“ნარკოდანაშაულში ბრალდებული სატვირთო მანქანის მძღოლმა, მეისამ რაჰიმმა გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო,“ - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
როგორც გიორგი გამხიტაშვილი აცხადებს, მას უკვე 23 კილოგრამი აქვს დაკლებული და არ აპირებს პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს.
ადვოკატი პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს და აღნიშნავს, რომ საქმე მიზანმიმართულად არ არის გამოძიებული და არ არის ჩატარებული რიგი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, რეალური დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ადვოკატის მტკიცებით, გამოძიება მხოლოდ “უდანაშაულო ადამიანის გაწირვით“ შემოიფარგლა.
“დღეს დილით (24.09.2026 წელს), უდანაშაულო სატვირთოს მძღოლმა - მეისამ რაჰიმმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის უპრეცედენტოდ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენის შემდგომ, გლდანის მე-8 საპყრობილეში შიმშილი დაიწყო!!!
მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, რომ შეწყვიტოს შიმშილი (პატიმრობაში ყოფნის პერიოდში უკვე 23 კილოგრამი აქვს დაკლებული), მეისამი კატეგორიულ უარს მიცხადებს შიმშილობის შეწყვეტაზე!!!
მე, როგორც მეისამ რაჰიმის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ამ მიზანმიმართულად გამოუძიებელი საქმის, გამოძიების პროცესში საჯარო მოხელეთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების არსებობის, უკანონო და სამარცხვინო განაჩენისა და ამ პატიოსანი მშრომელი კაცის ჩაგვრის ფაქტებზე, სრულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ საქართველოს მთავრობას და იმ რიგით და უმაღლეს თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩართულნი იყავით ამ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიმართ გამოძიების პროცესში და მიუხედავად ვალდებულებისა, მიზანმიმართულად არ გამოიძიეთ საქმე, არ ჩაატარეთ მთელი რიგი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, რეალური დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით და შემოიფარგლეთ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანის გაწირვით!
გპირდებით, რომ ადრე თუ გვიან, მეისამ რაჰიმის მიმართ განხორციელებულ უკანონობასა და ჩაგვრაზე თითოეული დამნაშავე წარსდგებით სასამართლოს წინაშე!!!
ახლა კი ილოცეთ, რომ ამ უდანაშაულო ადამიანს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ამ უსამართლობისა და უკანონობის ფონზე არაფერი დაემართოს!!!“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.