"პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.
"პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს.
"იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის. ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად. საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.
“საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა.ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით. დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი. თანამშრომლობის ამგვარი სულისკვეთება რეგიონისთვის ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.