პოლონეთი ცენტრალურ ნაწილში მდებარე Starlink-ის სადგურზე გაჩენილ ხანძარს დივერსიულ აქტად მიიჩნევს - ამის შესახებ 24 სექტემბერს, ვიცე-პრემიერმა კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.

“დივერსიული აქტი მიზანმიმართულად იყო დაგეგმილი სადგურის მწყობრიდან გამოსაყვანად, რათა შეფერხებულიყო ინტერნეტზე წვდომა სხვადასხვა ინსტიტუტისთვის, მათ შორის უკრაინული არმიისთვის“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელ TVP-ს გავკოვსკიმ, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პოსტსაც იკავებს.
მისი თქმით, პოლონეთის სახელმწიფო ტელეკომუნიკაციების კომპანია Exatel-ის კუთვნილ სადგურზე ხანძარი ოთხშაბათს გვიან ღამით გაჩნდა.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ სადგური ინტერნეტტრაფიკის პოლონეთის გავლით, მათ შორის მეზობელი უკრაინის მიმართულებით გადასაცემად გამოიყენებოდა. მან ასევე დაამატა რომ არსებობს “მრავალი ინდიკატორი, რაც მიუთითებს, რომ ინციდენტი რუსეთის თავდასხმის ახალ დოქტრინაში ჯდება“.