვევის ადგილიდან ასობით მილზე ვრცელდება, მაღალი სიმაღლეზე ქარებს წვრილ ნაწილაკები ათასობით მილის დაშორებით გადააქვს.

ამოფრქვევის გაგრძელებასთან ერთად, ეპიცენტრთან უახლოესი ტერიტორიები სრულიად განადგურებულია, ფერფლის აშშ-ის ნაწილსა და სამხრეთ კანადაში იწყებს ცვენას. გზებზე გადაადგილება ჭირს, ხილვადობა უარესდება, ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის სისტემები იშლება.

ფერფლმა შესაძლოა დაფაროს სასოფლო-სამეურნეო მიწები რამდენიმე შტატში, რაც საფრთხეს შეუქმნის მოსავალს და პირუტყვს. იელოუსტოუნიდან დაშორებულ დიდ ქალაქებში შესაძლოა ცა დაბნელდეს, ჰაერი მომწამვლელი გახდეს და ინფრასტრუქტურა პარალიზდეს.

ამოფრქვევიდან სამი დღის შემდეგ, ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ნაწილზე ვულკანური ფერფლის მასშტაბური ცვენა დაიწყება. შესაძლებელია, რომ ატმოსფეროში ფერფლის სიმჭიდროვის გამო დღის სინათლე ბინდამდე შემცირდეს.

ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად, შესაძლოა გაითიშოს წყლის ტუმბოები, საკანალიზაციო სისტემები, გათბობა, საწვავის გასამართი სადგურები და საკომუნიკაციო ქსელები.

მომავლის ცივილიზაცია, რომელიც დედამიწას შეისწავლის, ზედაპირის ქვეშ უზარმაზარი კალდერის კვალს აღმოაჩენს და დაადგენს, რომ იქ ოდესღაც გიგანტური ამოფრქვევა მოხდა, რომელმაც შეცვალა პლანეტა, გარდაქმნა გლობალური კლიმატი და სიცოცხლის მასობრივი დანაკარგი გამოიწვია.

თუმცა გახსოვდეთ - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზაა.

წყარო