გაეროს ცნობით, რუსეთში დრონების აწყობაზე 25 000-მდე ჩრდილოეთ კორეელი მუშაობს, ხოლო მათი ანაზღაურების უდიდეს ნაწილს კიმ ჩენ ინის რეჟიმი ითვისებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მონიტორინგის მრავალეროვნული ჯგუფის (MSMT) ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთში 15 000-დან 30 000-მდე ჩრდილოეთკორეელი მუშა იმყოფებოდა. მათგან 1 000-მდე ადამიანი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე - მათ შორის სამხედრო ქარხნებში, ფოლადის საწარმოებსა და გემთმშენებელ ობიექტებზე იყო დასაქმებული.
ინფორმაციას უკრაინულმა გამოცემა “უკრაინსკა პრავდამა“ ადასტურებს. უკრაინულმა გამოცემის მონაცემებით ჩრდილოეთ კორეის 25 000-მდე მოქალაქე თათრეთში, “ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მუშაობს, სადაც ირანული “შაჰედის“ ტიპის დრონების რუსულ ვერსიებს აწყობენ.
ანალოგიურ მონაცემებს “რადიო თავისუფლებაც“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეელები “სტუდენტებად“ არიან დარეგისტრირებულნი გაეროს იმ სანქციების გვერდის ავლით, რომლებიც საზღვარგარეთ ჩრდილოეთ კორეის მუშახელის გამოყენებას კრძალავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელი მუშები დღეს მთელ რუსეთში არიან გადანაწილებულნი. ტრადიციული დასაქმების რეგიონებიდან (შორეული აღმოსავლეთი: ვლადივოსტოკი, ხაბაროვსკი და სახალინი) ისეთ ახალ მიმართულებებამდე, როგორებიცაა მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და ირკუტსკი.

მათი დასაქმების მთავარ ცენტრად თათრეთი, კერძოდ კი “ალაბუგას“ სპეციალური ეკონომიკური ზონა იქცა, რომელიც თითქმის ყველა საგამოძიებო მასალაში დამტყმელი დრონების აწყობის საკვანძო ჰაბად ფიგურირებს.
ჩრდილოეთ კორეელებს მასობრივად არეგისტრირებენ სტუდენტური და ტურისტული ვიზებით, რაც საშუალებას იძლევა დაიმალოს მათი რეალური სტატუსი და ლეგალიზდეს მათი საქმიანობა რუსულ კომპანიებში. ანგარიშში ნახსენებია მესამე ქვეყნების (მათ შორის ბელარუსის) შუამავლების როლიც, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში შესვლის ორგანიზებასა და მუშახელის გადანაწილებას.
აღნიშნული სქემა ფხენიანს მილიონობით დოლარის გამომუშავების საშუალებას აძლევს. ხოლო რუსეთს, სტრატეგიულ დარგებში მუშახელის დეფიციტის შევსებაში ეხმარება.
MSMT-ის მონაცემებით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი მუშების შრომის პირობები უკიდურესად მძიმეა და მას სრულად აკონტროლებს ფხენიანის ხელისუფლება.

ასეთი მუშის საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 7 500 დოლარია, თუმცა ამ თანხის თითქმის სრულ, ოფიციალურ ნაწილს ფხენიანი ითვისებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2025 წელს ჩრდილოეთ კორეამ საზღვარგარეთ, თავისი მოქალაქეების შრომით 800 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ეს სახსრები, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დაფინანსებას ხმარდება.